გერმანიის ახალმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მზად არის დაბლოკოს რუსული გაზსადენი "ჩრდილოეთ ნაკადი 2“ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი წავა უკრაინის წინააღმდეგ ახალ აგრესიაზე.
ბოლო კვირების განმავლობაში დასავლური სახელმწიფოები გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალის მასშტაბური კონცენტრაციის გამო და ეჭვობენ, რომ ოფიციალური მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.
შეგახსენებთ, მშენებელობა გაზსადენისა, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, უკვე დასრულებულია, თუმცა ნოემბერში გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დროებით შეეჩერებინა გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, მოცემულ მომენტში ვერ იქნება სერტიფიცირებული "ჩრდილოეთის ნაკადი 2“. ამის მიზეზად ამ ეტაპზე მან გაზსადენის ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაასახელა.
ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში, მინისტრმა რუსულ გაზსადენთან დაკავშირებული ვითარების კომენტირებისას, აღნიშნა, რომ გერმანიის ახალი მინისტრთა კაბინეტის შესახებ კოალიციური შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რომ გაზსადენის საკითხში იგი ევროპულ ნორმებით იხელმძღვანელებს. ბერბოკს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რაში მდგომარეობს გაზსადენის შეუსაბამობა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამჟამად გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია და მას ექსპლუატაციაში შესასვლელად სჭირდება შესატყვისი სერტიფიცირება.
როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა გაზსადენის ექსპლუატაციის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან შიშობენ, ამით რუსეთი ევროპაზე ზეწოლის ახალ ინსტრუმენტს მიიღებს.