ავტორი:

კიმ ჩენ ირისა და ვლადიმერ პუტინის "ორგია" ფხენიანში - "იქ გატარებული სამი დღე სულ მემახსოვრება" - რა ისტორიას იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

კიმ ჩენ ირისა და ვლადიმერ პუტინის "ორგია" ფხენიანში - "იქ გატარებული სამი დღე სულ მემახსოვრება" - რა ისტორიას იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

პოპულარულ უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს გადაცემაში სტუმრად ჰყავდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად კი ვაშინგტონში კატონის ინსტიტუტის გლობალური თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის მკვლევარი, ანდრეი ილარიონოვი, რომელმაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ დელეგაციაში ყოფნისა და მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო ფხენიანში ვიზიტი, სადაც არნახული ტოტალიტარიზმი ნახა. ჟურნალისტმა ილარიონოვს ჰკითხა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასა და დაპატიმრებაზე, რაზეც რუსმა მკვლევარმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნება სააკაშვილის შეცდომა იყო.

  • "ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას, სადაც მოლაპარაკებებს ვმართავდით, რამდენიმე ნაწილად დაყოფილ წვეულებაზე მოგვიწია დასწრება და შევხვდი მეორე კიმს, კიმ ჩენ ირს.

წესით, ტრადიციულ ევროპულ ენაზე რომ ვთქვათ, ეს "ვახშამი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსად არასდროს მინახავს იმდენი დალევა, რაც იქ ვნახე. ეს იყო გრანდიოზოული ორგია", - იხსენებს ილარიონოვი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს "ორგიაში", მხოლოდ სვამდნენ თუ გოგონებიც მონაწილეობდნენ, რესპონდენტი პასუხობს - "ზუსტად ამას ვგულისხმობდი. ალბათ, მადლობელი უნდა ვიყო ბედის, რომელმაც ასეთი ისტორიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მომცა. ალბათ, წარმოდგენაც გამიჭირდებოდა, რომ ოდესმე ჩრდილოეთ კორეაში მოვხვდებოდი. ამის შესაძლებლობა არასდროს მომეცემოდა. იქ გატარებული სამი დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება", - ამბობს ილარაიონოვი.

  • მისივე თქმით, ფხენიანში ნახა განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ტოტალიტარიზმი, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს თანამედროვე რუსეთსა და ბელარუსთან:

"სტალინიზმის ეპოქაში არ მიცხოვრია, მაგრამ ვიცი და მომისმენია, რა ხდებოდა იქ. ის ყველაფერი ფხენიანთან ახლოს მაინც ვერ მივა. ვახშმის სუფრაზე 26 დასახელების კერძი იყო, მსგავსი რაოდენობის საკვები არც ერთ ქვეყანაში ოფიციალურ დელეგაციაში ყოფნისას არ მინახავს, მაქსიმუმ 5-6 დასახელების კერძი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ყველა არ გამისინჯავს.

ეს არის საშიში ქალაქი და ქვეყანა, რადგან ყველა ადგილობრივის თვალებში საშინლად ღრმა შიში და დაუცველობის განცდა იკითხებოდა, იმის გამო, რაც მათ და მათ ახლობლებს შეიძლება ნებისმიერ წუთს დაემართოთ. ამ შიშს ვერავინ გაექცევა, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს საშინელებაა. ის ტერორი, რომელიც იქ ხდება და ხდებოდა, წარმოუდგენელია. თუნდაც, რუსეთის დელეგაციის აეროპორტში გაცილებისას რაც ვნახე, როდესაც ჩვენს კორტეჟს აცილებდნენ.

არ ვიცი აეროპორტამდე რამდენი კილომეტრია, შესაძლოა, 15 ან 20, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ალბათ, მილიონი ჩრდილოეთ კორეელი იდგა, ყველა ქალი, არც ერთი მამაკაცი არ ერია. მათ ტრადიცული სამოსი ეცვათ და რამდენიმე რიგად იყვნენ ჩამწკრივებულნი. როდესაც კორტეჟი უახლოვდებოდათ, ბრძანება ჰქონდათ, ეყვირათ ჩრდილოეთ კორეულ ენაზე, ალბათ, რაღაც თბილი ფრაზები, "კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება", ან რაღაც მსგავსი.

ყვირილისა და სიმღერის გარდა, ისინი კორტეჟისკენ იწევდნენ, ესეც ბრძანების ნაწილი იყო. რაღაც მომენტში კორტეჟი გაჩერდა, ორივე მხარეს ქალები იყვნენ, რომლებიც ყვიროდნენ, თუმცა ზოგჯერ ჩერდებოდნენ და შევნიშნე, რომ უზომოდ მშივრები იყვნენ - ძალიან გამხდრები იყვნენ, სიგამხრდისგან მიწისფერი ედოთ, ალბათ, ცხოველური საკვები დიდი ხანია არც ენახათ. ვერც მიხვდებოდი მათ ასაკს. რაღაც მოძრაობის შემდეგ, ისინი იღლებოდნენ, ერთ-ერთი ქალი, საკმაოდ მაღლა შეხტა, რის გამოც, დაცვის თანამშრომელმა, ფიზიკურად კარგად მომზადებულმა, სახეში ძლიერად დაარტყა", - გაიხსენა ილარიონოვმა.

გორდონის კითხვას, ვინ ხელმძღვანელობდა ფხენიანში ოფიციალურ დელეგაციას, ილარაიონოვი პასუხობს, რომ ეს იყო ვლადიმირ პუტინი.

  • ამის შემდეგ, ჟურნალასტმა მიხეილ სააკაშვილზეც დაუსვა კითხვა - რას ფიქრობდა ამ სიტუაციაზე, ეცოდებოდა თუ არა ის, რაზეც ილარიონოვმა უპასუხა, რომ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებით შეცდომა დაუშვა.

"თუ გახსოვთ, როდესაც მას ბოლოს შევხვდით, ვურჩიეთ კიდეც, არ გაეკეთებინა ეს, არ წასულიყო თბილისში, ეს შეცდომა იყო. იმ რანგის პოლიტიკოსი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, პატიმრობაში ვერაფერს გააკეთებს, თუმცა ბევრის გაკეთება შეუძლია თავისუფლებაში", - ამბობს ილარიონოვი.

კითხვაზე, როგორია მისი მოლოდინი, გაათავისუფლებენ თუ არა სააკაშვილს და კიდევ სჭირდება თუ არა ის ვინმეს უკრაინის ხელმძღვანელობაში, ის პასუხობს, რომ არ იცის, გაათავისუფლებენ თუ არა; ხოლო უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის საჭიროებაში დარწმუნებული არ არის.

ილარაიონოვი კიდევ ერთხელ დასძენს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, თავის ხალხს, ქვეყანას, კოლეგებს, მეგობრებს, სარგებელი მოუტანოს, ამას აკეთებს თავისუფლებაში ყოფნისას, "პატიმრობაში ყოფნით ის ვერავის ეხმარება, პირიქით, პრობლემებს ამწვავებს... ძალიან მებრალება ის, მაგრამ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, არ შეიძლება ხელისუფლებებს ჩვენი სისუსტით სარგებლობის უფლება მივცეთ", - ამბობს ილარიონოვი.