ავტორი:

ქეთევან ჩხაიძემ მეუღლის მკვლელობის დაფარვა აღიარა - რა ვერდიქტი გამოიტანა სასამართლომ კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე?

ქეთევან ჩხაიძემ მეუღლის მკვლელობის დაფარვა აღიარა - რა ვერდიქტი გამოიტანა სასამართლომ კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე?

კასპში, მეუღლის - ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქეთევან ჩხაიძე გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ კახიშვილი და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ ამ წუთებში გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.

ქეთევან ჩხაიძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, მან დანაშაულის დაფარვა აღიარა, რაც შეეხება ზურაბ კახიშვილს, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული ხნის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლული მამაკაცის მეუღლე - 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი.