ავტორი:

"ინფორმაცია, რომ ერთაწმინდის ტაძარი სასულიერო პირებმა განგებ დააზიანეს, სიცრუეა" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო?

"ინფორმაცია, რომ ერთაწმინდის ტაძარი სასულიერო პირებმა განგებ დააზიანეს, სიცრუეა" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო?

საპატრიარქო სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ერთაწმინდის ტაძარი სასულიერო პირებმა თითქოს განგებ დააზიანეს, ღუმელი დადგეს და მილი სარკმლიდან გაიყვანეს“.

როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი ფოტომასალა ძველია და ტაძრის რესტავრაციამდეა გადაღებული. საპატრიარქო ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც ტაძრის ამჟამინდელი რეალური იერსახეა ასახული.

"რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო. მასზე ასახული იყო ერთაწმინდის ტაძარი, რომელიც სასულიერო პირებმა თითქოს განგებ დააზიანეს, ღუმელი დადგეს და მილი სარკმლიდან გაიყვანეს.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ფოტომასალა ძველია. ფოტო გადაღებულია ტაძრის რესტავრაციამდე. აქვე დავძენთ, რომ ერთაწმინდის ტაძარს დაახლოებით ათ წელზე მეტია, სრულფასოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ არავითარი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით, საზოგადოებაში მსგავსი ცრუ ბრალდება და ცილისმწამებლური განცხადებები ვრცელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ „ფეისბუქზე“ ერთაწმინდის ტაძრის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ტაძრის სარკმელში ღუმელის მილია გაყვანილი.

"800 წლის ამ საოცარ ჩუქურთმებს რომ ღუმელის მილს გაუყრი, რაღაზე უნდა ვისაუბროთ?! იმ მღვდლის დეგნერატიზმი ხომ რეკორდს ხსნის?! ერთაწმინდის ტაძარი, კასპის მუნიციპალიტეტში. გაიკვამლება-არგაიკვამლება ფეხებზე ჰკიდია, მთავარია გვერდები გაითბოს“,- წერს ილია ჭიღლაძე.