ავტორი:

"მალე გაეშვება პროექტი, რომელსაც მსოფლიო ელოდება... ათი მილიარდი დაჯდა" - რას ჰყვება ქართველი რეჟისორი ნასას ერთ-ერთ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ?

"მალე გაეშვება პროექტი, რომელსაც მსოფლიო ელოდება... ათი მილიარდი დაჯდა" - რას ჰყვება ქართველი რეჟისორი ნასას ერთ-ერთ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ?

"ოთხი წლის წინ, ჩემი შვილი ოთო წავიყვანე ნასაში და თვით მთავარი ინჟინერი და ჩემი მეგობარი, რობ მენინგი იყო მისი გიდი... უკან ხედავთ მარსმავალის მშენებლობის პროცესს, რომელიც უკვე მარსზეა" - წერს ქართველი რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე...

რამაზ ბლუაშვილი ერთი კვირის წინაც იმყოფებოდა ნასას ერთ-ერთ დამფუძნებელთან და მთავარ ინჟინერთან... ქართველმა რეჟისორმა ნასას უახლოესი გეგმები გაგვაცნო:

- ერთი კვირის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემს მეგობარს სტუმრად ვეწვიე, რომელიც ნასას თანამშრომელი, მსოფლიოში ცნობილი რობ მენინგია... მან მადლიერების დღისადმი მიძღვნილ ვახშამზე მიმიწვია, სადაც მხოლოდ უახლოესი მეგობრები ჰყავდა მიწვეული. მე და რობი ყოველი შეხვედრისას სიახლეებზე ვსაუბრობთ და ამჯერადაც ბევრი სასიამოვნო სიახლე გამაცნო... ასევე შევხვდი ჩემს მეორე უახლოეს მეგობარს ჯონ კასანის. მოგეხსენებათ, ჯონ კასანი მართლაც ცოცხალი ლეგენდაა და ნასას ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება.

- ნასაში ალბათ ბევრი უმნიშვნელოვანესი რამ იგეგმება...

- დიახ სიახლეს რაც შეეხება, მითხრეს, რომ უახლოეს მომავალში, ყველაზე პირველი პროექტი, რაც მალე განხორციელდება, კოსმოსური ტელესკოპი უნდა გაიშვას... ძალიან დიდი ხანია მთელი მსოფლიო ელოდება და საკმაოდ გახმაურებული პროექტია, რომელიც ათ მილიარდ დოლარამდე დაჯდა... ტელესკოპ ჰაბლისგან განსხვავებით, რომელიც დედამიწის ორბიტაზეა, ჯეიმს ვების ტელესკოპი დედამიწიდან მილიონ კილომეტრზე შორ მანძილზე იქნება განთავსებული და რაიმე პრობლემის შემთხვევაში, მისი შეკეთება შეუძლებელი იქნება.

რამაზ ბლუაშვილი და რობ მენინგი

რობი მენინგი რასაც ხელმძღვანელობს, ეს არის ნასა რომ აპირებს პლანეტა იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ "ევროპაზე" კოსმოსური ხომალდი გაუშვას, ... მოგეხსენებათ "ევროპა" მთლიანად ყინულებით არის დაფარული და ნასას ინფორმაცია აქვს, რომ ამ ყინულების ქვეშ დიდი ოკეანეებია. ინფრაწითელი კამერების საშუალებით იქ ფოტოების გადაღებას შეძლებენ... კოსმოსური ხომალდი არ დაჯდება "ევროპაზე", მაგრამ ძალიან ბევრ და საინტერესო ინფორმაციას შეაგროვებს ამ პატარა, თუმცა ძალიან საინტერესო თანამგზავრის შესახებ...

რამაზ ბლუაშვილი ხომალდ ვოიაჯერის მოდელთან

ვიცით, რომ იუპიტერზე დაჯდომა შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმე წელია იუპიტერის გარშემო ნასას აქვს კოსმოსური ხომალდი, რომელიც იუპიტერის შესახებ უამრავ ინფორმაციას გვაწვდის. არსებობს მათ მიერ გადაღებული ძალიან დეტალური ფოტოები. ამჯერად კვლევაც გადაწყვიტა ნასამ და ამიტომ კონკრეტულად თანამგზავრ "ევროპაზე" გაუშვებენ კოსმოსურ ხომალდს. ძალიან საინტერესო ინფორმაციას უნდა ველოდოთ!

- მარსის შესახებ რას გვეტყოდით?

