ავტორი:

"დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და საქმის გარჩევა დაუწყიათ... 10-მდე ჭრილობა მიაყენეს" - რას ჰყვებიან სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე?

"დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და საქმის გარჩევა დაუწყიათ... 10-მდე ჭრილობა მიაყენეს" - რას ჰყვებიან სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე?

სანზონაში 15 წლის ბიჭი მოკლეს. AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი დათო კ-ს მეზობელმა უამბო, რომ მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, გოგონა გახდა.

"დათო და დედამისი გორიდან არიან ჩამოსულები და სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. დედას იქვე მაღაზია ჰქონდა და მკვლელობამდე მოზარდი მასთან იმყოფებოდა. მასთან 10-მდე ახალგაზრდა მისულა, დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და 207-ე სკოლის მახლობლად საქმის გარჩევა დაუწყიათ.

გარჩევას ჩხუბი და აყალმაყალი მოჰყვა, რის შემდეგაც მკვლელმა დათოს დანით 10-მდე ჭრილობა მიაყენა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეზობლები ჰყვებიან, რომ დაინახეს, როგორ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან 10-მდე ახალგაზრდა. როგორც ვიცით, მკვლელი იდენტიფიცირებულია" - გვიყვება გარდაცვლილის მეზობელი.

მომხდარის დეტალებს იხსენებს ღრმაღელის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მაკა კობრავა. როგორც ის ამბობს, ხმაური გაიგონა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ ბევრი ბავშვი მირბოდა.

"ზემოდან ბავშვებმა ჩამოირბინეს, რადგან ბიჭების ხმა იყოს ფანჯარასთან მივედი, მინიმუმ 10-15 ბავშვი იყო და სადაც დაჭრილი ბავშვი იყო, იქ მიირბინეს. ერთი ყვიროდა - სისხლისგან დაიცალაო.

ჩხუბი აქ არ მომხდარა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვაგან მოხდა და აქ ჩამოირბინეს. არცერთი ნაცნობი არ იყო, ამ უბნის ბავშვები არ იყვნენ. წაქცეული ბავშვი წელს ზემოთ შიშველი იყო, ალბათ ჭრილობას დახედეს. სასწრაფო და პოლიცია მალე მოვიდა, მაგრამ სანამ სასრწაფო მოვიდოდა მეზობელმა ჯიპში ჩაისვა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანა“,- განაცხადა კობრავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, დაკავებულია 2 პირი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს. მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს" - ნათქვამია განცხადებაში.