ყოველთვის, როდესაც ვაკის პარკში მოვდივარ, ჩემი ბავშვობა მახსენდება. თითქმის ყოველ კვირა დღეს, ჩემს მშობლებს ვაკის პარკში სასეირნოდ მოვყავდი.
თბილისელების საყვარელი პარკის ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარ ბავშვობას ახსენებს, 1945 წლიდან იწყება, როდესაც ვაკის რაიონში მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო და პარკის მშენებლობა დაიწყო.
ჩემს მეხსიერებაში მკაფიოდ ჩაიბეჭდა დიდი შადრევანი, წითელი ქვიშა და შადრევნების კასკადი, სადაც განსაკუთრებით მიყვარდა სირბილი და თამაში. ამ პატარა შადრევნების გზას პარკის ცენტრალურ ნაწილში მივყავდი, სადაც მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალი მხვდებოდა, დაჭრილი ჯარისკაცების ქანდაკებებით. ეს ადგილი ყოველთვის შიშის ზარს მცემდა და ძალიან მთრგუნავდა.
როგორც იცით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ აქ, გადავწყვიტე მომეწყო განტვირთვის დღე, განახლებული პარკი მენახა და ბავშვობა გამეხსენებინა.
როგორც კი მზიანი და თბილი ამინდი გამოვიდა, მაშინვე ვაკის პარკში გავეშურე. ნოსტალგიური შეგრძნება იმ წუთებიდანვე დამეუფლა, როდესაც პარკს მაღლიდან, ჭავჭავაძის მხრიდან გადავხედე. თუ ჯერაც არ გინახავთ განახლებული პარკი, მოდით, ერთად დავათვალიეროთ.
როგორც ვიცი, ცნობილი ქართველი არქიტექტორი, ირაკლი ციციშვილი ამბობდა, რომ ძველად, ეს ადგილი აუთვისებელი და გამოუყენებელი ყოფილა. პარკის გაშენების შემდგომ კი, ეს იყო დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცე, რომელიც თავდაპირველად მოიცავდა კუს ტბის ფერდობს და იმ ნაწილებს, რომელიც ახლაც შედის ვაკის პარკში.
აქ არა მხოლოდ ვაკელები, არამედ მთელი ქალაქი დადიოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, მას „გამარჯვების პარკი“ დაარქვეს.
ცენტრალური ნაწილი ჯერჯერობით შემოღობილია და სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ, შადრევნებიან გზაზე ვერ გავისეირნე.
მთავარ კიბეებს მოაჯირები ამშვენებს.
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ თბილისელების საყვარელ პარკს სიყვარულის ისტორიაც უკავშირდება. სწორედ პარკის მშენებლობის პერიოდში გაიცნეს ერთმანეთი ისტორიული შადრევნის შემქმნელმა არქიტექტორმა, ნოდარ ჯობაძემ და მანანა კობერიძემ, რომელიც დენდროლოგიაზე, პარკის გამწვანებაზე მუშაობდა. მანანა ნერგების დარგვაზე იყო პასუხისმგებელი. ვაკის პარკში ასამდე სახეობის მცენარეა გაშენებული.
ახალი მცენარეები ახლაც დაურგავთ, ხეები რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და პარკს კიდევ უფრო მეტად გაალამაზებს.
პარკის სავიზიტო ბარათი – წითელი ქვიშა, რა თქმა უნდა, ხელუხლებელია, თუმცა, სავალი გზების გარკვეული ნაწილი მოასფალტებულია. გაკეთებულია ასევე ველოსიპედის გზაც. ასფალტიანი ბილიკი საკმაოდ მოსახერხებელია საბავშვო ეტლის სატარებლად და ასევე მათთვისაც, ვისაც წითელი ქვიშით ფეხსაცმლის დასვრა არ სურს.
