ამ სახელმძღვანელოს ნამდვილად აკლია მითითება, რომ სააკაშვილის პირობებში საქართველოში ჩამოყალიბდა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგიც იყო ადამიანის უფლებათა სისტემური ხელყოფდა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების მიზნით საქართველოში 3 მილიარდი ლარი აქვს დახარჯული და მის წინააღმდეგ ისეთი ადამიანები აგებენ პროპაგანდას, რომლებიც კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით დანაშაულს სჩადიოდნენ.
"ჩვენ ვიხილეთ სიცრუის ტირაჟირების მცდელობა "ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც გვხვდება კონკრეტულ სასკოლო სახელმძღვანელოში. საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტატაციასთან, რაც არის ლაკონურად და მოკრძალებულად ციტირებული. ამ სახელმძღვანელოს ნამდვილად აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგიც იყო ადამიანის უფლებათა სისტემური ხელყოფდა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი, ასევე აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაულიც აღიარებული იქნება ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება ფაქტების კონსტატაცია.
ის ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ, 3 მილიარდზე მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის მიხედვით მიიღებენ პასუხს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.