თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
დღევანდელ პროცესზე აღნიშნული ბრალდების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს ბრალდებული მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ჩვენების მიცემისას წაიკითხა ის მუხლები, რაც მას და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად აქვთ შერაცხული. მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ მუხლების წაკითხვით აყალიბებს მოსაზრებას, თუ რასთან აქვთ ზოგადად საქმე.
აღნიშნული მუხლების წაკითხვა გააპროტესტა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა, რასაც მის მიმართ ადვოკატის შენიშვნა მოჰყვა.
ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სხდომაზე პროკურორის მისამართით აღნიშნა, რომ შემდგომ სხდომაზე სამართლებრივ საქმეზე “ლექციებს წაიკითხავს”.
პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა კორძაძეს უთხრა, რომ “ლექციები სახლში წაიკითხოს”.
“წესიერად ილაპარაკე, რას ნიშნავს სახლში წავიკითხო. მე მივმართავ მოსამართლეს”.- უპასუხა კორძაძემ პროკურორს.
“ბატონო მოსამართლე, დაცვის მხარე ვითომ თქვენ გელაპარაკება და ამ დროს მე მიყურებდა”, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ამასთან, პროკურორს ბადრი ჯაფარიძემაც მიმართა.
“აგრესია გაქვთ, იმიტომ, რომ იცით, რა სიბინძურეშიც ხართ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მოსამართლემ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"ნუ შეხვალთ ერთმანეთთან პოლემიკაში და ამ ყველაფერს ნუ გადაზრდით ჩხუბში“ - მიმართა მოსამართლემ მხარეებს.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.