ავტორი:

"ბაგრატის ტაძარში დიდი დაზიანება არ არის, გარედან სველდება კედელი" - მეუფე იოანე

"ბაგრატის ტაძარში დიდი დაზიანება არ არის, გარედან სველდება კედელი" - მეუფე იოანე

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი დაზიანებულია. მათი თქმით, ტაძარში წყალი სახურავიდან, დაახლოებით, ათ ადგილას ჟონავს. სველია ფასადის ქვა და ტენიანია კედლების ფრაგმენტები.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ბაგრატის ტაძარში წვიმის წყლის შეჩერება მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი განმარტავს, რომ დაზიანება გელათისგან განსხვავებით დიდი არ არის, ტაძრის შიდა ნაწილი არ ზიანდება და წვიმის დროს გარე ფასადი სველდება.

მისი თქმით, ხარვეზებს სწავლობენ და აღდგენით სამუშაოებში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

"კულტურის მინისტრი იყო მოსული და შეისწავლეს. დაისვა საკითხი, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს და მომავალში მხოლოდ სერთიფიცირებული ადამიანები დაიშვებიან სამუშაოებზე. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია, გამოსწორება. დიდი დაზიანება არ არის, ერთ ნაწილზე გარედან სველდება კედელი. გელათისგან განსხვავებით ფრესკები არ არის და დაზიანება არ გვაქვს", - განაცხადა მეუფე იოანემ.