ავტორი:

"ეს სიტყვაუხვი კაცი შინ სიტყვაძუნწი იყო... მისი შვილობა ახლაც მეხმარება, მოვიპოვო კეთილგანწყობა" - დები კვაჭანტირაძეები ცნობილ მამაზე, უცნობი ისტორიებით

"ეს სიტყვაუხვი კაცი შინ სიტყვაძუნწი იყო... მისი შვილობა ახლაც მეხმარება, მოვიპოვო კეთილგანწყობა" - დები კვაჭანტირაძეები ცნობილ მამაზე, უცნობი ისტორიებით

"სიყვარულით მოყვანილი მეუღლე მყავს გარკვეული თავგადასავლები ამ ამბავს ახლდა... სამი გოგო გვყავს. პირველად რომ გაჩნდა, ცოტა გაგვიკვირდა, მეორედ - გამიხარდა, მესამე გოგოზე ე.წ. მახარობელი აღარ ჩამოდიოდა - მესამე გოგოზე ვინ რას გაიმეტებსო?! ჩემმა მეუღლემ უთხრა, ჩადით, ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ბედნიერი იქნებაო. მართლაც მესამე გოგოზე მთლად მეცხრე ცაზე ავედი... ჩემი ქალიშვილებიც ვეცადე, ამ წესით გამეზარდა, მთავარი სიყვარულია და ამ სიყვარულს ერთმანეთის ნდობა იწვევს" - ეს ცნობილი ფილოლოგის და სიტყვის ოსტატის, განათლების ყოფილი მინისტრის თამაზ კვაჭანტირაძის სიტყვებია, ადამიანის, რომელიც სამწუხაროდ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად წელს გარდაიცვალა.

AMBEBI.GE ახლა ბატონი თამაზის სამ შვილს, მის სამ გოგოს ახლოს გაგაცნობთ, რომელთა ამქვეყნად მოვლენით უზომოდ ბედნიერი იყო. სამწუხაროა, რომ ისინი ახლა მამაზე უკვე წარსულ დროში საუბრობენ.

თამარი:

- ჩვენს ცხოვრებას ექოსავით გასდევს: ეს თამარია - თამაზ კვაჭანტირაძის შვილი... ეს ანია - თამაზ კვაჭანტირაძის შვილი... ეს სალომეა - თამაზ კვაჭანტირაძის შვილი. თქვენც ხომ ასე გაგეცანით!

სხვათა შორის, ზაზამ თვალი რომ დამადგა და ჩემი ვინაობა იკითხა, სწორედ ასე უპასუხეს "თამაზ კვაჭანტირაძის შვილიაო". ჩვენ კი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად ვიღებდით ამგვარ წარდგენას - ვიმორცხვებდით, გვეხამუშებოდა, გვეუხერხულებოდა, გავბრაზებულვართ კიდეც... ხშირად, უმეტეს შემთხვევაში, სითბო, აღტაცება, სიყვარული გვიგრძნია ჩვენი მამის შვილობის გამო, თუმცა ყოფილა იშვიათი გამონაკლისებიც - შური და ღვარძლი, წამოძახება, ზურგს უკან ქილიკი... ეს არ არის ჩვეული ყოფა და ჩვენც ვცდილობდით, ეს არაჩვეულებრივი მდგომარეობა "ჩვეულად" გვექცია. ეს კი მხოლოდ თავმდაბლობით, საკუთარი თავის ძიებით, ცნობითა და შეცნობით მიიღწევა. მხოლოდ ახლა, მამის წასვლის შემდეგ, საჯაროდ და სახალხოდ თქმული მისი შვილობა გვანიჭებს სრულ სიხარულსა და ბედნიერებას, გვანუგეშებს და ამ მარადიულ ტკივილს გვიმსუბუქებს.

