ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაზე სწორი გზა ამნისტია იქნება, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, მომავალზე ფოკუსირდეს.
როგორც მან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე განმარტა, ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მომავალსა და თამაშის წესებზე უნდა შედგეს.
"აქ ვარ, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე. ვიქნები ყველა იმ აქციაზე, რომელიც პოლიტპატიმრების ეპოქის დასრულებისკენ არის მოწოდებული. დიახ, მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტპატიმარი, შეიწყალებს მას სალომე ზურაბიშვილი თუ არა, ამას ამ ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, საზოგადოებამ და სახელმწიფომ მოძებნოს გზა მიხელ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გზა, ოღონდ ეს არ ეხება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ეხება მთლიანად საზოგადოებას, პოლიტიკურ კლასს, ისტორიას, არის ფართო პოლიტიკური ამნისტია, რომელიც მოიცავს საქართველოს 3 პოლიტიკურ ეპოქას, ეს არის შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის ეპოქები. სწორედ ეს ამნისტია მისცემს შესაძლებლობას სახელმწიფოს, ფოკუსირდეს მომავალზე და არ იყოს მხოლოდ წარსულში ჩარჩენილი“, - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ამნისტიით უნდა გამოიხატებოდეს, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს.
"ჩემი აზრით, სწორი ტერმინი არის შეთანხმება მომავალზე და თამაშის წესებზე. ამ შეთანხმების საფუძველი უნდა იყოს ის, რომ გამარჯვებული არ ანადგურებს დამარცხებულს. ამ განადგურებისთვის არ იყენებს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს. ეს არის საფუძველი იმისა, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ დიდი შურისძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. მე ხაზგასმით ვსაუბრობ შეთანხმებაზე, შერიგება ინდივიდუალურ აქტად მიმაჩნია“, - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის და ,"ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისტორიული შანსი აქვს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეცვალოს და ეროვნულ შერიგებაზე დაიწყოს საუბარი. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს შეხვედრისთვის ვადას 15.00 საათამდე აძლევენ.