გერმანიაში ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა და კანცლერის თანამდებობა სოციალ დემოკრატების წარმომადგენელმა, ოლაფ შოლცმა დაიკავა. გერმანიის ახალი მთავრობა კოალიციურია და კოალიციის შემადგენლობაში არიან სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები" და "მწვანეთა პარტია."
ოლაფ შოლცი - "შოლზომატი" და კაცი, რომელსაც ანგელა მერკელთან აიგივებენ
გერმანიის ახალ კანცლერს, 63 წლის პოლიტიკოსს, ოლაფ შოლცს წლების განმავლობაში მეტსახელად "შოლზომატს" ეძახდნენ, რადგანაც თვლიდნენ, რომ მას ჰქონდა რობოტული იმიჯი, საუბრის მანერა და ყოველთვის განუხრელად მისდევდა მთავრობის პოლიტიკას, თუმცა ეს წლების წინ იყო. შოლცმა შეძლო თავი დაეღწია ამ იმიჯისთვის და მართალია, ემოციურობით არც ახლა გამოირჩევა, თუმცა საზოგადოებას აჩვენა, რომ შეუძლია მოხერხებულად და მოქნილად მართოს სხვადასხვა კრიზისული სიტუაცია და გამოსავალი მარტივად იპოვოს.
გერმანიაში თვლიან, რომ შოლცი სხვადასხვა საკითხთან დამოკიდებულებით, ქმედებებით, შეხედულებებით ძალიან ჰგავს წინამორბედს, ანგელა მაერკელს.
სანამ პოლიტიკოსობას გადაწყვეტდა, შოლცი მშობლიურ ჰამბურგში იურისტად მუშაობდა. 1998 წელს კი პარლამენტში აირჩიეს. 2000-იან წლებში, კანცლერ გერჰარდ შრედერის დროს, შოლცი გახდა სოციალ-დემოკრატების გენერალური მდივანი. შრედერი შეიძლება მის პოლიტიკურ მენტორადაც კი ჩაითვალოს.
როდესაც მერკელმა 2005 წელს შრედერი შეცვალა და პირველი დიდი კოალიცია შექმნა, შოლცი შრომის მინისტრად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 2007 -2009 წლებში მუშაობდა.
მის სახელს უკავშირდება ქვეყნის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. 2018 წელს შოლცი გახდა გერმანიის ფინანსთა მინისტრი და ასევე გერმანიის ვიცე-კანცლერის თანამდებობაც დაიკავა.
Hamburger Abendblat-ის მთავარი რედაქტორის, ლარს ჰაიდერის თქმით, შოლცის მთავარი სისუსტე ისაა, რომ ის არ არის დიდი ორატორი.
"ის თვლის, რომ პოლიტიკოსი არ უნდა გადმოსცემდეს ემოციებს და სწორედ ამიტომ, საზოგადოებას უემოციო ადამიანი ჰგონია. ეს სამწუხაროა, რადგან ის, რა თქმა უნდა, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც აქვს გრძნობები და ემოციები, მაგრამ საჯაროდ ამ ემოციებს არასდროს გამოხატავს", - ამბობს ჰაიდერი.
ოლაფ შოლცის, როგორც ტოპ პოლიტიკოსის წლიური ხელფასი აქამდე 180 000 ევრო იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რამდენად მდიდარია, შოლცის პასუხი კი ასეთი იყო - "არ ვთვლი, რომ მდიდარი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო თანხას გამოვიმუშავებ, საშუალო სოციალურ ფენაზე ოდნავ მეტი მაქვს, ალბათ."
განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის მედიას ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ფრედერიკ მერცი, რომლის თქმითაც, შოლცი მართალია საკუთარ თავს საშუალო ფენის წარმომადგენელს უწოდებს, მაგრამ ამავდროულად, ორ კერძო თვითმფრინავს ფლობს. აღნიშნული საკითხი მედიაში ხშირადაა განხილვის საგანი.
შოლცის მშობლები ტექსტილის ინდუსტრიაში მუშაობდნენ, მას ჰყავს ორი ძმა - ჯენსი და ინგო. ძმებს შორის უფროსი თვითონაა. აღსანიშნავია, შოლცი პროტესტანტულ ევანგელური რწმენით გაიზარდა, თუმცა ახლა არც ერთი რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელი არ არის. შოლცი გახდა პირველი კანცლერი, რომელსაც ფიცის დადების ცერემონიის დროს ღმერთი არ უხსენებია.
ის 1998 წლიდან დაქორწინებულია სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელზე, ბრიტა ერნსტზე. შვილები არ ჰყავთ.
ორივე მათგანისთვის კარიერა ყოველთვის პირველ ადგილას იყო. წყვილი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის ერიდება, თუმცა ამბობენ, რომ უკვე ათწლეულებია ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ.