რუსული მედია კვლავაც აქტიურად აშუქებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და მის სასამართლო პროცესებს. ამჯერად კიდევ ერთი სპეციალური სიუჟეტი მომზადდა რუსეთის ფედერალურ სატელევიზიო არხ ენ-ტე-ვე-ზე (НТВ). სიუჟეტის ტექსტური ვერსია კი გამოქვეყნებულია სათაურით: "რა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს საქართველოში?“.
"გორში დღეს 2 ღირსშესანიშნაობაა დიდი ბელადის იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი და სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება", - ასე იწყება რუსული არხის სიუჟეტი.
ჟურნალისტი, რომელიც გორშია ჩასული, სიუჟეტში ყვება:
"გორის ჰოსპიტალში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მეორე სართულის ყველა ფანჯარას გისოსები აქვს გაკეთებული. მესრის გასწვრივ ტროტუარზეც სიარული აკრძალულია, სიტუაციას დღე და ღამე პოლიციის პატრული აკონტროლებს. მთავრობა თავს იზღვევს ოპოზიციის შტურმის შემთხვევაში - ექსპრეზიდენტის მომხრეებმა პირობა დადეს, რომ მას გაათავისუფლებენ. საბაბის პოვნა იოლია: მაგალითად, გასულ კვირას ოპოზიციონერებმა დრონით ჰოსპიტლის ეზოში საეჭვო შავი ავტომანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც, მათი აზრით, რუსული სისტემა "გუმბათია“ (Купол) დამონტაჟებული რადიოსიხშირეების ჩახშობის მიზნით: "მიხეილ სააკაშვილს სპეციალურად ასხივებენ ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი მეთოდებით სწორედ რუსული სპეცსამსახურები მოქმედებენ“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, ექიმი გიორგი ჩალიძე.
"გუმბათი“ კოსმოსური მოქმედების სისტემას წარმოადგენს და მოიცავს იმ სამხედრო თანამგზავრებს, რომლებიც სარაკეტო თავდასხმის გაფრთხილებისას გამოიყენება. სად სქართველო და სად კოსმოსური თანამგზავრები? მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს ეს ნიუანსი არ აინტერესებთ. ისინი სწორედ დასხივებით გამოწვეული ფსიქოზის ვერსიით ამართლებენ მიხეილ სააკაშვილის უცნაურ განცხადებებს, როცა იგი საკუთარ თავს საქართველოს მეფეებს ადარებს, როცა რუსი ტურისტები არ მოსწონს და როცა თანხების ფლანგვის გამო საკუთარი ცოლის დაკავებასაც ითხოვს".
მასალაში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ 2007 წლის მიტინგის დარბევის შესახებ დაწყებული სასამართლო განხილვა გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ გამართული მიტინგის დაშლით დასრულდა და რომ შედარებით მშვიდობიანად იქნა გნხილული საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე.
ტელეარხს, ტრადიციულად,"საქინფორმის“ მთავარი რედქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ჰყავს ჩაწერილი, რომელიც პრორუსული პოზიციით და სააკაშვილისადმი დიდი ანტიპათიით გამოირჩევა.
ჟურნალისტის აზრით კი:
"ამ დაუსრულებელ შოუს დასავლელი მაყურებლებიც ჰყავს - ვაშინგტონი და ბრიუსელი თავდაპირველად ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორ უნდა მოეხდინათ რეაგირება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე. ოფიციალური თბილისი ცდილობს, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ კეთილად განწყობილ დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი სახე აჩვენოს. ვის მიმართ აქვს მეტი ნდობა დასავლეთს? უკვე ორი თვე გავიდა და დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის ბრძოლის შედეგი აშკარად გამოიკვეთა - დასავლეთი ბოტოქსისა და ეპილაციის მოყვარულ კომედიანტს არ ენდობა. ალბათ, ამას მიხეილ სააკაშვილიც ხედავს, რომელიც უკვე უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს. ამასობაში კი საქართველოს მთავრობა თავის ევროატლანტიკელ პარტნიორებთან კვლავ ნატოს წევრობაზე მსჯელობს, რომელიც ამერიკამ და ევროპამ აღუთქვეს.
სიტუაცია ისეთია, რომ დასავლეთს ამჟამად საქართველოში რაიმე რყევები და მღელვარებები არ აწყობს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები მესამე თვეა ხელისუფლების დამხობით იმუქრებიან. ამ მდგომარეობიდან ყველაზე მიზანშეწონილი გამოსავალი ის იქნებოდა, რომ ექსპრეზიდენტი იქ დაბრუნდეს, საიდანაც საქართველოში ჩავიდა. თუმცა ბოლო დროს კიევი ჩუმადაა - უკრაინამაც კი შეწყვიტა მოთხოვნები თავისი მოქალაქის დეპორტაციის მიზნით".
მოამზადა სიმონ კილაძემ