ავტორი:

"შესაძლოა, "ომიკრონი" მსოფლიოსთვის პანდემიიდან გამოსავალი გახდეს... ხალხს მსუბუქად გადააქვს" - რა შეცვალა ახალმა შტამმა დანიაში, ინტერვიუ ქართველი ექიმთან

"შესაძლოა, "ომიკრონი" მსოფლიოსთვის პანდემიიდან გამოსავალი გახდეს... ხალხს მსუბუქად გადააქვს" - რა შეცვალა ახალმა შტამმა დანიაში, ინტერვიუ ქართველი ექიმთან

დიდი ხანი არ არის, რაც დანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა და ხალხი ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდა... თუმცა სამხრეთ აფრიკულმა ახალმა შტამმა "ომიკრონმა" არაერთ ქვეყანააში გამოიწვია რეგულაციების გამკაცრება და ამ მხრივ არც დანია აღმოჩნდა გამონაკლისი... ამ და სხვა სიახლეების შესახებ დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე გვესაუბრა...

- ბატონო ზაზა, დანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ყველა კოვიდრეგულაცია მოხსნა და ხალხი ადამიანურ ცხოვრებას დაუბრუნდა... თუ შეიცვალა რამე მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ახალი შტამი "ომიკრონი" გამოჩნდა?

- დიახ ნამდვილად შეიცვალა... ისევ შემოიღეს შეზღუდვები, ისეთი სიმძაფრით არა, როგორც ადრე იყო, მაგრამ პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. საავადმყოფოებში, ტრანსპორტსა და ნებისმიერ დაწესებულებაში ყველამ პირბადით უნდა იაროს. ღია სივრცეში პირბადის ტარება არც არასოდეს ყოფილა სავალდებულო. თავშეყრის ადგილებში მაქსიმუმ 50 ადამიანია დაშვებული, რესტორანი იქნება თუ სხვა ტიპის დაწესებულება. ღია სივრცეში ასი კაცის შეკრებაა ნებადართული, მეტის არა... ბავშვებს 15 დეკემბრიდან 4 იანვრამდე დაითხოვენ, ანუ უფრო ადრე, ვიდრე საშობაო არდადეგები მოუწევთ.

როგორც ვიცით, ახალ შტამს ის თვისება ახასიათებს, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, თორემ ავადობის მხრივ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, მართლაც ასეა... დანიაშიც ვერ ვიტყოდი რომ სიკვდილიანობა გაიზარდა, ან საავადმყოფოები გადატვირთული იყოს. 6 მილიონიან დანიაში 3 ათასამდე გარდაცვლილია, რაც ძალიან დიდი ტრაგედიაა, უბრალოდ სხვა ქვეყნებთან შედარებით არის დაბალი ციფრი...

- მესამედ აცრილთა რიცხვი მაღალია?

- დიახ, უკვე ერთ მილიონამდეა მესამე აცრილთა რიცხვი. სასწაულად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს აცრები და ეგ კი არა 45 წლიდან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეებს მოუწოდებენ, თუ რაღაც დროზე ჰქონდათ მესამე აცრა დანიშნული, თარიღი გადმოწიონ და სასწრაფოდ აიცრან... მე პირადად მესამე აცრა ჯერ კიდევ ოქტომბერში გავიკეთე და როგორც წინა ორზე, ამ აცრაზეც არაფერი მიგრძვნია, უმსუბუქესად ჩაიარა. როგორც უკვე ამბობენ, ნაწილობრივ მაინც იცავს აცრა ახალი შტამისგან. ეს წინასწარი მონაცემებია.

სხვათაშორს არის მოსაზრება და ჯერჯერობით ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია, რომ "ომიკრონი" ჩქარი გავრცელების გამო შეიძლება პანდემიიდან გამოსვლის საშუალება იყოს... ეს ვარაუდი ნორვეგილებემა გამოთქვეს. რადგან ასე სწრაფად ვრცელდება და ხალხს მსუბუქად გადააქვს, შეიძლება ზუსტად ეს იყოს დასასრული... შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ არავინ არ გვირჩევს გავთამამდეთ და ფრთხილად არ ვიყოთ, რომ "ომიკრონი" თუ სხვა ნებისმიერი შტამი თავიდან ავიცილოთ!

