ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ისარგებლებდა სეირნობის უფლებით" - ნინო ლომჯარია

"მიხეილ სააკაშვილს ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ისარგებლებდა სეირნობის უფლებით" - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი სეირნობის უფლებით ისარგებლებდა.

როგორც ომბუდსმენმა დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სააკაშვილს, როგორც პაციენტს უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება და ეს საკითხი პრობლემაა.

"რაც შეეხება უფლებრივ მდგომარეობას, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმაც მითხრა, დისციპლინური სასჯელი გამოიხატა მხოლოდ საუბრის უფლების შეზღუდვაში, რაც მას ისედაც შეზღუდული ჰქონდა სხვადასხვა მიმდინარე საქმიდან გამომდინარე. დღეს ტელევიზორს უყურებს, თუმცა, რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. ასევე, როგორც ვიცი, როგორც პაციენტს მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს პრობლემურად მეჩვენება. ეს საკითხებიც განხილული იქნება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაძლო გადაყვანის საკითხს, ომბუდსმენი ამბობს, რომ ჯერ მისი მდგომარეობა ექიმების მიერ უნდა შეფასდეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცენ.

"ალბათ, ჯერ უნდა შეფასდეს ჯანმთელობის მდგომარეობა და ექიმები რეკომენდაციებსაც დაწერენ. მე ამ რეკომენდაციებში არ ვერევი, თუ იქნება ექიმების მხრიდან მსგავსი შეფასება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი მხარს დაუჭერს ამ რეკომენდაციების განხორციელებას. ჯერ ექიმებმა უნდა ისაუბრონ და პოზიციები შეაჯერონ“,- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მრავალმხრივი პრობლემა იკვეთება, რომელიც ერთიან სურათში დანახვას საჭიროებს.

"ძალიან დიდი აქცენტები კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე, თუმცა მრავალმხრივი პრობლემები არის, რომელსაც შეჯერება და ერთიანი სურათის დანახვა სჭირდება.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ საკითხზე მაინცადამაინც ამხელა ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და ძალიან მალე ვეცდებით, რომ ჩვენი დასკვნა იყოს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით დეტალურად შეისწავლა პაციენტის საქმე.

"ასევე, ჩატარდა მისის უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მკურნალ ექიმთან საუბარი მიმდინარეობდა. ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც შეჯერება სჭირდება, იმიტომ რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა არ აქვს, ეს არის მრავალმხრივი გართულებები. ექიმებს ახლა სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ. ამის შემდეგ გავრცელდება საჯაროდ დასკვნა, შეფასებით და რეკომენდაციებით“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს შევიდა. სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ერთად, დღეს ჯგუფის მუშობაში ექიმი ფსიქიატრიც ჩაერთო.