ავტორი:

"მათი ნეშთის ადგილსამყოფელი ოჯახებმა აქამდე არ იცოდნენ... ამ ბრძოლაში 3 700-მდე ქართველი დაეცა" - დაკარგული ჯარისკაცების ახალი სია, ქერჩის კომისიიდან

"მათი ნეშთის ადგილსამყოფელი ოჯახებმა აქამდე არ იცოდნენ... ამ ბრძოლაში 3 700-მდე ქართველი დაეცა" - დაკარგული ჯარისკაცების ახალი სია, ქერჩის კომისიიდან

ქერჩის კომისია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე მუშაობს, AMBEBI.GE-ს იმ ქართველების სიას აწვდის, რომლებიც ნოვოროსიისკის აღებისას დაიღუპნენ.

ზოგი მათგანის გვარ-სახელი ადგილობრივი საერთო სასაფლაოს ობელისკზეა დატანილი, მაგრამ მათი ნეშთის ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახებს ინფორმაცია აქამდე არ ჰქონდათ.

სუსანა კირაკოზიანმა, რომელიც ქალაქ ნოვოროსიისკის სოფელ მიცხაკოში, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, იქიდან ქართველების საიდენტიფიკაციო დამუშავებულ მონაცემებთან ერთად, ფოტომასალაც მოგვაწოდა. მათ შორისაა იმ ადამიანების გვარ-სახელები, ვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას მკითხველები კომენტარებში ითხოვდნენ.

"როდესაც მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული ადამიანების ღვაწლზე, ამ პატარა ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლზე ვსაუბრობთ, ხშირად გვეუბნებიან, საკმარისია, უკვე ყველაფერი გავიგეთო... ახლა ვხვდები, რომ ჯერ ბევრმა კიდევ ვერ გაიგო - მხოლოდ სოფელ მიცხაკოში, საქართველოდან წასული 3 700-მდე ადამიანის მონაცემები ინახება, რომლებიც ქალაქ ნოვორიისკის გათავისუფლებას დაეცნენ.

დარწმუნებული ვარ, ეს ზღვაში წვეთია... უამრავი გვარი არასწორად წერია, ერთმანეთშია არეული დაბადების თარიღები და ადგილები. ამიტომ სათითაოდ ვამოწმებთ არქივში. როგორც ჩანს, მათ გვარ-სახელების ზუსტად აღნუსხვაზე თავის დროზე დიდად არ უზრუნიათ. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი სამუშაოა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, დამუშავებულებს გიგზავნით..." - ამბობს კირაკოზიანი ჩვენთან საუბარში.

გთავაზობთ მათ გვარ-სახელებს:

გიორგი იოსების ძე გაბელაშვილი - დაბადებული 1924 წელს ქალაქ გორში, კლარა ცეტკინის ქუჩის # 41. დაიღუპა 1943 წლის 21 აპრილს.

ვლადიმირ ალექსეის ძე გაბერაშვილი - დაბადებული 1924 წელს, თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში.

ირაკლი იასონის ძე გეგეშიძე - დაბადებული თბილისში, ახალციხის # 17. მეუღლე სოფია ივანოვნა.

მიხაილ თომას ძე ბარნაბიშვილი - დაბადებული 1921 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში, ან ბოდბისხევში.

ილია კეტესოს ძე ზედელაშვილი - დაბადებული 1924 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში. მეტყვიამფრქვევე.

აპოლონ ანთიმონის ძე კევერენჩხილაძე - დაბადებული 1924 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. მეტყვიამფრქვევეთა დივიზიიდან.

გერსაფონ (ან გერასიმე) პეტრეს ძე გურაშვილი - დაბადებული 1924 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში.

იოსებ პლატონის ძე გველესიანი - დაბადებული 1924 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში. 1942 წლის აგვისტომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა, სინამდვილეში დაიღუპა ნოვოროსიისკის გათავისუფლებისას. მის პირად მონაცემებში არ ფიქსირდება, რომ ამის შესახებ ოჯახის წევრებს აცნობეს.

აკაკი ფილიპეს ძე ესვანჯია - დაბადებული 1921 წელს, სამტრედიის რაიონში, ბერიას ქუჩა #36. არმიაში ირიცხებოდა 1939 წლიდან. წოდება - უფროსი ლეიტანტი, მოიერიშე თვითმფრინავის შტურმანი. დაჯილდოებული იყო რამდენიმე საბრძოლო ჯილდოთი. 1942 წელს მიღებული ჰქონდა სამი წითელი ვარსკვლავი, 1943 წელს სევასტოპოლის თავდაცვაში აღებული აქვს ორდენი. მეორე წითელი ჯვრის ორდენი კი, 1944 წელს, შავი ზღვის ფლოტისგან. იმავე წლის 4 აპრილს დაიღუპა მიცხაკოს სამხედრო აეროდრომში ავიაკატასტროფაში.