"ამ ვითარებაში, "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ქართული ოცნების“ მოლაპარაკებები უფრო მაფიის ორი ბოსის ერთმანეთში გარჩევასა და გარიგებას დაემსგავსება, ვიდრე საზოგადოების ინტერესების დაცვასა და რაღაც სიკეთის მოტანის საფუძველი შეიძლება გახდეს" - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს სამი პრეზიდენტის შეხვედრის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრა რომც შედგეს, ეს იქნება გარიგება და არა შერიგება.
"სამი პრეზიდენტის შეხვედრა ლამაზად ჟღერს და ნამდვილად არ ვიქნებოდი წინააღმდეგი ეს შესაძლებელი რომ იყოს, მაგრამ პრობლემა ხომ სისტემურ ხასიათს ატარებს. ასეთი ტიპის შეხვედრებით პოლიტიკურ მოცემულობაში, რაც საქართველოშია, რა შეიცვლება? ჩვენ შეიძლება მხოლოდ რაღაც გარიგებაზე ვისაუბროთ და არა შერიგებაზე. შერიგება უნდა მოხდეს არა პრეზიდენტებსა და პოლიტიკურ ელიტას შორის, არამედ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს შერიგების საფუძველი, რომელიც ჩნდება მხოლოდ სისტემური ცვლილებების ინიცირების შედეგად და არა ვიღაც ე.წ. ერის მამების შეხვედრის შედეგად. ამის საფუძველი უნდა გაჩნდეს. საზოგადოებაში არ უნდა ჩნდებოდეს განცდა, რომ ამ შეხვედრის ყველა მონაწილე საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს და საბნის გადაქაჩვის პრინციპით მოქმედებს. როდესაც არ არის სამართლიანობის განცდა და სისტემის სამართლიანობა ეჭვქვეშ დგას, რომც რაღაცაზე მორიგდნენ, ეს გრძელვადიანი სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველს ვერ შექმნის. ეს იქნება გარიგება და არა შერიგება. შერიგება ჩვენ გვჭირდება მხოლოდ სისტემური ცვლილებებით და არა ვიღაც ადამიანების კეთილ ნებაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა მაინც არ შედგება, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ფორმატის შეხვედრაზე მაინც არ მივა. რომც შედგეს, იმდენად არ არის საფუძველი მომწიფებული, არ არსებობს ემპათია, დამნაშავე და დაზარალებული მხარე. დღევანდელმა ხელისუფალმა ხომ მთელი მანკიერებით გადმოიბარა ყველაფერი. ამ ვითარებაში ამ ორი პოლიტიკური ძალის მოლაპარაკებები ეს უფრო მაფიის ორი ბოსის ერთმანეთში გარჩევასა და გარიგებას დაემსგავსება, ვიდრე საზოგადოების ინტერესების დაცვასა და რაღაც სიკეთის მოტანის საფუძველი შეიძლება გახდეს.
გარიგების საგანი შესაძლოა იყოს უცხოეთში სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვება, მაგრამ რა საზოგადოებას? -არაფერი. იმაზე უნდა ვინერვიულოთ ბიძინა და მიშა ჩამოართმევენ თუ არა ხელს, ამით დალაგდება ამ ქვეყნის პრობლემები? არაფერი დალაგდება ამით. დღეს გარიგდებიან, ხვალ კიდევ გადააგდებენ ერთმანეთს და კიდევ იჩხუბებენ. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გამთლიანება და არა პარტიული ბოსების შერიგება, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, ამაზე ორივე მხარეს აქვს პასუხისმგებლობა,“- განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა "მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.