"მიხეილ სააკაშვილს სიარული უჭირს - მე მაგის ნორმალური სიარული არ მახსოვს, "დაფრინავდა“ ხოლმე, ახლა უცებ ვხედავ, რომ ვეღარ დადის - საშინელი საყურებელია", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით, თვალშისაცემია ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც მას მიაყენეს.
"თითქოს ჯოჯოხეთი გავიარეთ, მაგრამ, როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ, გავიარეთ?! არ ვიცი. ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც მას მიაყენეს ძალიან თვალშისაცემია. ადამიანს სიარული უჭირს. მე მაგის ნორმალური სიარული არ მახსოვს, "დაფრინავდა“ ხოლმე, ახლა უცებ ვხედავ, რომ ვეღარ დადის, საშინელი საყურებელია“, - აღნიშნავს ალასანია.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მკურნალობას, როგორც ალასანია დასძენს, მას კვლავ სურს, რომ სააკაშვილმა საზღვარგარეთ გაიაროს რეაბილიტაციის კურსი.
"დასკვნები უნდა დაიწეროს და იმის მიხედვით უნდა გადაწყდეს. მე, როგორც ადრე, ახლაც მსურს საზღვარგარეთ გაიაროს რეაბილიტაციის კურსი. რა თქმა უნდა, მედიკამენტები ეძლევა, ექიმები აკონტროლებენ და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მისაღებია. ფსიქოლოგიური მომენტების მკურნალობას ვერ ვხედავ, სწორედ ამისთვის კარგი იქნებოდა გარეთ“,- აღნიშნავს ალასანია.