ავტორი:

"მშვენიერი, თვალტანადი გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს" - ვინ იყო კულა გლდანელი და რა აკავშირებდა ვაჟა-ფშაველასთან?

"მშვენიერი, თვალტანადი გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს" - ვინ იყო კულა გლდანელი და რა აკავშირებდა ვაჟა-ფშაველასთან?

თუ ძველი თბილისის ამბებით ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, ალბათ აუცილებლად გადაეყრებოდით კულა გლდანელის - ლეგენდარული თბილისელი ფალავნის სახელს. როგორც ირკვევა, მის შესახებ ცნობებს ძველი ქართული პრესის ფურცლებზეც ხშირად წააწყდებოდით.

"მშვენიერი, თვალტანადი გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს, როდესაც გამოვა მოედანზე. მისი ამაყი, დარწმუნებული სიარული, მედიდური მიხვრა-მოხვრა, განიერი და ძარღვიანი გულ-მკერდი, მართლაც სასიამოვნო სანახავია“ - წერდა გაზეთი "დროება" (N 202, 1882 წელი).

"ორი-სამი თვეა, რაც პირველად გაითქვა გლდანელის სახელი. ამ ხნის განმავლობაში, რაც კი ჩვენში საუკეთესო მოჭიდავეები იყო, ყველა დაამარცხა, გალახა. ელიზოვი, თიონელი, კახელი, რენელი, სისაკა ავლაბრელი - ჭიდაობის უსტაბაშები დღეს აღარ იხსენიებიან; ამათ გარდა ათიოდ სხვებიც გალახა სულ ამავე გლდანელმა. ამბობენ, ამის ტოლი მოჭიდავე საქართველოში ახლა აღარ მოიპოვებაო“ ("დროება“ 1982, 16 ივნისი).

  • ვინ იყო კულა გლდანელი?

კულა გლდანელი (ნამდვილი სახელი და გვარი ივანე ყირიმელაშვილი) დაიბადა 1858 წელს, სოფელი გლდანში. მან, როგორც მოჭიდავემ სახელი გაითქვა თბილისის უბნებში (ორთაჭალა, ფიქრისგორა, დიდუბე, ჩუღურეთი და სხვა) ჭიდაობით. არაერთხელ დაამარცხა იმ დროისათვის ცნობილი ფალავნები, მათ შორის რენელი, თიანელი, ღაღაძე, გონგაძე და სხვები.

პირველმა დააარსა თბილისში ე. წ. საჭიდაო წრე, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები. წლების განმავლობაში, ნესტორ ესებუასთან შეხვედრამდე, კულა გლდანელს საქართველოს დაუმარცხებელი ფალავნის სახელი ჰქონდა.

მარჯვნივ ყმაწვილი კულა გლდანელი

იგი ღონიერი, მარდი და მოქნილი ათლეტი იყო, ქართული ჭიდაობის ნამდვილი ოსტატი. წარმატებით გამოდიოდა ამიერკავკასიისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ჩემპიონატებში. მან ასევე არაერთი ცნობილი ფალავანი გამოზარდა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა გლდანელისა და ნესტორ ესებუას პაექრობა, რასაც აკაკი წერეთელმა უძღვნა პოემა "გლდანელი და ესებუა“.

"ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად პირველი მთარგმნელის მარჯორი უორდროპის ძმამ - ოლივერ უორდროპმა გამოსცა წიგნი საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ:

"წილად მხვდა უდიდესი ბედნიერება დავსწრებოდი ერთ საუცხოო შეჯიბრებას, სადაც ფალავანი გლდანელი შეება ვინმე მამაც იმერელ მოჭიდავეს. ჭიდაობა უაღრესად საინტერესო გამოდგა და ამავე დროს დიდად მეამა, როცა აფიშიდან გავიგე, რომ შეჯიბრების მთელი შემოსავალი განკუთვნილი იყო ვიღაც ჭაბუკის დასახმარებლად, რომელსაც სათანადო სახსრები არ გააჩნდა პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად“.

იმ "ვიღაც ჭაბუკის“ ვინაობა დღეს საყოველთაოდ ცნობილია.

ფრაგმენტი ოპერის მომღერლის ვანიკო გალუაშვილის მონაყოლიდან:

"კულა გლდანელმა1883 წელს მეგობრების დახმარებით, თიანეთში მოაწყო დიდი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟა-ფშაველას გადასცა, რამაც პოეტს საშუალება მისცა პეტერბურგში წასულიყო სწავლის გასაგრძელებლად. საბედნიეროდ, ასეთებიც ხდებოდა…”

გადმოცემის მიხედვით, კულა გლდანელი ხშირად ეხმარებოდა ობოლ ბავშვებსაც. ის 1934 წელს გარდაიცვალა.