ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეკატერინე ტიკარაძე მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დანიშნა. ბიძინა ივანიშვილის "ოჯახის სტომატოლოგი" - ასე მოიხსენიებდა წლების განმავლობაში ოპოზიცია მინისტრს.
ეკატერინე ტიკარაძეს ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია ჯანდაცვის მინისტრობამ. თანამდებობის მიღებიდან რამდენიმე თვეში, მსოფლიოში პანდემია დაიწყო. ამ ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე იყო უამრავი პროფესიული კრიტიკა. აკრიტიკებდნენ ჩაცმის, ვარცხნილობის გამო, რადგან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემიის გამო სილამაზის სალონები დახურული იყო, მინისტრი ყოველდღიურ ბრიფინგებზე ყოველთვის მოწესრიგებული ვარცხნილობით ჩნდებოდა.
Ambebi.ge-ზე პირველად გამოქვეყნდა მინისტრი ტიკარაძის პირადი ცხოვრების შესახებ საინტერესო დეტალები.
2007-2008 წლებში როდესაც ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში ცხოვრობდა, ცნობილი ქართველი მსახიობის ბადრი კაკაბაძის ვაჟზე, ტატო (ბიძინა კაკაბაძეზე) იქორწინა. ტატოს დედაც ცნობილი მსახიობი დარეჯან ჯოჯუა გახლავთ, თუმცა ბადრი კაკაბაძესთან ქალბატონი დარეჯანი დიდი ხნის დაშორებულია.
წყვილს ორი შვილი ჰყავს. დათა 2002 წელს გერმანიაში შეეძინათ. მეორე შვილი ანასტასია 2011 წელს საქართველოში დაიბადა და მისი ერთ-ერთი ნათლია ბერა ივანიშვილია.
ეკატერინე ტიკარაძემ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია 2021 წლის 13 სექტემბერს ჯერ კიდევ მინისტრის პოსტზე ყოფნისას შეავსო.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 16 იანვარს მინისტრმა თბილისში 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლი 110 000 დოლარად შეიძინა, თუმცა იქვე შენიშვნის სახით წერია, რომ ქონება შეძენილია 2009 წელს, ხოლო თარიღი საჯარო რეესტრის ბაზიდან 2020 წელს არის მიბმული. საერთო ფართიდან კი საცხოვრებელი ფართი 313,40 კვ. მ-ია, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთი ეზოს უკავია.
ცნობილია ეკატერინე ტიკარაძის მეუღლის გატაცება მოტოციკლეტებით. ტატო კაკაბაძე ბაიკერია.
ბიძინა კაკაბაძემ 2018 წელს, მოტოციკლეტი BMW R100 RT, 7 ათას დოლარად შეიძინა. ხოლო 2020 წელს მოტოციკლი BMW 9 ათას დოლარად. 2020 წელს კაკაბაძემ ასევე მსუბუქი მანქანა Toyota camri შეიძინა და მასში 13 ათასი დოლარი გადაიხადა.
ტიკარაძის მეუღლე ბევრს მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ამის ამსახველ ფოტოებს პერიოდულად სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრობის პერიოდში 01.01.2020 - 31.12.2020 პერიოდში ხელფასის სახით 60 300 ლარი აიღო. დროის იგივე მონაკვეთში ბიძინა კაკაბაძემ შპს ჰაუსფაქტორში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას 3 ათასი ლარი.
ეკატერინე ტიკარაძეს დეკლარაციაში შვილების სწავლის გადასახადზე 5600 ლარი აქვს მითითებული. ცნობილია, რომ მისი უმცროსი შვილი კერძო სკოლაში დადის, უფროსმა კი შარშან დაამთავრა. რატომ დაყავდა მინისტრ ტიკარაძეს შვილები კერძო სკოლაში, ერთი წლის წინ ამბობდა:
"ჩემმა ერთმა შვილმა კერძო სკოლა დაამთავრა, მეორე შვილი ახლა სწავლობს. ეს ჩემს თანამდებობრივ პოზიციასთან კავშირში არ არის. ეს ჩემი, როგორც მოქალაქის გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მივიღე.
ჩემი შვილის სკოლაში პირველი კლასიდან გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა, ასევე 4 ენა. ჩემთვის ეს ორივე საგანი იყო პრიორიტეტული და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ამას ემყარებოდა. ეს კერძო სკოლა საქართველოს სხვა კერძო სკოლებთან შედარებით ყველაზე დაბალი ტარიფით გამოირჩევა...“
მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, მედიაში უამრავი დაუზუსტებელი ცნობა ვრცელდება. გარდა იმ ჭორისა, რომ ამბობენ, რომ თანამდებობიდან წასვლა ირაკლი ღარიბაშვილთან კონფლიქტის გამო გადაწყვიტა, აქვე ვრცელდება ვერსია, რომ შეიძლება სწორედ მან შეცვალოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი... ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეცვლის მინისტრ ტიკარაძეს, ახალ წლამდე ის მინისტრის მოვალეობას ასრულებს.