1977 წელი - თამაზ კვაჭანტირაძე მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად

  • მამის ცხოვრების ბოლო წლები

თამარი:

- მისი ცხოვრების ბოლო წლები გახდა კიდეც გარდაცვალების მიზეზი. ყოველთვის ასე ხომ არ ხდება?! ასაკის მიუხედავად, ადამიანს შეიძლება სიკვდილი მოულოდნელად დაატყდეს თავს. ჩვენ კი ველოდით... მარტო ჩვენ - არა! ასე მგონია, თავადაც ელოდა. რამდენიმე წლის წინათ, აგარაკზე მყოფს, ვუსაყვედურე: - მიკვირს, ეზოში არ გამოდიხარ, ჩაბნელებულ ოთახში წევხართქო. ვეგუებიო, მიპასუხა, სიკვდილს ვეგუებიო... ენა ჩამივარდა, ისეთი მოულოდნელი იყო მისგან იმ დროს ამის მოსმენა და მტკივნეული იმის გააზრება, რომ ეს დასასრულის დასაწყისი იყო.

ანი:

- მეც გამახსენდა ბოლო პერიოდის მსგავსი ამბავი. მასთან მისული გვერდით მივუწექი, თავს შევაქცევინებ-მეთქი, ვიფიქრე და ვთხოვე: აი, ახლა, ამ წუთას, რომელი ლექსიც გაგახსენდება, ის მითხარითქო. სულ რომ არ ველოდი და არ მახსოვდა, ისეთი თქვა: "სულო, გატყობ მირონცხებას, სულდიდობას, ზეობას,/ დასასრულით დაიწყება შენი მოგზაურობა". ადრე წასული გივი ძნელაძის ამ საოცარმა ორმა სტროფმა დამამუნჯა, დამაფიქრა, გული დამიმძიმა.

თამარი:

- მამის ცხოვრების ბოლო წელი სულის მოგზაურობის დასაწყისისთვის მზადება იყო. ეს იყო მშვიდი, ჩუმი, დუმილიანი და ფიქრიანი არსებობა ადამიანისა, რომელსაც ყველა ასპექტში, ყველა განზომილებაში განჭვრეტილი და გააზრებული ჰქონდა მოსახდენის გარდაუვალობა. ამიტომაც დამიტოვა განცდა იმისა, რომ სძლია სიკვდილს. როგორც ერთმა ჩვეულებრივმა მოკვდავმა დაამარცხა იგი.

სალომე:

- ამგვარი ყოფის მიუხედავად, ოჯახის წევრები ისევ მასთან ვიკრიბებოდით. დაწვრილებით გამოჰკითხავდა თითოეულს პირად ამბებს, მოიკითხავდა ჩვენს მეგობრებს, შვილიშვილების დანახვა ახარებდა, შვილთაშვილების - აბედნიერებდა. ტელევიზორში მხოლოდ სპორტულ არხებს უყურებდა, უფრო იშვიათად - არტარეას. კომპიუტერს ჭადრაკს ეთამაშებოდა. ისევ საწერ მაგიდასთან დაგვხვდებოდა - კითხულობდა, წერდა.

თამარი:

- მისი ცხოვრება, გადაადგილების უნარის შეზღუდვის შესაბამისად, ნელ-ნელა გადავიდა პასიურ ფაზაში. როდესაც "გცნობენ“, აქტიური, ენერგიული ახსოვხარ ხალხს და, ერთხელაც, შებრკოლებული ნაბიჯით, ჯოხზე ან სხვის ხელზე დაყრდნობილი გამოჩნდები, ზურგს უკან კი "ვაი" და "უი" მოგყვება ექოსავით, რთულია! ჩვენთვისაც ძნელი იყო და აღარ მივაძალეთ; თავს იზღუდავდა და ჩვენც "დავიცავით" საჯარო სივრცისგან. თუმცა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა არ განსაზღვრავდა მამის "არგამოჩენას": აქაური ყოფა, ეს მარადიული "ხმაური", ნაცნობი სცენები თუ სცენარები, იგივე ადამიანები და ტექსტები აღარ იყო მისთვის საინტერესო. ეს უკვე „გავლილი და გადაღეჭილი მასალა“ აღმოჩნდა იმ ადამიანისთვის, რომელიც, ერთ დროს, პროცესებში თავად იყო ჩართული. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით საკუთარი შესაძლებლობები ამოწურულად მიიჩნია და „თავის სივრცეში“დაიწყო აქტიური ქმედება...

