"ლიტერატურა ეს არის ჩემი სამყარო, ჩემი ჰაერი, ჩემი აღტაცებაც და სინანულიც" - ამ სიტყვების ავტორი ლიტერატორი, პუბლიცისტი, პედაგოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძეა. ბატონი თამაზი ლიტერატურით ცხოვრობდა და ამ დარგს მთელი ცხოვრება დიდი სიყვარულით ემსახურებოდა.
"კომპიუტერი რამდენიმე წელია გააქტიურდა, მანამდე იყო ტელევიზორი, თუმცა, ვინც წიგნებთან თავიდანვე იყო დაკავშირებული, მას ვერაფერი შეუცვლის. წიგნს მაგიური ძალა აქვს და ადამიანისთვის ძალიან ახლობელია" - ესეც თამაზ ტყემალაძის სიტყვებია და ნაწყვეტი ასევე ერთ-ერთი ინტერვიუდან...
სამწუხაროდ, ეს ადამიანი გუშინ კოვიდით გარდაიცვალა... მისმა გარდაცვალებამ დაამწუხრა ოჯახი, მეგობრები, კოლეგები, ახლობლები, მოსწავლეები...
"ჩემო თამაზ, ხელთა მაქვს ჩვენი სტუდქალაქური ცხოვრების საოცარი რელიკვია: ხელნაწერი ჟურნალი "ფაზისი" - შენი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი... "მე-15 ოთახის ახალგაზრდა მწერალთა კავშირის ორგანო"... მთავარი რედაქტორი თამაზ ტყემალაძე... ჩვენი ძვირფასი ავთო გაფრინდაშვილის გაფორმებული... რედკოლეგიის წევრები - ავთო გაფრინდაშვილი და მიხა არაბული იქ გიმასპინძლებენ... მე და თამაზ ხმალაძე აქ დაგტირით... მშვიდობით, დიდო კაცო! თუმცა რა, ნახვამდის" - დაწერა სოციალურ ქსელში ენათმეცნიერმა გიორგი გოგოლაშვილმა.
თამაზ ტყემალაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, პედაგოგის ოჯახში დაიბადა. სკოლა იქვე დაამთავრა და სწავლა ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა. ლიტერატურა კი, მისთვის ყველა ეტაპზე, როგორც უკვე ვთქვით, მნიშვნელოვანი იყო - მაშინაც, როცა სწავლა ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო და შემდეგაც, როცა ტელე-რადიო კომიტეტში რადიოს ლიტერატურულ გადაცემათა რედაქტორად დასაქმდა... წლების მანძილზე იყო ასევე ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურის ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი. ტელევიზიასა და რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემები.
Ambebi.ge-ს ბატონი თამაზის ნათლული, ჟურნალისტი და მწერალი ლექსო ქურხული ესაუბრა:
- ჩემი უშუალო პედაგოგი არ ყოფილა, მაგრამ პედაგოგი იყო ცხოვრების მანძილზე, რადგან სულ მქონდა მასთან ურთიერთობა და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი, ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. მას იცნობენ როგორც პედაგოგს, არაჩვეულებრივ ლიტერატორს, ტელეჟურნალიტს და უამრავი გადაცემის ავტორს, რომლის 99% ქართულ ლიტერატურას ეხებოდა. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ეპოქაში ციფრულ „მატარებლებზე“ დარჩა მისი უამრავი გადაცემა, ლექცია, რაც მდიდარი და ძალიან საინტერესო ლიტერატურული მემკვიდრეობაა. მას ჰქონდა ასევე დიდი რაოდენობით ჩანაწერი (ჰაგიოგრაფიით დაწყებული თანამედროვე ლიტერატურით დამთავრებული), რომელიც რატომღაც არ გამოუცია. ამ ადამიანის ლიტერატურული მემკვიდრეობის მიუხედავად, არის კიდევ უამრავი ბავშვი, რომელიც მან აღზარდა. თამაზი მათი პედაგოგი იყო. მჯერა, ისინი (ათასობით სხვადასხვა თაობის ადამიანი) ძალიან ნიჭიერები და განათლებულები არიან, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ბევრს შესძენენ... ერთხელ ასეთ ეპიზოდს შევესწარი - მოსწავლეების თემები ჰქონდა გასასწორებელი - დაახლოებით 70-მდე ნამუშევარი. დავალებად კი მიცემული ჰქონდა - "ემიგრაციაში უკეთესი ცხოვრების საძებნელად წავედი. თქვენ უნდა დაწეროთ ტექსტი, რომელიც მე ჩამომიყვანს და სამშობლოში დამაბრუნებსო".
