ავტორი:

არქიტექტორი, რომელმაც თბილისის ძველი უბნების უნიკალურობა ფოტოებზე აღბეჭდა - კოლექცია დედაქალაქის ახალ და განსხვავებულ შტრიხებს გაჩვენებთ (ფოტოები)

არქიტექტორი, რომელმაც თბილისის ძველი უბნების უნიკალურობა ფოტოებზე აღბეჭდა - კოლექცია დედაქალაქის ახალ და განსხვავებულ შტრიხებს გაჩვენებთ (ფოტოები)

ნოდარ სუმბაძე თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცია. მას ამ ქალაქში ბევრი იცნობს და ჩვენი რესპონდენტიც ერთხელ უკვე ყოფილა. პროფესიით არქიტექტორი, ათწლეულების მანძილზე თბილისის ძველ უბნებში ფეხით დადის და უნიკალურ კოლექციას ქმნის. ფოტოზე აღბეჭდავს ქალაქის ძველ არქიტექტურას, მის სახასიათო შტრიხებსა და დეტალებს, თუმცა წლების წინ, მის მიერ გადაღებული და ფოტოზე აღბეჭდილი ესა თუ ის შენობა-ნაგებობა, დღეს უკვე შეიძლება აღარც იყოს, რადგან თანამედროვე თბილისში გაჩაღებული მშენებლობის გამო დაინგრა და მათ ადგილას უკვე ახალი შენობებიც გაჩნდა.

ბატონი ნოდარის მდიდარ კოლექციასა თუ არქივში კი მათ ნამდვილად იპოვით, ამიტომაც არის ეს კოლექცია კიდევ უფრო ღირებული.

ამასთან, ნოდარ სუმბაძემ 500-მდე ძველ შენობას ვიზუალური პასპორტი გაუკეთა, ისინი სხვადასხვა დეტალით ყველა მხრიდან გადაიღო. მოკლედ, ასე ნელ-ნელა შექმნილი თბილისის სიძველისა და უნიკალურ ხასიათის ამსახველი კოლექცია, ცოტა ხნის წინ, ავტორის მორიგ წიგნად სახელწოდებით - "თბილისური კატალოგი“ გამოიცა.

"ამ ქალაქის იერსახის განსაკუთრებულობას, განუმეორებელ "თბილისურ სტილს'' აღმოსავლურ-დასავლურ-ევროპულ-აზიური არქიტექტურული მიქსი და ლოკალური გეოგრაფიულ-კლიმატური სპეციფიკა ქმნის“ - ამბობს ნოდარ სუმბაძე.

გთავაზობთ ეპიზოდებს წიგნიდან "თბილისური კატალოგი“.

ლომები

თბილისელი ლომები - აი, უკვე 150 წელიწადზე მეტია, თვინიერად დარაჯობენ სოლოლაკისა და მთაწმინდის, ჩუღურეთისა და ავლაბრის სახლებსა და ეზოებს. დიდი ხანია, აღარ არიან ამ ქვეყანაზე არც მათი გამკეთებლები, არც ისინი, ვინც პირველად შორეულ ევროპაში დაინახა ისინი ეტლიდან და სურვილი გაუჩნდა მათი თბილისში ჩამოტანისა და გაცოცხლების. აღარც ის თანამოქალაქეები არიან, ვინც აქამდე უნახავი უცხო ცხოველის თავი დაინახა თავისი ქუჩის კედელზე და აღტაცებულმა საჩქაროდ შვილები მოიყვანა მის სანახავად.

ხის მოაჯირები

ხის აივნები და შუშაბანდები ჯერ კიდევ მხნედ იყურებიან მრუდე ქუჩებიდან და შესახვევებიდან, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. უკვე აღარ სხედან ტახტებზე დარბაისელი ჩოხოსანი მოხუცები და ჩიხტიკოპიანი ქალები, გაქრნენ სელბანტებიანი და კოხტა ულვაშებიანი ოფიცრები გიტარებითა და ყანწებით ხელში... აღარ თამაშობენ ნარდს მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული ორდენებიანი, კიტელ შეხსნილი დაღლილი მამაკაცები და აღარ ჩანან შავებში გამოწყობილი დარდით სავსე თვალცრემლიანი ქალები. დაცარიელებული აივნები დუმან. მხოლოდ დაჭრელებული მოაჯირები არ იცვლება..

ხეში ნაქსოვი ქალაქის ხუროთმოძღვრული ხალიჩა ქართული ხეზე კვეთილობიდან რბილად გადაედინება საუკუნეების განმავლობაში უკვე თბილისის სპეციფიკით გაჟღენთილ აღმოსავლურ მაქმანებში“...

ფოსტის ჩასაგდები

ჭრილი, რომლის მეშვეობით იზოლირებულ საცხოვრებელ გარემოში შემოდიოდა სიახლე გარე სამყაროდან. რუსეთსა და ევროპაში დამზადებული საფოსტო ჭრილები იმდროინდელი მხატვრულ-არქიტექტურული ტენდენციებისა და მოდის ჩარჩოებში იყო გადაწყვეტილი და სადარბაზოს კარის სტილისტიკაში ჯდებოდა. რამდენი შეყვარებული ელოდა ფოსტალიონის შემოცურებულ, მიჯნურის სუნამოს არომატით გაჟღენთილ ბარათს, ან რამდენი დედა ელოდა სამკუთხედად დაკეცილ საფოსტო შეტყობინებას მსოფლიო ომების ფრონტებიდან.