სალომე:

- "ტელესასიტყვეთს“ არაფერი დაჰკლებია. პირიქით, ყველაზე სასურველი რუსთაველის პრემია მიენიჭა. ბოლო წლებში მამამ მოამზადა და გამოსცა წიგნები: „სიტყვა,“ „სასიტყვეთი,“ „განსჯანი“.

თამარ და ანი კვაჭანტირაძეები მამასთან ერთად

  • მამის მოთხოვნები და რჩევები

თამარი:

- ერთადერთი რჩევა, რომელმაც შემდეგ მოთხოვნის ფორმა მიიღო, ის იყო, არ ჩამებარებინა ფილოლოგიურზე. ეს რჩევა-მოთხოვნა ლამის საბუთების შეტანის წინ გაისმა და ჩემგან მედგარი წინააღმდეგობა დახვდა. არადა, ყოველთვის იცოდა, რომ გულით მეწადა და უნარიც მქონდა. ექიმობას მირჩევდა, "მედალს ნუ გააფუჭებო" და, ქართულის ნაცვლად, ფიზიკის ჩაბარებას მთავაზობდა... დრამა მაშინ დატრიალდა, როცა ჩემი ნაწერები მოითხოვა და დაუნდობლად ამიჭრელა წითელი კალმით. მგონი, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, ასე გულდასმით რომ წაიკითხა ჩემი თემები, რომელიც ყოველთვის მისი დაწერილი ეგონათ. შემდეგაც ბევრი რამე ეგონათ და... ერთ დღესაც გამოქვეყნებული ჩემი სტატიისთვის მამამ რომ მიიღო კოლეგისგან კომპლიმენტი, მივხვდი, ექიმი უნდა გამოვსულიყავი!

ანი:

- რჩევა-დარიგებების მოცემა არ სჩვეოდა, სათქმელს იუმორით გამოთქვამდა - ან მიიღებდი, ან - არა. სჯობს, ენდო და მოტყუვდე, ვიდრე არ ენდო! ეს მისი პრინციპი იყო. გვენდობოდა, ჩემს არჩევანში არასდროს ჩარეულა. მიამიტი ადამიანი არ იყო, შვილების ხასიათი კარგად იცოდა, თუმცა შეცდომების დაშვების უფლებას გვაძლევდა. სხვის სულში „ხელების ფათური“ არ უყვარდა, პიროვნებად აღგვიქვამდა და არა საკუთრებად. მოთხოვნები არასდროს წამოუყენებია, თუმცა მისი სურვილი იყო, რომ შეცდომებზე გვესწავლა, საკუთარი გზა გვეპოვა და ამ გზაზე მტკიცე, მყარი ნაბიჯებით გვევლო.

სალომე:

- უფროსი დების მონათხრობით მიხვდებოდით, როგორ იკლო მამის მხრიდან სიმკაცრის, მოთხოვნების წამოყენებისა და რჩევების მოცემის სურვილმა. ნაბოლარას სტატუსი "მშველოდა" და ჩემზე მხოლოდ დედა ზემოქმედებდა მამის სახელით.

  • მამა შინ...

ანი:

- მამას ცნობდნენ, უსმენდნენ, პატივს სცემდნენ... მისი შვილობა ახლაც მეხმარება, მოვიპოვო ნდობა და კეთილგანწყობა. ეს წყალობაა, საჩუქარი, რომელიც დაუმსახურებლად მერგო. ერთგვარი ფორაა, რომლის გამოყენებაც უკვე შენზეა დამოკიდებული. ამ მხრივ გაგვიმართლა, თუმცა ბრძოლაც გიწევს, რომ ამტკიცო "ეს მე ვარ". ცხოვრების გზაზე მამაა ჩემი ორიენტირი - მისი დამოკიდებულება საკუთარი თავის, საქმისა და სხვების მიმართ.