- ყველაზე დიდი შეხება მსოფლიოში მარსთან რობ მენინგს ჰქონდა, რადგან აბსოლუტურად ყველა მარსმავალის მარსზე განთავსების პროცესში რობი იყო და არის ჩართული. დღეს იგი ნასას მთავარი ინჟინერია და თუ რამე ხდება ნასას მხრიდან მარსზე, ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ყველა დეტალი ზეპირად იცის, ეს რობ მენინგია... მზის სისტემის პლანეტების კვლევა ერთნაირად მნიშვნელოვანია, უბრალოდ, მარსი უფრო პრიორიტეტული და შედარებით ადვილი შესასწავლია, რადგან ყველაზე ახლო პლანეტაა დედამიწიდან.

ნასას და რამდენიმე ქვეყანას წლებია მარსზე ჰყავს განთავსებული მარსმავალები და მარსი ძალიან მაღალ დონეზეა გამოკვლეული. კვლევა კიდევ გრძელდება... რაც უფრო შორს მივდივართ, ყველაფერი უფრო რთულდება, რადგან ძალიან დიდი ხანი უნდა იქ ჩასვლას. მაგალითად პლანეტა "პლუტონის" გამოსაკვლევად კოსმოსური ხომალდი "ახალი ჰორიზონტი" 12 წელი მიდიოდა. მარსზე ჩასვლას მხოლოდ ექვსი თვე ჭირდება.

მთელ მსოფლიოში რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ნასა გასაიდუმლოებული ორგანიზაციაა. ამ დროს, რადგან ნასას დაფინანსება ამერიკის ბიუჯეტიდან ხდება, თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე ორგანიზაციაა.

რამაზ ბლუაშვილი და ჯონ კასანი

ნასაზე რაც საიდუმლოა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურთ მათი ტექნიკა უცხო ხელში ჩავარდეს, თორემ იმიტომ კი არა, რომ უცხო პლანეტელებთან ერთად მგზავრობენ... ნასას წარმომადგენლებს ჩემთან პირად საუბარში რამდენჯერ უთქვამთ, ნეტავ რამე იყოს და ჩვენ მაგის თქმას ვერავინ დაგვასწრებსო. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება კოსმოსის კვლევას უძღვნის, ყველაზე მეტად მას სურს რამე ახალი აღმოაჩინოს?! ადამიანს თუ ესმის, სამყარო რამხელაა და ამის აღქმა შეუძლია, შესაბამისად უნდა ხვდებოდეს, რომ ერთი კი არა, მილიონობით სხვა ცივილიზაციაა... უცხოპლანეტელები რამდენად აქ მოდიან და ვიზიტებს ახორციელებენ, ეს სხვა საკითხია. იმ ფიზიკით, რომელიც ამჯერად ვიცით, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია.

- როგორც ვიცით თქვენი მეგობრები საქართველოში იმყოფებოდნენ...

- დიახ... "ვოიაჯერის“ 40 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად, "ვოიაჯერისა" და "ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. კონცერტი „ჩაკრულოს“ კვირეულის“ ფარგლებში, "ნასას" ორი კოსმოსური ხომალდის, „ვოიაჯერ 1“-ისა და „ვოიაჯერ 2“-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. კვირეულის ორგანიზატორები იყვენ: აშშ-ის საელჩო საქართველოში და მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდი „ნოვა“. "ვოიაჯერ 2" 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს... თითოეულ ხომალდს "კოსმოსურ ოკეანეში" თან მიაქვს ოქროს ფირფიტა, რომლებზეც ჩაწერილია დედამიწისეული ხმები, ღირსშესანიშნავი ადგილები და სიმღერები ჩვენი პლანეტიდან, მათ შორისაა ქართული სიმღერა "ჩაკრულო". უკვე არაერთხელ მითქვამს რომ კოსმოსში "ჩაკრულოს" გაშვების ბედი ჯონ ასანიმ გადაწყვიტა და ამიტომ ჯონ კასანი და რობ მენინგი ყველაზე საპატიო სტუმრებად იყვნენ მოწვეული...

ამჯერად ამერიკაში სუფრასთან რომ ვისხედით, რობ მენინგმა მითხრა, რომ ყველას დეტალებში უყვება იმ აღფრთოვანებას, რაც მან საქართველოში მიიღო...რობ მენინგს ძალიან უყვარს საქართველო! მისი მეგობრები რომ შეიკრიბნენ, პირველი რაც მან გააკეთა, გიტარა მომაწოდა და მითხრა, გთხოვ, ქართული სიმღერა შეგვისრულე, საქართველო ძალიან მოგვენატრაო...

"ჩაკრულო" დღეს დაახლოებით 35 მილიარდი კილომეტრით არის დედამიწიდან დაშორებული. ეს ჩვენი განსაზღვრებით ძალიან დიდ მანძილად ჩანს, მაგრამ კოსმოსისთვის სრულიად უმნიშვნელოა...