ავტორი:

კრემლის ახალი მუქარა -  რუსეთი აცხადებს, რომ შესაძლოა “იძულებული გახდეს” ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განათავსოს

კრემლის ახალი მუქარა -  რუსეთი აცხადებს, რომ შესაძლოა “იძულებული გახდეს” ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განათავსოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი, ნატო-ს გეგმების საპასუხოდ, შესაძლოა იძულებული გახდეს ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განათავსოს.

რიაბკოვის მტკიცებით, რუსეთს მოუწევს იმოქმედოს, თუ დასავლეთი ევროპაში საშუალო რადიუსის მოქმედების ბირთვული ძალების განთავსებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე უარს იტყვის.

"პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტის კუთხით პროგრესის არარსებობა რუსეთს სამხედრო გზით, სამხედრო ტექნოლოგიით რეაგირებისკენ უბიძგებს", - აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, არსებობს "ირიბი მინიშნებები“, რომ ნატო საშუალო რადიუსის რაკეტების ხელახლა განლაგებას გეგმავს.

ნატო-ში ირწმუნებიან, რომ ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტები არ განთავსდება. თუმცა რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი ალიანსს არ ენდობა.

"ისინი არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას გააკეთონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება გაზარდოს ჩვენი უსაფრთხოება - მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც სჭირდებათ, თავიანთ სასარგებლოდ და ჩვენ უბრალოდ უნდა გადავყლაპოთ ეს ყველაფერი და შევეგუოთ. ეს არ გაგრძელდება", - აღნიშნა რიაბკოვმა.

საშუალო რადიუსის - 500-დან 5500 კმ-მდე - ბირთვული რაკეტები ევროპაში 1987 წელს, საბჭოთა კავშირის მაშინდელ ლიდერ მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აიკრძალა. 1991 წლამდე ორივე მხარემ თითქმის 2700 ასეთი რაკეტა გაანადგურა.

ვაშინგტონმა ხელშეკრულება 2019 წელს ცალმხრივად დატოვა, რის მიზეზადაც რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების წლების მანძილზე დარღვევა დაასახელა.