"სააკაშვილს აღენიშნება სტრესული აშლილობა - მთავრობას მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები მაღალი დოზებით" - ჯიშკარიანი

"სააკაშვილს აღენიშნება სტრესული აშლილობა - მთავრობას მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები მაღალი დოზებით" - ჯიშკარიანი

"ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული პრეპარატების საკმაოდ მაღალი დოზები დაუნიშნეს, რისი საჭიროებაც არ იყო.

როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორი გამოყენების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს „ფარმაკოლოგიური წამების სახეს და არასათანადო მოპყრობას“.

„იკვეთება არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება, როგორც მინიმუმ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დაწყებული, რომელიც ეხება ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას, რაც საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა.

საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები საკმაოდ მაღალი დოზებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო გაიდლაინებით არ საჭიროებდა ამ პრეპარატების დანიშვნას, რამაც გამოიწვია ე.წ. ნეიროლეფსიური სინდრომი. ამის მომსწრე და მნახველები გავხდით გორის ჰოსპიტალში პირველი ვიზიტისას.

მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული აშლილობა - პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, ასევე ნევროლოგიურად არის ე.წ. ვერნიკეს სინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენები.

ყველანაირი გაიდლაინის მიხედვით, აღნიშნული დიაგნოზები საჭიროებს მინიმუმ 4-8 კვირიან მკურნალობას. გაიდლაინის და პროტოკოლის მიხედვით პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ესაჭიროება 3-თვიანი მკურნალობის პერიოდი, ე.წ. ვერნიკეს სინდრომს სჭირდება 2-3 თვე.

არასათანადო მოპყრობისა და წამების სხვადასხვა ფაქტს ადგილი ჰქონდა, როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ასევე მე-18 დაწესებულებაში. ყველანარი საერთშორისო სტანდარტით, იმ მტრულ და სტრესულ გარემოში, სადაც ადამიანს ასეთი თავგადასავალი გადახდა, წარმოუდგენელია ადამიანის კვლავ დაბრუნება“, - აღნიშნავს მარიამ ჯიშკარიანი „მთავარ არხთან“.