თამარი:

- ლექციებს მხოლოდ აუდიტორიაში და ტელევიზიიდან კითხულობდა. ეს სიტყვაუხვი კაცი შინ სიტყვაძუნწი იყო - თუ მიმართავდი, გიპასუხებდა. არ მახსოვს, გავეწბილებინე. უფრო ხშირად გეომეტრიის და ფიზიკის ამოცანების ამოხსნისთვის ვაწუხებდი. ახლა ვხვდები, რომ ერთგვარი აზარტით, მხოლოდ მიძინებული ცოდნისა და ლოგიკური აზროვნების ხარჯზე ახერხებდა მათ ამოხსნას. ლექციებს - არა, მაგრამ შვილებსაც და შვილიშვილებსაც „ამირანიანს“ გვიამბობდა ბალღობაში. ზეპირად ახსოვდა პოეტური ტექსტი და იმდენად ემოციურად გადმოსცემდა, რომ ახლაც თვალწინ მიდგას ყამარის დამსხვრეული თეფშების ნატეხების ჯადოსნური ფრენა-ფრენა...

არასდროს გაარჩევდა წაკითხულს, არ ჩაგეკითხებოდა - როგორ და რა გაიგე... ახლა ვიცი, ეს იყო თანაზიარების, გემოვნების ჩამოყალიბების, ემოციური წვრთნისა და აზროვნების განვითარებისთვის ჩატარებული გაკვეთილები, გნებავთ - ლექციები, მამისაგან.

სალომე:

- მე კი ის "ლექციები" გამახსენდა, ყოველ საღამოს მამასთან შეკრებილი ადამიანები რომ "გვიტარებდნენ". ეს იყო თანამოაზრეთა საუბრები საინტერესო ადამიანებზე, წიგნებზე, ლიტერატურაზე, სამშობლოზე... ბევრ რამეს ვუმადლი მამას, მათ შორის - ამ საღამოებს, ამ ადამიანებს.

  • მამა - პედაგოგი, ფილოლოგი, მეცნიერი...

თამარი:

- ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ მამა ენათმეცნიერი იყო - თსუ-ს ახალი ქართული ენის კათედრის ასპირანტი და თანამშრომელი. მისი საკვალიფიკაციო ნაშრომი "მსგავსებითი შედარება ქართულში“ ენის შესაძლებლობების კვლევას მოიცავდა. უნივერსიტეტში ქართული ენის კურსს კითხულობდა და, როგორც მისი ბევრი ნასტუდენტარი იგონებს, არაჩვეულებრივი ლექციები ჰქონდა. ამას ემატებოდა მისი გარეგნული მომხიბვლელობა, ხმის ტემბრი, დახვეწილი თითები, რომელსაც საუბრისას მუდამ იშველიებდა და ულამაზესი კალიგრაფია. სტუდენტის მიმართ მოთხოვნებიც განსხვავებული ჰქონდა და შეფასების სისტემაც თავისებური. სწორედ რომ ფილოლოგი იყო - ლოგოსის, სიტყვის მოყვარული და მკვლევარი.

სალომე:

- სწავლება, მასწავლებლობა "კერძო საქმედ" არ უქცევია. მახსოვს, როგორ ვიგერიებდით მამასთან ქართულში "მომზადების" მსურველებს. ეს ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე უარის თქმასაც ნიშნავდა... მაგრამ მისთვის აუდიტორია იყო მთავარი, ცოდნის გაცემა უშურველად და ბევრისთვის. ამიტომაც დააარსა ე.წ. „ცოდნის კურსები“, სადაც, მასთან ერთად, სააბიტურიენტო კურსს უძღვებოდნენ სანატრელი ლექტორები და ხელმისაწვდომი იყო რაიონებიდან ჩამოსული თუ თბილისელი ხელმოკლე ოჯახებისთვის. ბევრს უთქვამს - „თამაზ კვაჭანტირაძესთან ვემზადები“ და სწორედ ამ კურსებს გულისხმობდნენ, ემადლიერებოდნენ.

