"დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც "ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, მე მგონია, რომ შეუძლებელია" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ჟურნალისტებმა კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც პრეზიდენტი ამბობს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".
კალაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციაზე, სიძულვილზე და ბოროტებაზეა დაფუძნებული.
"მე მგონია, რომ შეუძლებელია. დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც "ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, რომელიც დაფუძნებულია დესტრუქციაზე, სიძულვილზე, ბოროტებაზე და ყველაფერი ცუდი რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, მე ვფიქრობ, ძალიან რთულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ის პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა უახლესი ისტორიის საერთო აღქმას მივაღწიოთ, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.