ცნობილი პუბლიცისტი, ჟურნალისტი და ფილოლოგი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ. როგორც ბატონი თამაზის პირად გვერდზე წერენ, პუბლიცისტი ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსს ებრძოდა.
თამაზ ტყემალაძე 1949 წლის 29 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში დაიბადა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ტელე-რადიოკომიტეტში იყო რადიო ლიტერულ გადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურის ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი. ტელევიზიასა და რადიოში მიყავდა საავტორო გადაცემები.
წლების განმავლობაში ეწეოდა პედგოგიურ საქმიანობას.
"დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თქვენი ამაგი ჩემდამი შეუფასებელია! ახლა უკვე იქ გაგიმარჯოს, ზეციურ საქართველოში, ჩემო უფროსო მეგობარო თამაზ ტყემალაძე" - წერს "ფეისბუქში" მიშა დევიძე.
ასევე მადლობას უხდის ბატონ თამაზს მისი ერთ-ერთი ნამოწაფარი ქეთი გრატიაშვილი: "მადლობა ყველაფრისთვის! თითოეული ლექცია და თქვენთან ერთად გატარებული დრო - ოქროს ხანად დარჩება ჩემი ცხოვრების ისტორიაში..."
თამაზ ტყემალაძე 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, დაჯილდოვდა ღირსების მედლით.