- სამედიცინო პერსონალმა თუ მიიღეთ რამე გარკვეული მითითებები ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ?

- არაფერი, გარდა იმისა რომ ზოგადი შეზღუდვებია და აცრები უნდა დაჩქარდეს. შეზღუდვების და აცრის გარდა სხვა იარაღი ვირუსის ასაცილებლად არც არსებობს! დანიაშიც თითქოს ბევრი რამ არ შეცვლილა, მაგრამ რაღაცებში სიფრთხილე იგრძნობა. მაგალითად, გეგმიური ოპერაციები, რომლებზეც შეყოვნება შეიძლება, გადაავადეს... მოკლედ ამჯერად დანიაში საშუალო დონის შეზღუდვებია.

მე კი ისევ და ისევ ვიმეორებ რომ აცრაა ჩვენი უმთავრესი გამოსავალი! არ ვიცი, მსოფლიოში კიდევ რამდენმა ადამიანმა უნდა გამოსცადოს აუცრელობის სიმწარე? ძალიან გულსატკენია ეს ყველაფერი! ყველას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია და პირიქით, უნდა ვიხვეწებოდეთ, ოღონდაც აგვცრან! არასოდეს არ ყოფილა აცრა ეჭვქვეშ დასაყენებელი. რაც უფრო დრო გადის ვრწმუნდებით, რომ სადაც მეტი აცრილთა რიცხვია, იქ გაცილებით უკეთესად არის ყველაფერი! სიკვდილიანობა, ავადობა დაბალია...

აცრებმა წარმატებით გაიარა გლობალური გამოცდა, ანუ რასაც დაგვპირდნენ (მძიმე დაავადებისაგან დაცვა), ეს შესრულდა, მაგრამ რადგან მუდამ ახალი შტამები აღმოცენდება, აცრებს არ უნდა მოვთხოვოთ ინფიცირებისაგან დაცვა, თუმცა ახალი ტექნოლოგიის აცრების იოლად მოდიფიცირება შეიძლება, რათა ახალი შტამებისაგან დაგვიცვას.

- საქართველოში მოსახლეობისთვის რთულად შესაგუებელი გახდა მწვანე პასპორტებიც...

- დანიაში მწვანე პასპორტის მსგავსი დიდი ხანია არსებობს... ბევრ რამეში იზღუდები აცრა თუ არ გაქვს ჩატარებული. ასეც უნდა იყოს! მე თუ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის ეს ვირუსი თავიდან ამერიდებინა, სხვაც ასე უნდა ცდილობდეს... ამ დროს შენს გვერდით ჩნდება აუცრელი ადამიანი, რომელსაც ვირუსის გადატანის დიდი ალბათობა აქვს და ძალიან მარტივად შეუძლია დაგვაავადოს. ეს ძალიან არასოლიდარული ნაბიჯია! დანიაში დიდი ძვრები არც ახლაა და ალბათ არც მომავალში იქნება, მაგრამ ვიცით ევროპის ქვეყნები სადაც აუცრელებზე უმკაცრესი შეზღუდვებია. დანიაში მაგალითად ახლა საშობაო თავყრილობა გვქონდა თანამშრომლებს და რესტორანში შესასვლელად მწვანე პასპორტის მსგავსი ან იმ დღის უარყოფითი პასუხი იყო საჭირო.

სამწუხაროდ ანტივაქსერები ძალიან შეუვალები არიან, რეალური ფაქტები მათზე არ მუშაობს, რაღაც გამოგონილ ფაქებს კი უსიტყვოდ უჯერებენ. მართლა რეალობა კი ისაა რომ მილიარდამდე აცრილია და იმდენად მცირეა გართულებების შემთხვევები, თითქმის უმნიშვნელო...

არანაირი პანიკის საფუძველი არ არის, ელემენტარული შეზღუდვები დავიცვათ და ავიცრათ! ასე დავამარცხებთ ვირუსს და ყველაფერი კარგად იქნება!