"ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისათვის", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მოქალაქეებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღეს, აქ, თბილისის საკრებულოს შენობაში ვიმყოფებით ადამიანები, ვისაც თბილისელებმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენი ქალაქის მართვა გვანდეს. მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებსაც, ვინც საკუთარი ქალაქის წინაშე პირნათლად მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუნდაც არა ჩვენი, არამედ ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისათვის.
მითუმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ თბილისის, ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქალაქის საკრებულოზე და თითოეული ჩვენგანი, მმართველი ძალის, თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, განურჩევლად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა, უბრალოდ ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ თბილისის საკეთილდღეოდ.
ჩემგან არავის გესწავლებათ და ყველამ ვიცით რომ თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ - ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას. თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიით და განუმეორებელი კოლორიტით. ალბათ ყველა „ახალგაზრდა“ ქალაქი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, ყველა ძველი ქალაქი კი გამორჩეულია თავისებურად,“- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისს არამხოლოდ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩაბუდებული ისტორია და გასაოცარი კულტურული თუ არქიტექტურული მემკვიდრეობა, არამედ სწორედ მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანში გაფანტული ადამიანები ქმნიან.
"სწორედ ეს ადამიანები სძენენ ამ საოცარ ქალაქს სიცოცხლეს და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვალდებულები ვართ, მათი საცხოვრებელი გარემო გავხადოთ სოციალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილი, უფრო ჯანსაღი, უფრო კომფორტული და სიცოცხლით სავსე. „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ არაა უბრალო სიტყვები, ან მხოლოდ საარჩევნო სლოგანი. მწამს, რომ დღეს, მითუმეტეს, მსოფლიო პანდემიის ფონზე, სწორედ ეს თითოეული უბნის, ამ უბნებში მცხოვრები თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, ქალაქის მასშტაბით შექმნილი ყველა სიკეთის თითოეულ ადამიანამდე მიტანა, უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და მთავარი საზრუნავიც. გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური კონკურენციის, სამწუხაროდ ხშირად დაპირისპირების მიუხედავადც კი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ საკუთარი აგური დადონ ამ საქმეში.
შესაძლოა ამგვარ ერთიანობას, პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს ხალხს და არც თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს! დღეს მე, როგორც ქალაქს თბილისის არჩეული მერი, მოგმართავთ თქვენ, თბილისის საკრებულოს დეპუტატებს და გთხოვთ გავერთიანდეთ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ნებისმიერი წარმომავლობის, აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულების თითოეული ადამიანის საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რისთვისაც თბილისელებმა გამოგვიცხადეს ნდობა!”- განაცხადა კალაძემ.