ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წინანდალში, სასტუმროში მთავრობის წევრების, საკრებულოს თავმჯდომარეების, მერების, დეპუტატების შეკრების მიზეზს განმარტავს.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილავენ იმ ზოგად პრინციპულ საკითხებს, რაც ქვეყანას რეალური გამოწვევების სახით უდგას.
ჟურნალისტების კითხვაზე, საზოგადოების მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, უქმნის თუ არა მათ უხერხულობას ის ფაქტი, რომ მათთვის 450-კაციანი ვახშამია შეკვეთილი, სადაც ერთი ადამიანის გამასპინძლება 350 ლარი ჯდება, მდინარაძე პასუხობს, რომ „სუფრა ამდენი არ ჯდება და ეს ტყუილია“.
"ესეც ტყუილი თქვით. ერთი ადამიანის გამასპინძლება ამდენი და იმდენი ჯდება, ტყუილია, დეტალები არ ვიცი, მაგრამ გაცილებით ნაკლები ღირს, გულწრფელად არ ვიცი, ზუსტად რა ჯდება, მაგრამ არა ის თანხები, რაც თქვენ თქვით. დღევანდელი შეკრების მიზანი ვახშამი კი არ არის, ვახშამი არის ყველა სასტუმროში თანმდევი მომსახურება და სერვისი, როცა სასტუმროს იღებ. დღევანდელი შეკრების მიზანი არის ის, რომ გუნდი, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლები, პრაქტიკულად სრული შემადგენლობით, საკრებულოში არჩეული თავმჯდომარეები, მერები და თითქმის, ყველა დეპუტატი ვისაც აქ ჩამოსვლის საშუალება ჰქონდა, ვიკრიბებით, რომ გუნდურ, საერთო ხედვებზე შევჯერდეთ და ძალიან კარგი იქნება, ამას ხშირად თუ მოვახერხებთ. ძალიან რთულია ამდენი ადამიანის ერთად შეკრება, გუნდის საერთო მიზნებზე, ხედვებზე დისკუსია, მსჯელობა და საერთო მიზნების განსაზღვრა ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც თითოეულ სოფელს, ქალაქს, მუნიციპალიტეტს აწუხებს და ბუნებრივია, როცა ასეთი დისკუსია გუნდის პრაქტიკულად მთლიანი შემადგენლობით არის, საერთო პოზიციები კიდევ უფრო კარგად იქნება შეჯერებული.
ამ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმესაათიანი იქნება, შევეცდებით გავიაროთ ის ზოგადი პრინციპული საკითხები, რაც ამ ქვეყანას რეალური გამოწვევების სახით უდგას“, - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, ფინანსდება თუ არა აღნიშნული შეკრება ბიუჯეტიდან, მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს „პარტიული თანხებით ფინანსდება“.
„თქვენი ბელადისგან განსხვავებით, რომელიც საბიუჯეტო თანხებით სამუშაო შეხვედრებს, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ამას კი არ აწყობდა, არამედ აწყობდა ღრეობებს, ბოტოქსებს და ლიპოსაქციებს იკეთებდა, მისი და უგულავას გახდომაზე ფიქრობდა, რომელ ქვეყანაში უკაცრავად, მაგრამ „ეგულავა“, ამისგან განსხვავებით, ჩვენ ამ სამუშაო შეხვედრას ვაფინანსებთ პარტიული თანხებით“, - განაცხადა მდინარაძემ.