მაღალი ხარისხის პროდუქტი რომ რეპრეზენტაბელური იყოს, ამისთვის შესაბამისი შეფუთვაა საჭირო. მუყაოს ან გოფრირებული ყუთი კი, რომელიც პრემიუმ ხარისხის მასალებითაა დამზადებული, ზუსტად ასეთ ვიზუალს ქმნის.
სწორედ მუყაოსა და გოფრირებულ ყუთებზე მაღალმა მოთხოვნამ მისცა ბიძგი კომპანია „ნიუ პაკს“, დაახლოებით 3 წლის წინ, რთულ საქმეს შესჭიდებოდა და ყუთების იმპორტი ჩინეთიდან, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან თითქმის სრულად ჩაენაცვლებინა ადგილობრივი წარმოებით. გამოწვევა ბევრი იყო: მსხვილი და უკვე აღიარებული კომპანიების ნდობის მოპოვება, ძვირადღირებული იტალიური ტექნოლოგიის დანერგვა და იმპორტირებული პროდუქციის ჩასანაცვლებლად ხარისხისა და ფასის შესაბამისობაზე ზრუნვა.
„ნიუ პაკის“ დირექტორი ალექსანდრე ჭადაშვილი განმარტავს, რომ მისია, რომელიც კომპანიას აქვს, სრულდება: ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნა წარმოება, რომელიც ქმნის ხარისხიან ყუთებს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის Crosty, „თიბისი კონცეპტი“, „ლიბერთი“, Beauty and the Box, „სუფთა სახლი“, „პალიტრა L”, „ჯოვანი მორა“ და სხვა. ეს კომპანიების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, „ნიუ პაკს“ ასობით ლოიალური დამკვეთი ჰყავს, რომლებმაც უცხოური კონტრაქტორი სრულად ჩაანაცვლეს ქართულით, უფრო მისაღებ ფასად და იმავე ან უკეთესი ხარისხის შესაფუთი მასალით.
„ბიზნესი, ფაქტობრივად, პანდემიის პერიოდში წამოვიწყეთ. სხვა გამოწვევებთან ერთად იყო ის პრობლემებიც, რომლებიც COVID-19-მა შექმნა, თუმცა სწორი სტრატეგიით მივედით იქამდე, რომ, ფაქტობრივად, არ დარჩა კომპანია, რომელიც ჩვენთან არ უკვეთს ყუთებს. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი წარმოების მუშაობა ქვეყანაში, ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილსა და ვალუტის ნაკლებ გადინებას,“ - აღნიშნა ალექსანდრე ჭადაშვილმა.
როგორც ის იხსენებს, კომპანიის მიმართ დაინტერესება კმაყოფილი მომხმარებლების მიერ ახალი დამკვეთების მოყვანით გაიზარდა.
„როცა ერთ დიზაინერს მოვემსახურეთ და ჩვენი პროდუქციით კმაყოფილი დარჩა, შემდეგ დავიწყეთ თანამშრომლობა სხვებთანაც და ისე მოხდა, რომ ახლა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების მიმართულებით, ქართული ბაზარი ათვისებული გვაქვს,“ - განგვიმარტა ალექსანდრე ჭადაშვილმა.
კითხვაზე, რა არის „ნიუ პაკის“ მთავარი უპირატესობა, კომპანიის დირექტორი გვპასუხობს, რომ ეს არის კონკურენტული ფასი, მაღალი ხარისხი და კომფორტი, რომელსაც მომხმარებელს პროდუქტის დამზადების პროცესზე თვალის დევნების შესაძლებლობა უქმნის.
„ისეთი სერვისის ადგილობრივი კომპანიისგან მიღება, რომელიც არათუ არაფრით ჩამოუვარდება უცხოურს, არამედ რიგ შემთხვევებში უკეთესიც კია, ბევრი კომპანიისთვის დიდი კომფორტია. ჩვენ გვიწევს ფასით ჩინურ პროდუქციას გავუწიოთ კონკურენცია, ხარისხით კი - ევროპულს. საბოლოო ჯამში, ორივე გამოგვდის და დამკვეთებიც კმაყოფილები რჩებიან,“ - აღნიშნა ალექსანდრემ.
„ნიუ პაკის“ ყველა პროდუქტი, იქნება ეს მუყაოსა თუ გოფრირებული ყუთი, საკვებთან თავსებადია. როგორც ალექსანდრე ჭადაშვილი განმარტავს, კომპანიაში ასევე მზადდება საბავშვო სამაგიდო თამაშები, რომლებიც 100%-ით უსაფრთხო და საკვებთან თავსებადი მასალისგანაა დამზადებული.
ვისთვის არის „ნიუ პაკის“ მომსახურება? - კომპანიის დირექტორის თქმით, იქნება ეს მსხვილი, საშუალო, მცირე ბიზნესი, სტარტაპი თუ ფიზიკური პირი - ყველას შეუძლია, ისარგებლოს „ნიუ პაკის“ სერვისით.
„ჩვენ სტარტაპებს განსაკუთრებულად ვეხმარებით, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური იდეების ხორცშესხმა და მათი წარმატება, ამიტომ, ვცდილობთ, მათზე მორგებული პირობები შევთავაზოთ. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესებს, მათთვისაც კონკურენტული შეთავაზებები გვაქვს. წინასაახალწლო პერიოდში, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რადგან შეკვეთების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რომელიმე სტარტაპს ან ფიზიკურ პირს ვერ მოვემსახურებით, „ნიუ პაკი“ მზადაა, ყველა დამწყებ თუ მსხვილ ბიზნესს ხელი შეუწყოს განვითარებაში,“ - აღნიშნა ალექსანდრე ჭადაშვილმა.
კომპანიის გეგმებში შედის სატრანსპორტო ყუთების წარმოების კიდევ უფრო გაფართოება და გაძლიერება. „ნიუ პაკი“ სატრანსპორტო ყუთებსაც აწარმოებს, იქნება ეს პიცის, ღვინისა თუ სხვა პროდუქციისთვის, შესაბამისად, კვების საწარმოებსა და ობიექტებს აღნიშნული მასალების იმპორტის ჩანაცვლება მარტივად შეუძლიათ.