ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" უარი, მაშინვე მოეწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებაზე, იყო შეცდომა" - კარლ ჰარცელი

"ნაციონალური მოძრაობის" უარი, მაშინვე მოეწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებაზე, იყო შეცდომა" - კარლ ჰარცელი

"აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი სულ რამდენიმე დღეში გაიმართება და განსაზღვრავს საერთო მიმართულებას პარტნიორობის კუთხით. ვფიქრობ, დიდი ძალისხმევა ჩაიდება საერთო მიზნების შეთანხმებაში, რაც პოსტპანდემიურ სიტუაციასთან გამკლავებას ითვალისწინებს"- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამიტზე მთავარი ყურადღება დაეთმობა კანონის უზენაესობას, ეკონომიკას, გარემოს დაცვას, ციფრულ ფორმატებზე გადასვლას და სამართლიან, ინკლუზიურ საზოგადოებაზე ზრუნვას.

"საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არსებული “ტრიოს“ ინიციატივის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით იქნება წინსვლა, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. და, რა თქმა უნდა, სამიტის მსვლელობისას ორმხრივი შეხვედრებიც იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა განიხილოს, როგორც სამომავლო გეგმები, ისე გამოწვევები და პრობლემები,“- განაცხადა ჰარცელმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, გადაჭარბებული არ იქნება შეფასება, რომ მიმდინარე წელი მრავალი თვალსაზრისით განსაკუთრებულად მძიმე და რთული იყო.

"პოლიტიკურ ასპარეზზე იმედის ნაპერწკალი 19 აპრილის შეთანხმებაში დავინახე, რომელსაც თითქოს უნდა დაესრულებინა პოლიტიკური კრიზისი და საქართველო ევროპულ გზაზე დაებრუნებინა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ბევრი შესაძლებლობა იყო ხელიდან გაშვებული. ვფიქრობ, რომ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბოლო არჩევნები ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები კი არა, არამედ ეგზისტენციური მოვლენა იყო; ჩემთვის, ბოლო არჩევნების მთავარი გმირები საქართველოს მრავალრიცხოვანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ, რომ მათი ხმა ყოფილიყო გაგებული, მიუხედავად ძალზე აგრესიული საარჩევნო კამპანიისა და დაფიქსირებული ხარვეზებისა.

პირველ რიგში, 19 აპრილის შეთანხმებამ შეძლო ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე პარლამენტის ტოქსიკური ბოიკოტის დასრულება. მან ასევე დაადასტურა კომპრომისის უპირატესობა კონფლიქტთან შედარებით, რაც მნიშვნელოვანია. შეთანხმებამ განსაზღვრა, ასევე, რეფორმების და სხვა ღონისძიებების მიმართულება, იმისთვის, რომ საქართველოს პროევროპული და დემოკრატიული გზა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ მნიშვნელობას ამ შეთანხმებას და ვისურვებდით მის განხორციელებას.

პირადად მე მიმაჩნია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უარი, მაშინვე მოეწერა ხელი შეთანხმებაზე, იყო შეცდომა. ასევე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დიდი შეცდომა იყო მმართველი პარტიის შეთანხმებიდან გამოსვლა. რაც შეეხება დისკუსიას, უნდა იყოს თუ არა ეს შეთანხმება შესრულებული, მინდა ყველას შევახსენო, რომ სხვადასხვა დროს, პარლამენტის 150 წევრიდან 147–მა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამაზე მეტი კონსენსუსი რაღა უნდა იყოს. იგივე შეეხება 2%–იან ბარიერს შემდგომი არჩევნებისთვის, რაც ასევე 19 აპრილის შეთანხმებითაა გათვალისწინებული; აქაც, პარლამენტის 126–მა წევრმა სხვადასხვა პარტიიდან მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და ეს სულ რაღაც სამი თვის წინ მოხდა, დაპირისპირების ფონზე მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ასეთი მოვლენები იმდენად იშვიათია, რომ მათ ალბათ მეტი გაფრთხილება და შემდგომი ხელშეწყობა სჭირდება და არა უარის თქმა, თან ასე იოლად", - განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელმა კიდევ ერთხელ შეაფასა საქართველოში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდგომ განვითარებული პროცესები და აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია პოლიტიკურ ნარატივზე, რაც განსაკუთრებით არჩევნების მეორე ტურთან მიმართებაში დავინახეთ.

"მისი ჩამოსვლისა და დაკავებისთანავე ევროკავშირის ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ეს უფლებები მოიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ღირსების დაცვას, სათანადო სამედიცინო მომსახურებას და ამავე დროს, სათანადო სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო კვირების განმავლობაში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი სამედიცინო საბჭოს მუშაობამ, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ძალიან კარგი შეფასებები და რჩევები ჰქონდა. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი, რომლებმაც თავიანთი მანდატების ფარგლებში ამ პროცესის მართვაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ინსტიტუტების არსებობა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა "იმედის“ ეთერში