ავტორი:

"გავალებთ, ეს ორი დღე მოქალაქეების მიღებისთვის გამოყოთ" - კახა კალაძე გამგებლებს

"გავალებთ, ეს ორი დღე მოქალაქეების მიღებისთვის გამოყოთ" - კახა კალაძე გამგებლებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამგებლებს ავალებს, კვირაში ორი დღე- ხუთშაბათი და პარასკევი, მოქალაქეების მიღებისთვის გამოყონ.

ამასთან, როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეების მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს დედაქალაქის მერიაშიც გაიმართება.

"საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადამიანების ჩართულობა იმ პროექტებში, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია. ასევე, ადამიანებთან ელემენტარული კომუნიკაცია, ელემენტარული მოსმენა თუ ვის რა უჭირს, რა სჭირდება, რა თანადგომაა საჭირო. ამიტომ გამგებლებს გავალებთ, გამოყოთ კვირაში ორი დღე - ხუთშაბათი და პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ ადამიანებს.

მე კარგად მესმის ისიც, რომ, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას, ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ პასუხი იმაზე, რაღაცას რომ ვერ ვუკეთებთ, რაღაც შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაც არ გამოდის, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და უნდა იცოდეს კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც მას აქვს, რატომ ვერ კეთდება. იგივე მოქალაქეების მიღება, იქნება დედაქალაქის მერიაში, ხუთშაბათობით და პარასკეობით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ და გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც საჭიროებები და პრობლემები აქვთ. მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, რომ ყველაფერი კარგად იყოს ახსნილი ადამიანისთვის, რომ გაიგონ რატომ ეუბნებიან მას უარს, რატომ არ გამოდის კონკრეტული საქმე, რატომ ვერ ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება და ეს კომუნიკაცია ჩემთვის ამ ოთხი წლის განმავლობაში პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.