ავტორი:

"ეს არის მლიქვნელობა... მისგან მონანიების ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ" - როგორ პასუხობენ მმართველ გუნდში სააკაშვილის მოწოდებას, ეროვნულ შერიგებაზე

"ეს არის მლიქვნელობა... მისგან მონანიების ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ" - როგორ პასუხობენ მმართველ გუნდში სააკაშვილის მოწოდებას, ეროვნულ შერიგებაზე

"ვფიქრობ, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის დაშლა ქართული დემოკრატიისთვის არის ძალიან კარგი პროცესი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მთლიანობაში ოპოზიციამ, რადიკალურმა ფრთამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ახლა ალბათ ნაწილი მაინც ხედავს, რომ მათი ნაბიჯები თუნდაც ტაქტიკური თვალსაზრისით არასწორია. ასეთ დროს ბუნებრივია, იწყება დაშლის პროცესი, რაც ძალიან კარგია, საბოლოო ჯამში, ეს დაშლის პროცესი თუ გაგრძელდება, შეიძლება ამან დადებითი როლი შეასრულოს მთლიანად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების თვალსაზრისით 2024 წელის საპარლამენტო არჩევნებამდე. აქედან გამოდინარე, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის დაშლა არის ძალიან კარგი პროცესი ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ეროვნული შერიგების საკითხს, კობახიძე აცხადებს, რომ როდესაც "დამნაშავე (სააკაშვილი) გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია“.

"რაც შეეხება შერიგებას, შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიარონ და მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე ტიპის იმედი არ გვაქვს და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ისინი ელემენტარულად ამას ვერ შეძლებენ. ამის რესურსი მათ რომ ჰქონოდათ უმძიმეს დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ რაც 9 წლის მანძილზე ჩაიდინეს და შემდეგ 9 წლის განმავლობაშ ოპოზიციაში ყოფნის დროს“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ შერიგებაზე ლაპარაკი მლიქვნელობაა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება იმას, რომ შერიგების ფორმატში სააკაშვილი გათავისუფლდეს.

"ეროვნული შერიგება უნდა შედგეს, საჭიროა კიდეც და თაობაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების რიტორიკა შეიცვლება, ამ შემთხვევაში მრავლობით რიცხვშიც ვერ ვიტყოდი - არსებობს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი გეგმა დესტაბილიზაცის და რევოლუციის. ამ ვითარებაში ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა ერთი მხრივ, რომ ვინმეს თავი მოაწონო და მეორე მხრივ, რეალური გეგმების შეფუთვის საჭიროება.

შერიგებას მუშაობა სჭირდება გარკვეულ საკითხებზე. პიროვნული ურთიერთობების აღდგენა, გამყარება და ჩახუტება, ეს ის რესურსი არ არის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია. არსებობს კანონი, კონსტიტუცია და პოზიციები ამის ირგვლივ უნდა ჩამოყალიბდეს, რეალურად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება იმას, რომ ამ შერიგების ფორმატში დამნაშავე სააკაშვილი გათავისუფლებული იქნეს პასუხისმგებლობისგან, ეს არის ამოსავალი წერტილი და მთავარი თემა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" მიჰყვება თავისი გეგმების სარეალიზაციოდ და სულ არ აინტერესებს საზოგადოებაში რა მდგომარეობა იქნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შერიგება არის საუკეთესო გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა გამძაფრდება.

"უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიანი არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!"- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.