კორონავისის ახალი შტამი 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის გადამდებ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა აღმოაჩინა და ამის თაობაზე საჯარო განცხადებაც გააკეთა. ჯანმო-მ მას სახელად "ომიკრონი" მიანიჭა.
სამხრეთ აფრიკის მთავარი ჰოსპიტალის მონაცემებთ, კოვიდის შემთხვევების რიცხვი იზრდება, მაგრამ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები - შემცირებულია.
სამხრეთ აფრიკის პრეტორიას კლინიკამ, 14-დან 29 ნოემბრამდე სულ 166 კოვიდპაციენტი მიიღო. ამჟამად კორონავირუსით დაავადებულთა განყოფილებებში 42 პაციენტი მკურნალობს.
სამხრეთ აფრიკელი ექიმი, ანჯელიკ კოეტზი, რომელიც მედიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვირუსის ახალი ვარიანტის წარმოქმნის შესახებ ეჭვები გამოთქვა. კოეტზის ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი კლინიკის 7 პაციენტს, დელტა ვარიანტისგან განსხვავებული სიპტომები აღმოაჩნდა.
"პაციენტები უმეტესად იმის გამო აკითხავდნენ კლინიკას, რომ საშინელი დაღლილობა აწუხებდათ, ასევე უჩიოდნენ ყელის "ფხაჭნას“ და მშრალ ხველას“, - აცხადებს კოეტზი. მისივე თქმით, ყველა მათგანი ექვემდებარებოდა შინ მკურნალობას.
"ომიკრონის“ უკვე ათასობით შემთხვევაა დაფიქსირებული 38 ქვეყანაში. თუმცა ამ შტამის შედეგად სიკვდილის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ "ომიკრონი“ "შეშფოთების ვარიანტად“ გამოაცხადა, მაგრამ ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდა და თქვა, რომ იმის გარკვევას, თუ რამდენად საშიშია და გადამდები ეს ვარიანტი, კიდევ ორი კვირა დასჭირდება.
პარასკევს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაიის სპიკერმა, ქრისტიან ლინდმეიერმა ქვეყნებს მოუწოდა, უკვე დაეწყოთ მზადება ახალ ვარიანტთან საბრძოლველად - "დარწმუნებულები ვართ, რომ "ომიკრონი“ გავრცელდება და ჯობია, ჯანდაცვის სისტემა მზად იყოს მასთან შესახვედრად.“
მოამზადა ანა სიბოშვილმა