კარიატიდები

თბილისის ძველ ქუჩებში მორბენალ ბავშვებს უკვე 150 წელია, ზამთარ-ზაფხულ სევდიანად დაჰყურებს ზემოდან მითური თმაგაშლილი ქალღმერთებისა და წელზემოთ გაშიშვლებული გმირი ატლანტების მთელი არმია... მათ თვალწინ ჩაიარა თბილისელი ბურჟუაზიის გაბრწყინების ხანმოკლე პერიოდმა, მათ ყურებში ჯერ კიდევ ჟღერს რუსეთის მე-11 არმიის ცხენების ფლოქვების ხმა, მეორე მსოფლიო ომში მიმავალი ახალგაზრდებით დატვირთული "სტუდებეკერების“ ძრავების ხმაური, ბელადის ხსოვნის განსადიდებლად შეწირული ბიჭების კვნესა... დრო მიქრის, მათთვის კი არაფერი იცლება, მხოლოდ ხანდახან, ვინმეს კაპრიზით ერთიანად იცვლიან ხოლმე ფერს, მაგრამ არა განწყობილებას.

ციფრები

ციფრები აკვიატებულად თან გვდევენ სამყაროში მოსვლიდან მთელი ცხოვრების გაყოლებაზე. მსგავსად ხაზისა დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს შორის, ადამიანის მეხსიერებაც, ალბათ, ემსახურება სიცარიელის შევსებას ჩვენში არსებული უზარმაზარი ციფრული ინფორმაციის ცალკეულ სეგმენტებს შორის... წამი, წუთი, საათი, კვირა, თვე, წელი, სანტიმეტრი, მეტრი, კილომეტრი... სახლის, ბინის, პასპორტის ვიზის, ბილეთის, მანქანის ნომრები... ბავშვების, მეგობრების დაბადების თარიღები. გატანილი გოლების, წაკითხული წიგნების რაოდენობა... ციფრების უსასრულო, გრანდიოზული სამყარო გონების სტრუქტურის ხერხემალია, თანამედროვე ურბანულ გარემოში კი მეგზური და გზამკვლევი.

სადარბაზოს კარის დაბოლოება

სადარბაზოში შემოჭრილი მეოცე საუკუნის 50-იანი წლების მზის სხივი სწვდება კუთხეში შეყუჟულ ბავშვებს, რომლებიც გაოგნებული შეჰყურებენ 1910 წელს ბრუნო ტელინგატერის მიერ მოხატულ კედლებს მსოფლიოს 4 მხარის საოცრებათა გამოსახულებით... ძმები სეილანოვების კუთვნილი სახლი სადარბაზოდან იწყება, რომელშიაც ხვდებით კარის შეღების შემდეგ და სადაც ადვილად შეღწევა დღეს ბევრგან პრობლემა ხდება... სოლოლაკისა და ჩუღურეთის ულამაზესი სადარბაზოები თანდათანობით იკეტება. ცოტა ხანში მათი განთქმული სილამაზის ხილვას მხოლოდ ქაღალდზე ჩანაწერით, ტილოზე დაფიქსირებული ნახატითა და ფირზე გადაღებულს მოვახერხებთ...

სალვე

SALVE CAESAR! დიდება კეისარს! რომში გაჟღერებული ეს მისალმება, მაგრამ უკვე გადაკეთებული და მორგებული ქალაქის მაცხოვრებლებზე, პირველად 1894 წელს გამოჩნდა ევროპის დედაქალაქების სადარბაზოებში. თავდაპირველმა ლათინურმა salvus -მა ("კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“-ს აზრით) სვლა დაიწყო მსოფლიოს ქალაქებში. საუკუნეების გასაყარის თბილისელი ბურჟუაზიის იშვიათი სახლი არ ესალმებოდა სტუმარს სადარბაზოს იატაკზე გამონათებული ამ ლათინური წარწერით. ის დღესაც ბევრგან არის შემორჩენილი და წლების სიღრმიდან მოაქვს ჩვენთან სახლის პატრონის გამოგზავნილი სითბო.

აგური

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 მე-2 ათასწლეულში ეგვიპტესა და მესოპოტამიაში გამოგონილმა გამომწვარი თიხის აგურმა უმაღლეს გამოხატულებას ანტიკური რომის ტრიუმფალურ თაღებში მიაღწია და სტრაბონის აღწერილი იბერიის ნაგებობებიდან უკვე ქართული, კვადრატული აგურის სახით მოგვევლინა. დღესაც თბილისში მე-19 საუკუნის ბევრი აგურის შენობას შევხვდებით, თუმცა ნაგებს უკვე კარგად ნაცნობი საერთაშორისო, ჩვენთან რუსულის სახელით ცნობილი აგურისგან...1913 წელს კაპიტალიზმის სათავეებთან მდგარ საქართველოში 30 მილიონი ასეთი აგური აწარმოეს... ამერიკელმა რეიმონ ჩეიზმა კი ვაშინგტონში, ნაციონალურ მუზეუმს აგურის 1800 ნაირსახეობისგან შემდგარი კოლექცია გადასცა.