ანი:

- და მაინც, მამა ჯერ ადამიანი იყო, შემდეგ მეცნიერი, ფილოლოგი, რედაქტორი, მასწავლებელი, გნებავთ - მინისტრი... ადამიანი, რომელმაც ნიჭისა და შრომის შედეგად "შექმნა საკუთარი თავი". პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული, მის ადამიანურ ღირსებებთან ერთად, განაპირობებდა იმ განწყობას და ემოციას, რომელსაც მამა იმსახურებდა.

2008 წელი - თამაზ კვაჭანტირაძე ოჯახთან ერთად

  • საქმის და ოჯახის გარდა...

ანი:

- მამა "ოჯახის კაცი" იყო. საქმეზე ოჯახიდან მიდიოდა და საქმიდან ოჯახში ბრუნდებოდა. "ოჯახებით მეგობრობა" იცოდა - სტუმარს მეუღლით დაპატიჟებდა. სუფრის გაშლაც ოჯახში უყვარდა და მოლხენაც. ცხოველები უყვარდა, სახლში იადონი და თუთიყუში ჰყავდა. ზღვა უყვარდა, გარუჯვა, კარგად ცურავდა - მაგრამ მარტო დასასვენებლად წასული არ მახსენდება. ჭადრაკს მდუმარედ კომპიუტერს ეთამაშებოდა, თორემ სვლის ბრუნება-არდაბრუნებაზე მოწინააღმდეგესთან მუდმივად კამათობდა. ფეხბურთსაც გატაცებით უყურებდა, სუმოსაც და ბილიარდსაც. გურმანი იყო, არ ამზადებდა, მაგრამ ყიდვა, მოტანა იცოდა - უფრო „უცნაური“ პროდუქტის - თავების, ფეხების, ბიბილოების, ცურების... დედა სამი შვილისთვის სადილის მოსამზადებლად რბილ და ნაცნობ ხორცის ნაჭერს ელოდა, შეიცხადებდა, მაგრამ გაამზადებდა მორიგ "დელიკატესს" და ჩვენც მივირთმევდით იმ იმედით, რომ აწი ის წავიდოდა ბაზარში.

სალომე:

- დედამ გმირულად ატარა მისი ცოლობის "სასიამოვნო ტვირთი". მამა მის დამსახურებას და ღვაწლს ოჯახის წინაშე ასე აფასებდა - "დედათქვენი ახლაც გჯობიათ", - მოკლედ და ზუსტად!

თამარი:

- "ოქროს ქორწილი" რომ ჰქონდათ, შვილებმა საქორწინო მოგზაურობა დავუგეგმეთ ყვარელში. უცებ "გამოუცხო“ სალაღობო: „ორმოცდაათ წელს შევძელი/ მხოლოდ შენ ერთის ყვარება,/ ჩვენი საწოლის ჭრიალი/ გაიგოს მთელმა ყვარელმა“... წელს "შეწყვილებული 55" უნდა ყოფილიყო! ხანდახან მამა ქორწინების დღეს ჰერბერებს ჩუქნიდა დედას - სხვადასხვა ფერის ჰერბერების თაიგულს. წელს მე მივუტანე - ქოთანში ჩარგული ერთი ცალი წითელი ჰერბერი. ცხოვრება მამის გარეშე...

ანი:

- ახლა მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა - მამასთან გატარებული ცხოვრების მერე მის გარეშე ყოფნა აღარ გამოვა!

თამარი:

- სალომემ ბოლო წლები გაატარა მის გვერდით; მე - ბოლო თვეები, ანიმ - ბოლო დღეები... ყველას ჩვენ-ჩვენი „გვაქვს სახსოვარი“, საერთო სიყვარული და მარადიული ტკივილი.