„საბავშვო ქალაქში“ კვლავ მხიარულებაა. აქ დაგხვდებათ ახალი და ძველისძველი ატრაქციონები, რომლებიც აუცილებლად გაგახსენებთ ბავშვბის ბედნიერ წუთებს.
თუ ვაკის პარკში გაისეირნებთ, არ დაგავიწყდეთ ბამბის ნაყინით პირის ჩატბარუნება. თეთრი, ვარდისფერი ან ცისფერი ბამბის ნაყინიც ხომ 90-იანი წლების ერთგვარი სიმბოლოა…
მახსოვს, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხის ფანჩატურებში თამაში. ისინი ძალიან ლამაზ, ცისფერ ფრადაა შეღებილი. ხის მოჩუქურთმებული არქიტექტურა იმ პერიოდის თბილისისთვის ძალიან დამახასიათებელი იყო. თუ ამ ფანჩატურებთან ჩაივლით, აუცილებლად გაიგონებთ დომინოს და საანგარიშოს ხმაურს… ეს პატარა დეტალიც კი წარსულს მახსენებს. დროს, როდესაც სკვერებში და სახლის ეზოებში იკრიბებოდნენ მამაკაცები, ნარდისა და დომინოს სათამაშოდ.
განახლებულია მიხეილ მესხის სტადიონიც. მის გვერდით სავარჯიშო მოედანია.
გზებს ულამაზესი ლამპიონები მიუყვება, რომელიც ორგანულად ჯდება პარკის დიზაინში და ძალიან უხდება საერთო სურათს.
თუ მაღლა აიხედავთ, დაინახავთ, როგორ მისრიალებს საბაგირო გზაზე ლურჯი ვინტაჟური „გონდოლა“.
ვაკის პარკი იდეალური ადგილია გემრიელი ყავის დასალევად და წიგნის წასაკითხად.
თუ ფალიაშვილის მხრიდან შეხვალთ პარკში, შეგიძლიათ სქროლიც გაიყოლოთ და პარკი კარგად დაათვალიეროთ.
კიდევ ერთი, ძალიან კარგი სიურპრიზი სწორედ ამ შესასვლელთან (ჭავჭავაძის 74/76 ნომერში) დამხვდა. ახალი კონცეფციის ლამაზი შენობა, რომელსაც გარედან „მულტი“ აწერია, შიგნით, რამდენიმე ობიექტს აერთიანებს. ეს სავაჭრო სივრცეა, სადაც დაგხვდებათ ცნობილი ბრენდების პროდუქცია: „სპარი“, „ალკორიუმი“, „სუფთა სახლი“, „ფარმადეპო“, „ნოსტე“, ბრიკორამა“, „ბიბლუსი“, კაფე „პიატო“ და „XS სათამაშოები“. აქ სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას ერთი სალაროს პრინციპით შეიძენთ.
თქვენ არ მოგიწევთ თითოეულ ობიექტზე სალაროს რიგებში ცალ-ცალკე ლოდინი და „მულტიში“ შოპინგით მნიშვნელოვნად დაზოგავთ დროს.
აქვე შეგიძლიათ წაიხემსოთ, ან დალიოთ გემრიელი ყავა კაფე „პიატოში“ და ისარგებლოთ ვალეტ სერვისით, რომელიც მანქანის პარკირების პრობლემას მოგიგვარებთ. კონსიერჟს დაუტოვებთ მანქანის გასაღებს, მშვიდად შეიძენთ საყიდლებს „მულტიში“ და სავაჭრო სივრციდან გამოსვლამდე, დისტანციური სასიგნალო ღილაკის საშუალებით მიანიშნებთ, რომ წასვლას აპირებთ. ავტომობილი გასასვლელ კართან დაგხვდებათ.
აი, ასეთი სასიამოვნო დღე გავატარე განახლებულ “ვაკის პარკში”, ბავშვობაც გავიხსენე და კომფორტულადაც ვიშოპინგე.
წყარო: Teasblogi