ავტორი:

მწვავე დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში და სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან - რას ედავებიან ორ აფხაზ ქალს, რომლებსაც "მილიცია" სახლში მიუვარდა

მწვავე დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში და სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან - რას ედავებიან ორ აფხაზ ქალს, რომლებსაც "მილიცია" სახლში მიუვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ დაწყებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ე.წ. ვეტერანების ცემას მოჰყვა, გრძელდება. სოხუმის ცენტრში "ხელმძღვანელობის" გადადგომის მოთხოვნით, აქციები იმართება.

მას შემდეგ, რაც "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ, "შს მინისტრი" დმიტრი დბარი "სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად" გადაიყვანა და "პოლკოვნიკის" წოდებაც მიანიჭა, რეგიონის მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა.

აფხაზების თქმით, დბარი, რომლის ბრძანებითაც ე.წ. ვეტერანებს, აფხაზეთის გმირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დასჯის ნაცვლად, დააწინაურეს და "ბევრად საპასუხისმგებლო საქმე ჩააბარეს". ბოლო დღეებში რეგიონში შექმნილი დაძაბულობა საზოგადოების სხვა წრეებზეც გავრცელდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცნობით, სოციალურ ქსელებში ე.წ. ხელმძღვანელობის კრიტიკის გამო, მილიცია სოხუმში, ახალ რაიონში მცხოვრებ ორ ადგილობრივს, ანგელა ბრანძიასა და ლოლიტა ხალვაშს სახლში შეუვარდა. მათი საცხოვრებლის გაჩხრეკის შემდეგ, დაკავებაც ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მეზობლებმა და ახლობლებმა ამის უფლება არ მისცეს.

ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებში შემთხვევის ადგილზე მომხდარი დაპირისპირების კადრები გაავრცელეს.

apsnypress.info-ს ცნობით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბრანძიას სახლის წინ ქალების მხარდამჭერებსა და მილიციელებს შორის დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ადგილზე "ტურიზმის მინისტრის მოადგილე", დათო ქაჯაია და "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" უფროსის მოადგილე, ზურაბ ქაჯაია მივიდნენ.

ადგილობრივების თქმით, დაძაბული ვითარების განსამუხტად, დათო ქაჯაიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასაფრთხილებლად რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც ერთ-ერთი პირი დაიჭრა. ამის შემდეგ, ბჟანია-ანქვაბის გუნდის მიმართ რადიკალურად განწყობილმა ოპოზიციური პარტიის, "აიდგილარას" ხელმღვანელმა, კან კვარჩიამ თავიანთ მხარდამჭერებსა და ზოგადად, მოსახლეობას იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდეს. ორ აფხაზ ქალს, ე.წ. სამართალდამცველები სოციალურ ქსელებში ანონიმური, "ანტისახელისუფლებლო" გვერდების მართვაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების თქმით, ანონიმი ინტერნეტმომხარებლები დასცინოდნენ, შეურაცხოფას აყენებდნენ და "შავ პიარს" უგორებდნენ ე.წ. ოფიციალურ პირებს.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, ორივე მათგანის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმეა აღძრული", რაც მმართველი ძალის წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.. ამის შესახებ სოხუმის "პროკურორის" მოადგილე ალიას ტრაპში აცხადებს. მისივე თქმით, ორივე მათგანის სახლიდან ამოღებული ნივთები "გამოძიებას" გადაეცა.

ოპოზიციონერი კან კვარჩია ამბობს, რომ თუ ასლან ბჟანია მისთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს და მომხდარს დეტალურად არ გამოიძიებს, თავისი წინამორბედივით "რევოლუციით" მოუწევს პოსტის დატოვება.

apsnypress.info-ს ცნობით, ვითარების დასამშვიდებლად საქმეში ჩაერია აფხაზეთის "პრემიერ-მინისტრი" ალექსანდრე ანქვაბი, რომლის თქმითაც, "ტურიზმის მინისტრის მოადგილე დათო ქაჯაია და შს მინისტრის მოადგილე, რაშ ცვიჟბა თანამდებობებიდან გათავისუფლებული არიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზურაბ ქაჯაია კი, ინცინდენტის შემდეგ, თავად გადადგა."

რეგიონის მოსახლეობის თქმით, "ვეტერანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ძველი დიდებით ვეღარ სარგებლობენ, ამიტომ ისინი ახლა ოპოზიციონერებთან ცდილობენ საერთო ენის პოვნას, რათა ერთობლივი ძალებით შეუტიონ ხელისუფლებას."

"დმიტრი დბარის შს სამინისტროსთვის ჩამოშორება ნიშნავს, რომ აფხაზეთში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ისევ კრიმინალები იღებენ. გუდაუთის კლანმა, რომელსაც ძალზე მჭიდრო ურთერთობა აქვს ვეტერანებთან, ვერ აიტანა მათზე მიტანილი იერიში. ბარცბა ვერ ეგუება იმას, რომ დბარი მისი გავლენის სფეროებს შეეხო. ახლა კი, წინააღმდეგობრივი ტალღის ასაგორებლად, ვეტერანების თემა იპოვა", - წერს ასტამურ წვიჟბა სოციალურ ქსელში.

"ყველა ხელმძღვანელობა, რომელიც არ იზიარებს მათ კრიმინალურ პოზიციებს, მიუღებელია ე.წ კანონიერი ქურდებისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სტაბილურობა მათ გარეშე მიუღწეველია. აქაურები ვხედავთ ყველაფერს და ვიცით, რომ აქ პოლიტიკა, ეკონომიკა, ტურიზმი და ყოველდღიურობა კრიმინალთან არის გადაჯაჭვული", - წერს სოხუმელი ვერონიკა აკირთავა.

"ნუ ნერვიულობთ, მალე რუსები მოვლენ, ჩვენ კი, ძალიან მორჩილები დავხვდებით... ბჟანიამ უკვე შეგვამზადა, რომ ჩვენ მოგვიწევს სუვერინეტეტის რუსეთთან გაყოფა. დამოუკიდებლობისთვის გაწეული ომიდან 30 წელში ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი ამბობს, რომ არაფრისთვის გვიბრძოლია, მინისტრებს კი, კანონიერი ქურდები გვინიშნავენ და გვიცვლიან", - მიაჩნია ადგილობრივ გუნდა ჭიჭინაძეს.