ბავშვებს ფიქრის საშუალება მისცა. ისე დაემთხვა, რომ იმ დღეს კაბინეტში შევუარე და შემომთავაზა - ერთად გავასწოროთო. ვკითხულობდით და მახსოვს, საოცარი ტექსტები იყო. ფიქრს ასე აჩვევდა და პატრიოტიზმის გრძნობას უვითარდება. პატრიოტი იყო ამ სიტყვის სრული გაგებით და ეს ნამდვილად არ არის გადაჭარბება.
- დასანანია, რომ მისი სიცოცხლე ამ მძიმე ვირუსმა შეიწირა...
- ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მხრივ ცოტა სუსტად იყო, გარეთაც იშვიათად გადიოდა... სამწუხაროდ, კოვიდი ვერ დაძლია... ძალიან ვწუხვარ...
- თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე - თავისი ცხოვრებით რას მიგახვედრათ? რაში დაგარწმუნათ?
- მისი ხასიათის მთავარი შტრიხი ის იყო, რომ ძალიან კეთილშობილი იყო. ამასთან, ჰქონდა უნარი მოეთხრო რაიმე ამბის, ფაქტის შესახებ ქართული ლიტერატურიდან ისე, თითქოს თვითონ იყო იმ ყველაფრის მონაწილე. თითქოს იმდროინდელ პერსონაჟებს, გასული საუკუნეებიდან კარგად იცნობდა, იმავე რუსთაველის ეპოქიდან... დროს აქრობდა და ყველაფერი მარადიული ხდებოდა, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობდით... ამ ადამიანთან ურთიერთობით ცოტა უკეთესი ხდებოდი, სხვა ჭრილში აღვივებდა შენში კეთილშობილებას. მასთან რაც უფრო ხშირად ურთიერთობდი, შენთვის მით უკეთესი იყო. ბევრი კარგი რჩევა მოუცია...
- საუბრის მშვიდი ტონი, დამაჯერებელი თხრობის უნარი ჰქონდა და ვფიქრობ, ესეც მისი კიდევ ერთი გამორჩეული თვისება იყო...
- გეთანხმებით, მშვიდი თხრობა ახასიათებდა და ეს სულაც არ გულისხმობდა მონოტონურობას. არტისტული ადამიანიც გახლდათ, ქარიზმა ჰქონდა. ბევრის მონუსხვა შეეძლო და ზუსტად ამის საშუალებით უამრავი მსმენელი ჰყავდა... რამდენიმე წელი ერთ გადაცემაზე ვმუშაობდით და ჩვენი საქმიანი თათბირები, რომლებიც გადაღების დაგეგმვისას გვქონდა, ხშირად რამდენიმე საათიან ლიტერატურულ საღამოებად გადაიქცეოდა ხოლმე. დრო როგორ გადიოდა, ვერ ვგრძნობდით...
დღემდე გაოცებული ვარ, მისი კიდევ ერთი ნიჭის გამო - სულ მაინტერესებს, როგორ შეეძლო ტექსტის მომზადების გარეშე ლიტერატურიდან ნებისმიერ თემაზე ესაუბრა. ამის მოწმე არაერთხელ ვყოფილვარ - დაჯდებოდა, იწყებდა საუბარს და ზუსტად ნახევარ საათში ისე ილაპარაკებდა, არ გამორჩებოდა არაფერი. იმ სატელევიზიო მასალას კი დამონტაჟებაც არ სჭირდებოდა.
- ბოლო დროს რაზე წუხდა?
- არანაირი პათეტიკა არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მთელი ცხოვრება მისი საწუხარი ჩვენი ქვეყანა და მისი მომავალი იყო. როგორ გავზრდიდით მომავალ თაობას. როგორ მიიღებდნენ ახალგაზრდები განათლებას, ეს მისი ყოველდღიურობა იყო. გულდასაწყვეტია მისი გარდაცვალება, კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთებას მოასწრებდა. ნებისმიერი ასაკის ადამიანთან უპრობლემოდ მეგობრობდა. ძირითად ფასეულობებს ისე უბრალოდ და ჩვეულებრივად გადასცემდა, გეგონება რაღაც კარგ წიგნს ეცნობოდი.
