ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა" - ნინო ლომჯარია

"მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა" - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როცა მას სასამართლოს სხდომებზე დასწრების უფლება არ მისცეს.

როგორც სახალხო დამცველმა საკუთარ ანგარიშში აღნიშნა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა.

ნინო ლომჯარიამ პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება.

"რაც შეეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებს, 2021 წლის ბოლოს, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდება/მსჯავრდებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები. საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როცა მას პირველ სამ სასამართლო პროცესზე ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა ბრალდებულის სასამართლოში მიყვანაზე. აღნიშნულის მიზეზად კი მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

სახალხო დამცველის შეფასებით სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობის შეზღუდვა უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. პენიტენციური სამსახურის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, სახალხო დამცველის შეფასებით ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად; მითუმეტეს სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ეყრდნობოდა სამედიცინო დასკვნას. მეტიც, მსგავსმა პრაქტიკამ შესაძლოა ყველა მოშიმშილე პატიმარს წაართვას შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში. რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილია სასამართლოს ხელმისაწვდომობა და მას უკვე ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა პირადად მიეღო მონაწილეობა სასამართლო პროცესებში.

რაც შეეხება 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას, აღნიშნული სახალხო დამცველმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ანალოგიურად შეფასდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერაც”, - განაცხადა ლომჯარიამ.