ავტორი:

"რით ვერ მოგაწონეთ თავი ოპოზიციურმა პარტიებმა? დიმიტრი გელოვანებს რომ მოითხოვთ, უკაცრავად და, დიმიტრი გელოვანები თქვენ ხართ?" - ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას

"რით ვერ მოგაწონეთ თავი ოპოზიციურმა პარტიებმა?  დიმიტრი გელოვანებს რომ მოითხოვთ, უკაცრავად და, დიმიტრი გელოვანები თქვენ ხართ?" - ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას

"რით ვერ მოგაწონეთ თავი? არავინ როგორ არ მოგწონთ? ბოდიში, რომ ბიძინასავით ბევრი ფული არ გვაქვს" - ასე მიმართა "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ნიუსრუმი“ ქართულ საზოგადოებას.

როგორც მან აღნიშნა, ქართულ პოლიტიკა პარტიებით მრავალფეროვანია და საზოგადოებას ხელისუფლების შესაცვლელად არჩევანი უნდა გაეკეთებინა.

ბურჯანაძის თქმით, ხელისუფალი იმდენს ბედავს, რამდენსაც ხალხი აბედინებს.

"მივმართავ საზოგადოებას, 2020 წელს ალტერნატივა არ გქონდათ? მოდი, ჩამოვთვალოთ 2020 წელს რამდენი პარტია იყო: პროლეტარი შალვა, ულტრალიბერალი ბოკერია, ულტრაპრორუსული ინაშვილი, ნაკლებად პრორუსული ბურჯანაძე. ახალგაზრდა, მოტივირებული და ამბიციური ვაშაძე. ვერ გავიგე, რით ვერ აღმოაჩინეთ თქვენი მოსაწონი პოლიტიკური პარტია, ხომ არ იცით? ხალხის გარკვეული რაოდენობა სახლში დაჯდა. რით ვერ მოგაწონეთ თავი? არავინ როგორ არ მოგწონთ? ბოდიში, რომ ბიძინასავით ბევრი ფული არ გვაქვს. აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე, მიშა თუ ბიძინა იმიტომ, რომ 2020 წელმა ქართულ საზოგადოებას სრული სპექტრის არჩევანი მისცა. ახლა დიმიტრი გელოვანებს ნუ მოითხოვენ პოლიტიკაში, უკაცრავად და დიმიტრი გელოვანები ხართ თქვენ ცხოვრებაში?! რაც ხართ თქვენ, ის ვართ ჩვენ. რაც ერი, ის ბერი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, თავად რომ ჩართულიყო მედიაციის პროცესში, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოწერებოდა.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, პოლიტიკოსებს აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი არ უნდა მოეწერათ და არც "პარლამენტში შელაგებულიყვნენ“.

"რა თქმა უნდა არა, მიშელის დოკუმენტმა დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. როდესაც ვადამდელი არჩევნების თემა ადგილობრივ არჩევნებს მიება, ეს იყო კატასტროფული შეცდომა, დანაშაულის ტოლფასი“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიციას "პირში წყალი აქვს ჩაგუბებული“ და ვადამდელ არჩევნების აღარ მოითხოვენ.

"გამოფხიზლდეს ოპოზიცია. დროშებს რომ აფრიალებენ, რა არის გასაკეთებელი? ვადამდელი არჩევნები. ოპოზიციას სხვა საქმე არ აქვს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვადამდელი არჩევნები ყველას აღარ უნდა“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ნინო ბურჯანაძის თქმით, მან პასუხი უკვე აგო, როდესაც თანამდებობა დატოვა.

"ის, რომ პოლიტიკურად დამანგრეველი იყო თუნდაც ვალერი გელაშვილის ცემა, 7 ნოემბერს გადადგმული ნაბიჯები, ეს ფაქტია, გირგვლიანზე არაფერს ვამბობ. ამაზე სააკაშვილმა პოლიტიკურად პასუხი აგო, როდესაც თანამდებობიდან გადადგა. მე არ შემიძლია აზრი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც სააკაშვილს შეიძლება მიუსაჯო. არ აქვთ არგუმენტები, საქმეები არ არის ბოლომდე გამოძიებული“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წევრები "პანღურით არიან გასაგდები“.