გიორგი ბერიძე, ჟურნალისტი:
- "პირველ არხზე" სტუდენტობის დროს მივედი სამუშაოდ... დიდი სკოლა გავიარე... ბევრ ღირსეულ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა, ვისგანაც ბევრი ვისწავლე. ერთ-ერთი თამაზ ტყემალაძე იყო... ვიცოდი, ვინც იყო, თუმცა მე სხვა რედაქციაში ვმუშაობდი და ერთმანეთს სტუდიაში, სამონტაჟოში, ფოიეში ან ბუფეტში თუ გადავეყრებოდით... გულიანი მისალმება იცოდა და ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი ნაცნობობა... თუმცა ერთ დღეს, დერეფანში გამაჩერა. მკითხა ვინ ვიყავი, რომელ რედაქციაში ვმუშაობდი და რატომ მინდოდა ჟურნალისტობა... "გამომყევიო 5 წუთი" - მითხრა და შემიყვანა თავის კაბინეტში, სადაც სხვა სამყაროში აღმოვჩნდი... 5 წუთი სამ საათად იქცა... უამრავი საინტერესო ამბავი ქართულ ლიტერატურაზე, ჩვენს მწერლებზე. ყველაზე მეტი ვაჟა-ფშაველაზე ისაუბრა. ვაჟა-ფშაველას ბავშვობის დროინდელი პატარა ნამგალიც მაჩვენა... დავმეგობრდით და ბევრი რამ სწორედ ბატონი თამაზისგან გავიგე, რაც წიგნებში არ ამომეკითხა... სულ მახსოვს ეს ამბები... ბატონი თამაზიც სულ მემახსოვრება... უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს"
გია მურღულია, ფილოლოგიის დოქტორი (გადაცემაში "დღის კოდი" თამაზ ტყემალაძე ასე გაიხსენა):
- უზადო მთხრობელი იყო, იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელსაც შეეძლო, ინტერესი დაებადებინა. "ტელეფონების წიგნიც" რომ მიგეცა ასახსნელად, იქაც ინტერესს დაბადებდა. იყო მომენტალური პედაგოგიური ალღოს მქონე კაცი. პირდაპირ ჭვრეტდა არა მარტო იმას, რაც უნდა აეხსნა, არამედ იმას, ვისთანაც ლაპარაკობდა და ვისთვისაც უნდა გადაეცა ამბავი. მე რომ მკითხოს კაცმა, - ყველას თავის თამაზ ტყემალაძე ჰყავდა...
თამაზი ჩემი შვილის, ნინოს ნათლია იყო. ნინომ დღეს დამირეკა, აფორიაქებული და სევდიანი მელაპარაკებოდა, რომ რაღაც ისეთი დააკლდა, რომელსაც შემცვლელი მარტივად ვერ მოეძებნება და არც არის საჭირო...
ყველას უყვარდა ეს კაცი. სოციალურ ქსელშიც ისეთი სიყვარულით წერდნენ ადამიანები, გულის ტკივილით იხსენებდნენ... ეს მან დაიმსახურა. ყველაფერში გემოვნებიანი ადამიანი, თემის შერჩევაშიც, ფიქრისას გემოვნებიანი იყო, მისთვის არ არსებობდა კარგი ფიქრი, თუ ის კომპეტენციასთან ერთად, გემოვნებასაც არ მოიცავდა. ეს ადამიანის მნიშვნელოვანი თვისებაა... სხვათა შორის, მშვენიერი პოეტი იყო, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან თავმდაბლობდა...
ახლა როგორი თამადა იყო... ცოტა თამადა მინახავს, რომელსაც ასე შეეძლო, სუფრასთან ერთსულოვნება ჯერ შეექმნა და მერე შეენარჩუნებინა. ძალიან მეხამუშება, როცა მასზე ვამბობ სიტყვას „იყო“...
და ყველაზე მნიშვნელოვანი - დღეს იმდენ რაღაცაზე ლაპარაკობს ტელევიზია, საზოგადოება და ზოგჯერ არასწორ აქცენტებს აკეთებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განზე რჩება. ის ამბობდა, რა იყო მთავარი და ამ მნიშვნელოვანი რაღაცების კარგი წარმომადგენელი იყო“...
Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს თამაზ ტყემალაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს.