ავტორი:

"გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ კორუფციაში და ნეპოტიზმში" - როგორ პასუხობენ ექსპრემიერის გუნდში კალაძეს?

"გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ კორუფციაში და ნეპოტიზმში" - როგორ პასუხობენ ექსპრემიერის გუნდში კალაძეს?

გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში - საბჭოთა კავშირს და კომუნისტებს უყვარდათ მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენება, სხვას აბრალებდნენ იმას, რასაც თავად აკეთებდნენ,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას.

ქემოკლიძისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა კალაძემ მსგავსი შინაარსის განცხადება და “რა საჭირო იყო ამის თქმა, მითუმეტეს არგუმენტაციის გარეშე”.

"ვისაც მასთან უმუშავია ან მასთან შეხება ჰქონია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნებით - ოპოზიციონერი იყავი თუ არაოპოზიციონერი - ვინც გიორგი გახარიას და მისი მუშაობის სტილს იცნობს, ვერცერთი ვერ მოიყვანს ერთ კონკრეტულ მაგალითსაც კი, რომელიც პოტენციურად კორუფციულ გარიგებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. პირიქით - ის იყო პირდაპირი მტერი ქრონიზმის, მეგობრებისთვის გარკვეული პრეფერენციების მიცემის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია კორუფციის - ის არასდროს არავის ანიჭებდა განსაკუთრებულ პრივილეგიას. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანი იყო ოპოზიციიდან თუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნეს წარმომადგენელი”,- განაცხადა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება, ზოგადად თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომას, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა, ქემოკლიძის შეფასებით, სხდომაზე “მასკარადი და უკბილო ხუმრობები” იყო.

“ზოგადად რომ შევაფასო გუშინდელი საღამო, ვისურვებდი, ბევრად უფრო შინაარსიანი, ბევრად უფრო სოლიდური ყოფილიყო. საკრებულოში გუშინდელი შეხვედრა არასოლიდურობის ერთ-ერთი ეტალონი იყო. იმის ნაცვლად, რომ ადამიანები პატივს სცემდნენ ერთმანეთს, კითხვას ასმევინებდნენ, უსმენდნენ (ეს მხოლოდ მმართველ პარტიას არა, ოპოზიციასაც ეხება), მივიღეთ მასკარადი და უკბილო ხუმრობები. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის საკრებულოს რეპუტაციისთვისაც”,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელ გიორგი შარაშიძეს მიმართა და განაცხადა, რომ “ძალიან უხერხულია, მმართველობაზე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს”. კალაძემ შარაშიძეს ურჩია მოიძიოს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტები.