ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა, პარტია "საქართველოსთვის" წევრების შემდეგ "ლელო-საქართველოსთვის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დატოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, მხარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატს დაუჭირეს.
ენმ-ს წევრის ოთარ შენგელიას განცხადებით, ოპოზიციიდან ვიღაც გაიყიდა.
„გამოდის, რომ ვიღაც 30 ვერცხლად გაიყიდა ოპოზიციიდან. მან პირველ რიგში გადააბიჯა მოსახლეობის 68%-ს, რომელმაც მხარი დაუჭირა იმას, რომ ჩხოროწყუს საკრებულო ყოფილიყო ოპოზიციური. არ ვიცი ეს ადამიანი როგორ გააგრძელებს საქმიანობას ჩვენს რაიონში, როგორ ჩახედავს თვალებში ამომრჩეველს, რომელიც ითმენდა ყველაფერს, ტერორს, დაშინებას და შანტაჟს, მათ ვინც ხმა მისცეს ოპოზიციას. ჩვენ სხდომაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ, იქიდან გამოდინარე, რომ ენმ-ს 7 წევრიდან არც ერთს ხმა არ მიუცია „ქართული ოცნებისთვის“ და ეს არასდროს მოხდება" ,- განაცხადა ოთარ შენგელიამ.
რაც შეეხება "ლელო-საქართველოსთვის" დეპუტატს კორნელი წურწუმიას, მისი თქმით, რაც მოხდა გამოუცდელობის ბრალია, რადგან კოალიციური ერთობა ახალ ნაბიჯებს დგამს.
"არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას განმეორებით კენჭისყრაში. რაც შეეხება იმას რაც მოხდა, ეს არ იყო კარგი და სასიამოვნო. მე ამას მაინც გამოუცდელობას დავაბრალებდი, რადგან პირველ ნაბიჯებს დგამს ეს კოალიციური ერთობა. ეტყობა რაღაც დააკლდა ამ ერთმანეთთან ურთიერთობას. ამ წუთას არ ვიქნები მართალი და სწორი, რომ რომელიმე პარტიას დავადო ხელი", - აღნიშნა კორნელი წურწუმიამ.
ჩხოროწყუს საკრებულოში დღეს რიგით მეორე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. წარდგენილი ორი კანდიდატიდან, "ქართული ოცნების" წევრმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შოთა წურწუმიამ -12, ერთი ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.