ავტორი:

"გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის, გიორგი ლაფერაშვილისთვის?" - ნიკა გვარამია პაატა სალიას

"გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის, გიორგი ლაფერაშვილისთვის?" - ნიკა გვარამია პაატა სალიას

"შეგიძლიათ გვიპასუხოთ, გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის, გიორგი ლაფერაშვილისთვის და ა.შ, - ამ კითხვით "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სალიამ უპასუხა, რომ ნაწილისთვის ხელფასი გადახდილი აქვს, ნაწილს კი კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გამო ვერ გადაუხადა.

"არიან ადამიანები, რომელთათვისაც კომპანიაში შემქნილი ფინანსური ვითარების გამო ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ....რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაცვის ყველა თანამშრომელს მიეცა ხელფასი, დაცვის უფროსმა შვებულებაც ითხოვა და მივეცით",- განაცხადა სალიამ.

მან ასევე გაიხსენა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის გახსნას და გუნდის იქ გადაყვანას აპირებდა.

"სექტემბერში დიდი დემარშისთვის ემზადებოდით, რომ დაგეტოვებინათ ცარიელი კედლები და დირექტორი",- განაცხადა სალიამ. აღნიშნულთან დაკავშირებით კი გვარამიამ კითხვით მიმართა, თუ "რა კავშირში იყო აღნიშნული ფაქტი ხელფასის გაუცემლობასთან".

"ეს ხალხი მოიაზრებოდა იმ გუნდის ნაწილად, ვისთანაც ტელევიზია უნდა გაგეკეთებინათ და "რუსთავი 2" დაგეტოვებინათ ცარიელი, ეს იყო გეგმა",- განაცხადა სალიამ და დასძინა, რომ ის "ნამდვილად არ არის გაბრაზებული და არც ყოფილა".

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.