თუ ინტერნეტ ლაბირინთებში შენც ახლართულხარ, ფეისბუქი კი უკვე Fakeბუქად გექცა, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს - 10 დეკემბრიდან palitravideos-ს მაყურებლებსა და „მითების დეტექტორის“ ფეისბუქ-გვერდის გამომწერებს მსახიობები - ბაია დვალიშვილი და სანდრო გაბისონია ამ ლაბირინთებში გარკვევაში დახმარებას გვპირდებიან. მინისერიალის იდეა „მითების დეტექტორში“ - მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პლატფორმის რედაქციაში გაჩნდა, რომელიც ყალბი შინაარსის გამოვლენის მიმართულებით 2014 წლიდან მუშაობს. „მითების დეტექტორი“ ბაია დვალიშვილთან და სანდრო გაბისონიასთან ერთად „ღამის შოუს სტუდიასთან“ თანამშრომლობით 11 მინისერიას მოამზადებენ, რაც საინფორმაციო ლაბირინთებში ნავიგაციაში დაგეხმარებათ.
თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეების ჩართულობა ამ პროცესში, ამაზე სანდრო გაბისონია გვესაუბრება:
„პროექტი ისეთ თემას ეხება, რომლის პირისპირ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს და ეს თემა ძალიან დრამატულადაც შეეხოს. ფეიკნიუსი არ არის მხოლოდ უწყინარი ხუმრობა, ან რაღაც მარკეტინგული ხრიკი, რომ ნაკლებად დამაზიანებელი იყოს. უფრო ღრმა თემაა მთლიანად საზოგადოებისთვის. შესაძლოა, ფსიქიკურ დონეზეც მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ცუდია, რომ ეს ყველაფერი თანდათან დიდ მასშტაბებს იძენს, რადგანაც ამ მედიების მოცულობა და გავლენა სულ უფრო იზრდება. აუცილებელია, ადამიანებმა ტყუილ-მართლის გარჩევა შეძლონ და ამისთვის გზები მოიძიონ“.
სანდრო გაბისონია საუბრობს იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს რეალურისა და გამოგონილის ერთმანეთისგან გარჩევა:
„ამისთვის ბევრი ხერხი არსებობს და იმ ვიდეოებში ზუსტად ამაზე ვყვებით. პირველ რიგში, უნდა გადავამოწმოთ წყაროები. ბევრი რამ გამოცდილებითაც მოდის, ადამიანი რაღაცებს თვითონაც ხვდება. უმრავლესობამ უკვე იცის კიდეც, რა ტიპის საიტებს უნდა ენდოს. მათი სანდოობა როგორ გადაამოწმოს“.
ზოგჯერ კრიტიკულად განწყობილი მკითხველიც შეიძლება, ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ამოჩნდეს, ამაზე მსახიობს ასეთი პასუხი აქვს:
„ცხადია, ვვითარდებით ჩვენ და ვითარდება ფეიკნიუსიც. ყალბი ეკაუნთები, ტროლები, ბოტები საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და ფეიკების გავრცელებისას არ მიჰყვებიან მთავარ სააგენტოებს, რომელთა ინფორმაცია სანდოა. თუმცა ხანდახან შეიძლება, ამ სანდო საიტებსაც გეპაროთ ცრუ ინფორმაცია, მაგრამ ისინი ამაზე შემდეგ ბოდიშს იხდიან.
სანდროს თქმით, ის ბაია და დვალიშვილთან ერთად მინისერიალში ათამაშებს ამა თუ იმ რეალურ ამბავს, რომელიც უკვე მომხდარია.
ბაია დვალიშვილი:
- ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ფაქტია, რომ ადამიანებს ბევრ რამეში (ინფორმაციის მიღება, სწავლა-განათლება, გართობა) ეხმარება. ყველანი, ასაკის მიუხედავად, ჩართულები ვართ და დამოკიდებული ინტერნეტზე. ამ ინფორმაციის მოძალებისას ბევრი ტყუილ-მართალიცაა თავსმოხვეული. მათგან ისეთი წყაროებია, რომლებიც თავის სასარგებლოდ, როგორც რეკლამას, არასწორ ინფორმაციას ისე გთავაზობს. ეს ეხება, პარფიუმერიას, საკვებ პროდუქტს, პოლიტიკას, მსოფლმხედველობას, ამინდს, კლიმატს... ყველაფერი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ნათქვამია - ჭორი რაც უფრო აბსურდულია, მით სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ფეიკნიუსებით, ბოტებით, ტროლებით ადვილად აჯერებენ ადამიანს...
- თქვენზე, როგორც ცნობილ ადამიანზე, რაიმე აბსურდული ამბავი თუ წაგიკითხავთ?
- სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვაღიზიანებ და ჩემზე აბსურდულ რაღაცებს წერენ. კარგია, რომ ჩემი 15 წლის გოგონა ამ ყველაფერს ღიმილით უყურებს. მეც იუმორით რომ არ შევხედო, ალბათ დიდი სიბრაზე შემიპყრობს... რაიმე მსგავსს რომ წავიკითხავ, მერე იმ ფეისბუკმომხმარებლის გვერდზე გადავდივარ. მათგან 80-90% უჩინარი ადამიანია, არარსებული...
სამწუხაროა, რომ ამ ტროლ-ბოტების ნამოქმედარს ზოგჯერ ადამიანი თვითმკვლელობამდე მიუყვანია, ოჯახები დანგრეულა. ამის გამო ყველანაირი საშიშროება მოდის, კი იმ დიდი ძალისგან, რომლის გარეშეც ჩვენ ვეღარ ვცხოვრობთ. ამიტომ, ამ ყველაფრის გაფილტვრა აუცილებლად უნდა მოხდეს.
„მითების დეტექტორი“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია. ადამიანებმა უნდა ჩართონ და უყურონ სერიალს, სადაც ნელ-ნელა მივაწვდით იმ ინფორმაციას, თუ როგორ დააღწიონ თავი ცრუ ინფორმაციას. ამის ახსნას გასაგებ ენაზე შევეცდებით“.
თემასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი გვიზიარებს. მისი თქმით, „ფეისბუქი“ თავისი არსით პლურალისტური პლატფორმაა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ იყოს იდეათა თავისუფალი გაზიარება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ მედიას არ აქვს პროფესიული რედაქტირების ფუნქცია და არ გადის იმ პროცესს, რასაც ტრადიციული მედია, არ ხდება წყაროებში ინფორმაციის გადამოწმება, ამიტომ ბევრი ამ დემოკრატიული პლატფორმით ბოროტად სარგებლობს.
„ახლა „ფეისბუქმაც“ დაიწყო ფაქტების გადამოწმების პროგრამა, რომლის პარტნიორი საქართველოში „მითების დეტექტორია“. მისი მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ალტერნატიული ინფორმაცია და სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომი არ იყოს მხოლოდ ერთი წყაროს მიერ გაზიარებული მონაცემები, რაც შეიძლება თავისი არსით არ იყოს სწორი. ეს შეიძლება შეეხოს არა მარტო პოლიტიკურ საკითხებს, არამედ ყოფითსაც, იმავე მკურნალობას, მედიცინას და ასე მოხდეს საზოგადოების აზრით მანიპულირება,“ - აღნიშნავს ქალბატონი თამარი. მისი თქმით, ზოგადად ადამიანებს სიახლეების მიმართ შიშები აქვთ (იმავე ვაქცინაციასთან დაკავშირებით). ეს ბუნებრივი შიშია, მაგრამ არიან გარკვეული ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ამ შიშების ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ. ამ ანეკდოტურ მტკიცებულებებს, დამახინჯებულ ფაქტებს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული მასალებით უნდა ვუპასუხოთ.
„ამერიკელი დიპლომატის სიტყვებია, - ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ არა საკუთარი ფაქტი. ფაქტი ის არის, რაც გადამოწმებას ექვემდებარება. ამ პროექტის მიზანიც ისაა, რომ საზოგადოება მეტად ინფორმირებული იყოს, არჩევანი თავად გააკეთოს, რადგან ინფორმირებული საზოგადოება ხელს უწყობს დემოკრატიულ პროცესს. გადაწყვეტილებაც ადამიანმა უნდა მიიღოს სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სოციალურმა მედიამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა ის, რომ ყველა ადამიანი იყოს მედიაწიგნიერი, რომ საზიანო ინფორმაცია გონებაში გაფილტროს. ამ უნარების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ერთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს,“ - განმარტავს თამარ კინწურაშვილი.
მართლაც, იმდენად დიდია ეს ინფორმაციული ნაკადი, რომ ხშირად ადამიანებს არ აქვთ გადამოწმების დრო და მათი ნაცნობი ადამიანების მიერ გაზიარებულ პოსტს აზიარებენ, რადგან ენდობიან და დროც არ აქვთ, მისი სისწორე დააზუსტონ. ამიტომ უნებლიედ შეიძლება სხვები შეცდომაში შეიყვანონ.
„სწორედ ამ კომუნიკაციის მოდელის ცვლილებამ განაპირობა ის, რომ ადამიანებმა თვითონ მოირგონ მედიის ფუნქცია, სკეპტიკური კითხვების დასმა, დაეჭვება და კრიტიკული აზროვნება განუვითარდეთ. მინისერიალის ყოველი სერია დაეყრდნობა ჩვენ მიერ პრაქტიკაში გამოვლენილ მაგალითებს. შევეცდებით, პოპულარული ენით, ბაიასთან და სანდროსთან ერთად, ამბები მივაწოდოთ ფართო აუდიტორიას, რომლის დახმარებითაც თვითონ შეძლონ, ასეთი ტიპის პრობლემური შინაარსის იდენტიფიცირება.
მოსაზრება და ფრაზა, რომ „მედიაში ყველა იტყუება“, საბოლოო ჯამში, აზიანებს ტრადიციულ მედიასაც. ადამიანი ვიღაცას ხომ უნდა ენდოს და გაარჩიოს სანდო არასანდოსგან?!“ - დასძენს ქალბატონი თამარი.
მნიშვნელოვანია, რომ მინისერიალი USAID-ის და Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. მიხეილ ბენიძე საქართველოს ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელია, რომელიც თემასთან დაკავშირებით საკუთარ განმარტებას აკეთებს:
- „მითების დეტექტორის“ მინისერიალი USAID-ის მხარდაჭერით მზადდება, პროექტის ფარგლებში, რომელსაც Zinc Network-ი ახორციელებს და რომლის მიზანია, საქართველოში დეზინფორმაციისადმი მდგრადობის გაზრდა. თავად დეზინფორმაცია მართლა დიდი გამოწვევაა არა მარტო საქართველოში. ეს პრობლემა სამწუხაროა, რომ არსად მიდის და არც მომდევნო პერიოდებში წავა სადმე. ამიტომ საზოგადოების მანიპულაცია მარტივად არ უნდა შეძლონ. ჩვენი პროგრამა იმისთვისაა, ხელი შეუწყოს ისეთ პროექტებს, რომ საზოგადოება შეამზადოს, არ გახდეს დეზინფორმაციის მსხვერპლი.
ერთია, როდესაც დეზინფორმაცია ვრცელდება და შემდეგი მისი გაქარწყლების მცდელობაა, საზოგადოებისთვის ახსნა, რომ ყალბი ამბავი გავრცელდა, რაც საზიანოა. მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ გავრცელება უფრო „ეფექტიანად“ ხდება, ვიდრე მისი გაქარწყლება.
ამბავი თავისთავად ემოციაზეა აგებული. ამიტომ მთავარია, არ ავყვეთ უცებ იმ ემოციას და გაქარწყლება და ამ ყველაფრის ახსნაც ემოციის გარეშე უნდა მოხდეს, რაციონალურ, სამეცნიერო არგუმენტებზე დაყრდნობით.
მიხეილ ბენიძის თქმით, საზოგადოება უნდა შემზადდეს ისეთ თემებზე, სადაც დეზინფორმაციას პოსტ-ფაქტუმ კი არ შევებრძოლებით, წინასწარ გვექნება საშუალება, გავამყაროთ აღქმები და განწყობები, რომ არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლი. მიზანი ის არის, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს უნარები, გადაამოწმოს და ამის გარეშე ინფორმაცია არ მიიღოს.
„ამიტომ ასეთი დეზინფორმაციების გაქარწყლების ვიდეოებს, რომელიც „მითების დეტექტორმა“ მოამზადა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ. კარგი ინიციატივაა და საინტერესოა საზოგადოებისთვის. თითო სერია არ გადაწყვეტს პრობლემას, გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ იმედი მაქვს, ხელს შეუწყობს გარკვეული ადამიანების დაეჭვებას, - ხომ არ შეიძლება დეზინფორმაციის მსხვერპლი გავხდეთ.
ძალიან მომწონს და მიხარია, რომ „პალიტრა“ ამ პროექტის პარტნიორია, რადგან ძნელია, მხოლოდ „ფეისბუქის“ მეშვეობით მიწვდე ადამიანებს, განსაკუთრებით იმ საზოგადოებას, რომელიც მოწყვლადია. „პალიტრის“ პლატფორმების დახმარებით კარგი იქნება, ადამიანებისთვის ხმის მიწვდენა, რადგანაც თქვენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მაყურებელი და მკითხველი გყავთ.
____
მედიის განვითარების ფონდი (MDF), რომელიც 2008 წელს პროფესიონალ ჟურნალისტთა ჯგუფმა დააფუძნა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში მედიამონიტორინგის, კვლევებისა და კომუნიკაციების მიმართულებით, სპეციალიზებული ყალბი მედია კონტენტის ამოცნობასა და გადამოწმებაში. ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების პროგრამებების ფარგლებში, MDF მიზნად ისახავს მედიამოხმარებელში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობას.
R