ავტორი:

"ვლადიმერ პუტინს ცხადად ვუთხარი, რომ თუ მართლაც შეიჭრება უკრაინაში, ამას ექნება სერიოზული შედეგები" - ჯო ბაიდენი

"ვლადიმერ პუტინს ცხადად ვუთხარი, რომ თუ მართლაც შეიჭრება უკრაინაში, ამას ექნება სერიოზული შედეგები" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები არ განიხილავს უკრაინაში თავისი ჯარების გაგზავნის საკითხს, რუსეთის შესაძლო სამხედრო შეჭრის მზარდი შეშფოთების ფონზე.

"ეს საკითხი მაგიდაზე არ დევს“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში მისურის შტატში გამგზავრების წინ.

ბაიდენმა უარყო იდეა, რომ აშშ ცალმხრივად გამოიყენებს ძალას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

ბაიდენმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტთან გუშინდელი ორსაათიანი საუბრის შესახებაც, რომელიც ვიდეოხიდის მეშვეობით შედგა და მას უბრალო საუბარი უწოდა და აღნიშნა, რომ მკვეთრი სიტყვები არ თქმულა.

"მე ცხადად ვუთხარი, რომ ის თუ მართლაც შეიჭრება უკრაინაში, ამას ექნება სერიოზული შედეგები“, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ რუსეთს დაეკისრება ისეთი ეკონომიკური სანქციები, როგორიც მანამდე არ ჰქონია.

კითხვაზე, მიიღო თუ არა პუტინმა მისი ეს "მესიჯი“, ბაიდენმა უპასუხა: "აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის მიხვდა ამ გზავნილს“.

მანვე რუსეთის ლიდერს მოუწოდა ესკალაციის შემცირებისკენ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით ამერიკასთან და ევროპულ ქვეყნებთან. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ აშშ რუსეთსა და ნატოს მოკავშირეებთან ერთად, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს.