ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ონლაინ შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაძაბული ელოდა. დასავლური მედია წერს, რომ საუბარი ძალზედ დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან თავი მოუყარა ძალზე დიდ სამხედრო ძალას, დასავლეთის ქვეყნები და კიევი აცხადებენ, რომ კრემლი, დიდი ალბათობით, უკრაინაში კიდევ ერთი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება, რაზეც ამერიკის პოზიცია ასეთია - ის არ აპირებს დატოვოს უკრაინა რუსეთის პირისპირ და საპასუხო ზომების გატარებაზე საუბრობს.
საერთაშორისო მედიის ცნობით, პუტინი სოჭში იმყოფებოდა, ბაიდენი ვაშინგტონში, თეთრ სახლში. საუბარი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ საკის განცხადებით, მოლაპარაკებების დაწყებამდე, ონლაინ შეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობასთან დაკავშირებით და მორიგ ჯერზე დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტი შეეცდებოდა, გადაერწმუნებინა რუსეთის პირველი პირი, რომ რუსულ მხარეს უკრაინის საზღვარზე სამხედროების მობილიზება შეეწყვიტა.
უფრო კონკრეტულ თემები დაასახელა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის სასაუბრო თემები იქნება უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობა და ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ.
ცნობილია, რომ პუტინთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი კონსულტაციების კიდევ ერთ რაუნდს გამართავს ევროპელ ლიდერებთან, რაც იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში ბევრი რამ გადაწყდება და არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით... ისაუბრეს თუ არა კონკრეტულად საქართველოზე, ამაზე ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება, თუმცა, რეგიონული საკითხი ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია.
რას მოუტანს მსოფლიოს ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ამის შესახებ უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. რუსი ექსპერტების აზრი ორად იყოფა, ნაწილი ვარაუდობს, რომ პუტინი უკან დახევას არ აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მისი რეიტინგი დაეცემა.
tvrain.ru-თან საუბარში ევროპისა და საერთაშორისო ინსტიტუტის ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინსტიტუტის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი პაველ შარიკოვი ამბობს, რომ პუტინი ბაიდენისთვის იმის დამტკიცებას შეეცდებოდა, რომ საერთაშორისო და რეგიონული ლიდერია და თავად ქმნის პოლიტიკურ თამაშებსა და ამინდსაც.
"ამ შეხვედრის შემდეგ რაიმე სახის კონფერენციას არ ველი, დიდი ალბათობით კრემლი და თეთრი სახლი მშრალი ინფორმაციით, პრეს-რელიზებს გაავრცელებენ და ამით ამოიწურება ყველაფერი. რაც შეეხება კონკრეტიკას, შესაძლოა, ბაიდენისგან მოსალოდნელია, რომ ის გარკვეულ ვალდებულებებს აიღებს უკრაინასთან, შესაძლოა, ბელარუსთან დაკავშირებითაც, ვფიქრობ, კიევის შემთხვევაში, ბაიდენისა და პუტინის ქეისი განსხვავდება - ამერიკის პრეზიდენტს სჭირდება კრემლისგან კონკრეტული გარანტიები, რომ არ გეგმავს უკრაინაზე თავდასხმას" - მიაჩნია შარიკოვს.
vedomosti.ru-ს ცნობით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, მისი და მისი ევროპელი მოკავშირეების პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა და ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის ირგვლივ რუსული ძალების კონცენტრაციის გამო და მკაფიოდ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები მათ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში გადამწყვეტი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ“.
რუსული გამოცემის ცნობით, მას თავისი დიპლომატიური წყარო უცხადებს, რომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ შესაძლოა, უკრაინის გარშემო დაძაბულობის შემცირებას ველოდოთ. გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე განხილული თემების დიდი ნაწილი არ გახმაურებულა, რადგან ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი დახურულ სივრცეში, მხოლოდ თარჯიმნების გარემოცვაში წარიმართა.
მათი მოლაპარაკებების დაწყებიდან მხოლოდ ნახევარწუთიანი ფრაგმენტი გავიდა პირდაპირ ეთერში, სადაც პუტინი ამერიკელ ლიდერს მიესალმა, რომელმაც, სინანული გამოხატა, რომ არ შეხვედრია რუსეთის პრეზიდენტს ოქტომბერში რომში გამართულ სამიტზე, სადაც რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა. ბაიდენმა გამოთქვა იმედი, რომ მომავალში პირადად შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს (RIAC) ექსპერტი მაქსიმ სუჩკოვი მიიჩნევს, რომ საშინაო კუთხით, ბაიდენს ყველაფერი კარგად არ აქვს, ამიტომ ცდილობს მოსახლეობის ყურადღება გარე კრიზისსა და გარე მტერზე გაამახვილოს.
"შესაბამისად, ბაიდენი ეცდება, პუტინთან გამართული საუბრის შედეგები ამერიკელებს შეასაღოს, როგორც დიპლომატიური გამარჯვება, ვინაიდან, ამბობენ, რომ ის პუტინს ძალიან მწვავე სადამსჯელო ზომებით დაემუქრა და ნათლად აჩვენა, რა არ უნდა გაკეთდეს..." - განმარტავს სუჩკოვი.
მისივე თქმით, აშშ-ს სურს, თავი ავტოკრატიებთან ბრძოლაში "თავისუფალი სამყაროს" ლიდერად წარმოაჩინოს.
"მოსკოვს ახლა არ აქვს სიტუაციის გამწვავების ინტერესი, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობას სურს მკაფიოდ განსაზღვროს წითელი ხაზები. ერთ-ერთი მათგანია უკრაინის ნატოში გაწევრიანება, რაც რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ასევე, ბოლო დღეების მოვლენები დონბასში სიტუაციის ესკალაცია, ამერიკელი სამხედრო მრჩევლების საქმიანობა უკრაინაში და გაზრდილი კონტაქტები კიევსა და ვაშინგტონს შორის... თავის მხრივ, კრემლი შიშობს, რომ კონფლიქტის გამწვავების ფონზე, კიევი ნატოში შესვლას სასწრაფოდ შეეცდება" - ამბობს სუჩკოვი.