ავტორი:

"თურქეთი და სომხეთი, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ" - მევლუთ ჩავუშოღლუ

"თურქეთი და სომხეთი, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ" - მევლუთ ჩავუშოღლუ

ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით თურქეთი და სომხეთი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, ორი ქვეყანა ასევე განაახლებს ჩარტერულ ფრენებს სტამბოლსა და ერევანს შორის.

ამასთან, ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნაბიჯებთან დაკავშირებით თურქეთი აზერბაიჯანთან კოორდინირებულად მოქმედებს.

"ჩვენ, აზერბაიჯანთან ერთად, ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას ვახორციელებთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. ყველა საკითხზე კოორდინაცია გვაქვს აზერბაიჯანთან. თუ სომხეთი ისწავლის გაკვეთილებს ბოლო მოვლენებიდან და უპირატესობას მშვიდობასა და სიმშვიდეს მიანიჭებს, შესაძლოა, საელჩოც გაიხსნას. ამ საკითხსაც აზერბაიჯანთან ერთად გადავჭრით,“- აღნიშნა ჩავუშოღლუმ.