ავტორი:

"ალბათ ისეთი ოჯახის შვილია, ვინც ჩათვალა, რომ ქართველებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს" - როგორ ეხმაურებიან სოხუმში აფხაზი ბლოგერის ვიდეომიმართვას, შერიგებაზე

"ალბათ ისეთი ოჯახის შვილია, ვინც ჩათვალა, რომ ქართველებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს" - როგორ ეხმაურებიან სოხუმში აფხაზი ბლოგერის ვიდეომიმართვას, შერიგებაზე

ცნობილი აფხაზი ტიკტოკერი, რომელიც უკვე მერამდენე თვეა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას შერიგებასა და ძმური თანაცხოვრებისკენ მოუწოდებს, ამჯერად წერს, რომ ორ თვეზე მეტია თბილისში იმყოფება, ყველამ იცის მისი აფხაზური წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში აგრესია არავისგან უგრძვნია, პირიქით...

"მშვიდობა მსოფლიოს... ორ თვეზე მეტია საქართველოში ვარ და მომინდა სიმართლე გითხრათ, რა ხდება სინამდვილეში - არ ვიცი, ამ სიმართლეს ვინ როგორ მიიღებს, ალბათ გამაკრიტიკებენ, მაგრამ ისეთებიც იქნებიან, ვინც ამას გაიგებს და მიიღებს... ამ ორი თვის განმავლობაში, არც ერთი ქართველისგან, მათ შორის არც ქალისგან, არ მიგრძვნია ნეგატივი, არც მათი, არც აფხაზეთის მისამართით. აქ ასევე, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ აფხაზეთში საომრად წავიდეს. ეს ყველაფერი მოგონილია. პირიქით - მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ ძმები ვართ. ერთი მთლიანი ვართ.

მთლიანობაში, ცუდ და ნეგატიურ აზრს არავინ გამოთქვამს. ასეთი რამ არ ხდება, ყველაფერი ტყუილი და მოგონილია. ამას საკუთარი თვალით ვხედავ. ამდენი ხანია საქართველოში ვიმყოფები და სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მეკითხებიან, საიდან ჩამოვედი, თამამად ვპასუხობ, აფხაზეთიდან, აფხაზი ვარ-მეთქი, მაგრამ არავის უსაყვედურია. პირიქით, მეუბნებიან, ჩვენი ძმა ხარო. ამიტომაც, იმედი მაქვს, ბევრი მომისმენს და გაიგებს, რატომაც ვამბობ ამას, ვიცი რაც ხდება და იმიტომ. მშვიდობა მსოფლიოს!.." - ამბობს აფხაზი ბიჭი თავის მიმართვაში. ის სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში ძალიან პოპულარულია რა რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავს.

მისი მიმართვიდან რამდენიმე ხანში აფხაზურ საზოგადოებას ტალღასავით გადაუარა განსხვავებულმა ემოციებმა. ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი ნამდვილი აფხაზობა საეჭვოა; ზოგის თქმით, აფხაზეთის მიღმა ქართველები და აფხაზები მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს, მათ შორის, ერთად წარმართავენ ბიზნესს და არც სხვა სფეროში უჭირთ საერთო ენის პოვნა. კიდევ ერთი ნაწილის თქმით, ეს ერთი ან რამდენიმე პირის პროექტია, რომელიც როგორ წესი, მოკლევადიანია...

"არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ბიჭი გულწრფელად ამბობს ამ ყველაფერს. არც ისეთი დიდია, 90-იანი წლების კოშმარი ახსოვდეს და არც ისეთი პატარა, ოჯახის წევრებს არ მოეთხროთ იმ პერიოდზე. შესაძლოა, ისეთი ოჯახის შვილია, ვინც ჩათვალა, რომ ქართველებთან გასაყოფი არაფერი ჰქონდა, ომამდე დატოვა აქაურობა. მან რა უნდა გაიგოს, რა იცის მან ჩვენს ტკივილზე?" - წერს აფხაზი ელა დაუთია სოციალურ ქსელში.

"ქართულ ინტერნეტსივრცეში კი ათასობით ნახვა და კომენტარი აქვს, მაგრამ ჩვენ რატომ გვაინტერესებს ამ ერთი "ბაცნის" მოსაზრებები ვითომ პოლიტიკაზე, შერიგებაზე, მშვიდობაზე... არც გვარი ვიცით, არც სახელი. მალავს, ეტყობა. ორი თვეა საქართველოში ვარო, იყოს, დარჩეს იქ და ჩვენთვის მორალის კითხვას თავი დაანებოს" - მიაჩნია ნანა მეფორიას.

"ძალიან არაპოპულარულ რაღაცას დავწერ - ისეთი ამბავია ბოლო წლების აფხაზეთში, არც ომია და არც მშვიდობა, ადამიანები სახლიდან გადიან და იკარგებიან. სახლები იწვება. ავტოსაგზაო შემთხვევებს ასობით ადამიანი ეწირება. მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილი მდიდრდება, რუსები აქ რომ ჩამოდიან, პაპუასებს გვეძახიან აქაც და მერეც. ჰოდა, ამ სიტუაციაში თუ ვინმეს მოუნდა ჩვენთან, გვიხაროდეს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი საიდა ხუჟბა.

"რა საინტერესოა ვისი პროექტია. ალბათ, იმ აფახაზი ბიზნესმენების, ქართველი მეგობრები რომ ჰყავთ და აქეთაც რომ აპირებდნენ შემოყვანას. ცნობილი ამბავია თუნდაც რუსეთში, ქართველი და აფხაზი ძალიან კარგად მუშაობენ ერთად, კერძო ბიზნესში თუ საჯარო სამსახურში. ერთმა აფხაზმა, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში, ამას წინათ მითხრა, წინ გაიხედეთ და დაფიქრდით, რა არის ამ ქვეყნის მომავალი და მიხვდები, ეს 30 წელი მოსახლეობისთვის დაკარგულად ითვლებაო. ალბათ ასეთებს გულისხმობს ის ბიჭი, როცა ამბობს, რომ იმედია, ისეთებიც გამოჩნდებიან, ვინც გამიგებსო" - წერს გუნდა გამგია.