ავტორი:

"ჩემი შვილი, საცოლესთან ერთად, ავარიაში მოჰყვა..." - რას ჰყვება ამირან გამყრელიძე ცხოვრების უდიდეს ტრაგედიაზე

"ჩემი შვილი, საცოლესთან ერთად, ავარიაში მოჰყვა..." - რას ჰყვება ამირან გამყრელიძე ცხოვრების უდიდეს ტრაგედიაზე

1995 წელს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. უფროსი შვილი გიგი გამყრელიძე, საცოლესთან ერთად, ავარიაში დაიღუპა. ამ თემაზე საუბარი გამყრელიძეს ყოველთვის უჭირს, თუმცა ამჯერად "იმედის" ეთერში, ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას, კიდევ ერთხელ გაიხსენა წლების წინ დატრიალებული ტრაგედია.

ამირან გამყრელიძე:

"ამ დროს ჩემი ცხოვრება გაჩერდა. ჩემი შვილი, საცოლესთან ერთად, ავარიაში მოჰყვა. ორი დღით ადრე ჩვენთან იყვნენ, როცა ოჯახს თავიანთი მიზნები გაუმხილეს, გადაწყდა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. ორ კვირაში ნიშნობა უნდა ჰქონოდათ, შემდეგ კიდევ ორ კვირაში ქორწილი, მაშინ რთული პერიოდი იყო, კახეთის გზაზე პატარა სახლი გვქონდა, ხაშმის მოპირდაპირე მხარეს, რამდენჯერმე გაქურდეს, იქ დადიოდა ხოლმე ჩემი შვილი გიგი.

იქიდან მოდიოდნენ, როდესაც ეს მძიმე ავარია მოხდა. ამან ჩვენს ოჯახს ძალიან დიდი დამღა დაასვა. ვცდილობ, რომ ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ტვირთი იყოს.

ჩვენ, ორი ოჯახი ისეთივე ერთიანები ვართ, როგორც მძახლები არიან. სამწუხაროდ, ქორწილი ვერ მოესწრო, ისინი ერთად არიან დაკრძალული, ჩვენ ორი ოჯახი - გამყრელიძეებისა და ტუღუშების, ერთიანი ოჯახია. ერთ-ერთი ყველაზე ნათესაური კავშირი დღემდე ამ ოჯახთან მაქვს.

მას შემდეგ ჩემი მეუღლე ეკლესიური გახდა, არცერთ შაბათ-კვირის წირვას არ აცდენს, ასევეა დოშას დედაც… მათ დაბადების დღეებზე ერთად ვიკრიბებით, ერთადერთი, ამ პანდემიის პერიოდში ვეღარ ვახერხებთ, რადგან არ შეიძლება. ვიკრიბებით 5-6 კაცი.

გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ურთიერთკავშირმა იმოქმედა მაშინ, საჭესთან ხომ ჩემი შვილი იჯდა, კი, ის გადაეფარა, მაგრამ… ეს უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც 1995 წელს მოხდა ჩვენ ოჯახებში. სიკეთემ, მათმა სიყვარულმა მაინც ყველაფერი დაძლია, პირველ ეტაპზე შეიძლება მტრად მოვკიდებულიყავით ერთმანეთს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლა რა ურთიერთობა გვაქვს, არა მარტო მშობლებს, არამედ მთელ დიდ სანათესაოს. თითქოს, ამ ურთიერთობამ თითქოს ცხოვრებაც გააადვილა. შემდეგ მე 24-საათიან მუშაობაში გადავერთე, ამით ვიქარვებდი ყველაფერს...

ეს მძიმე ტრაგედია რაც ჩემ ოჯახშია, შეიძლება არ ყოფილიყო, მე რომ სხვა გადაწყვეტილება მიმეღო. დიდი კავშირები მქონდა და მაქვს ავსტრიასთან. ზაფხულობით ავსტრიაში ვუშვებდი ხოლმე გიგის პრაქტიკებზე. მთხოვა, ერთი თვე დამტოვეო და დავთანხმდი, სულ ეს მაწუხებს, გარკვეულწილად ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ, არ ვიცი, სწორი ვიქნებოდი თუ არა“, - ამბობს ინტერვიუში ამირან გამყრელიძე.

ბატონ ამირანს ასევე ორი შვილი - ნიკოლოზი და თამარი და ექვსი შვილიშვილი ჰყავს. მისი მეუღლე ექიმი-ჰემატოლოგი მარინა კვეზერელია.