"მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის "გაფარჩაკებულ“ თუ "გაბანძებულ“ მდგომარეობას - ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, სრულიად სასოწარკვეთილია და უჭირს მიიღოს სასჯელი",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ბუნებით მოძალადე და ავანტიურისტია და ეს კარგად ჩანს მის ბოლო განცხადებაშიც.
"მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე ამ წერილითაც ნათლად ჩანს. ეს ადამიანები არ იცვლებიან, არ იცვლება მიხეილ სააკაშვილი, ის ბუნებით არის მოძალადე და ავანტიურისტი, მისი აქ ჩამოსვლის მიზანი სწორედ არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. ამავე წერილში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავისთან ბოდიში არ აქვს მოსახდელი და თუ ვინმემ ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს არის თურმე ხელისუფლება და ამ განცხადების შემდეგ საუბრობენ შერიგებაზე, ეს არის ფარსი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას და "ნაციონალურ მოძრაობას" მორგებული ჰქონდათ ნიღაბი, რომლის ტარებაც გაუჭირდა. ის არის ბუნებით მოძალადე და ავანტიურისტი. მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის "გაფარჩაკებულ" თუ ბოდიში და "გაბანძებულ" მდგომარეობას. ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, სრულიად სასოწარკვეთილია და უჭირს მიიღოს სასჯელი, რომელიც მისჯილი აქვს სამართლიანად და საზოგადოებისგან ითხოვს აქციების მოწყობას, რომ როგორმე მისი თქმით, ტყვეობიდან დაიხსნან. ეს არის გაუგონარი აგრესიის მქონე და მოძალადე ადამიანის განცხადება", - განაცხადა ღუდუშაურმა.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოლიგარქისგან არ უნდა ელოდონ მოწყალებას და ისინი უნდა ითხოვდნენ ამნისტიას. სააკაშვილის თქმით, მარტო სატელევიზიო და facebook კომენტარებით მიზანს ვერ მიაღწევენ და თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.