დუელი ევროპული ფენომენია და როგორც პიროვნების ღირსების დაცვის საშუალება, რაინდული ორთაბრძოლებიდან იღებდა სათავეს.
დუელს (რომელიც ევროპაში XVI საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა), წინ ერთი ისტორიული ეპიზოდი უძღოდა: საფრანგეთის მეფემ ფრანსუა I-მა, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ კარლოს V-ის უტაქტობა პირად შეურაცხყოფად აღიქვა და "კოლეგა" ორთაბრძოლაში გამოიწვია. მართალია, გამოწვევა უსისხლოდ დამთავრდა, მაგრამ ამ პრეცედენტს ევროპაში დუელის ნამდვილი ეპიდემია მოჰყვა. XVI საუკუნის საფრანგეთში დუელებს მეტი თავად-აზნაური შეეწირა, ვიდრე რამდენიმეწლიან სამოქალაქო ომს. აბსოლუტიზმის განმტკიცების პერიოდში, ანრი IV-ის ჟამთააღმწერლებმა, მისი მეფობის 16 წლის განმავლობაში (1594-1610) დუელებში დაღუპული 8 ათასამდე კაცი დაითვალეს.
საინტერესოა, რომ დუელის მსგავსი "ღვთის სამსჯავრო" XVII საუკუნის ქართულ ისტორიაშიც აღინუსხა. ამ ეპიზოდს თავდაპირველად მწერალმა თამაზ ნატროშვილმა მიაქცია ყურადღება და თავისი ისტორიული ესსეების ციკლში ("მოზაიკა") გამოაცალკევა "ქართული დუელი": ფარსადან გორგიჯანიძისა და ზაქარია სარკავაგის (ქანაქერცი) ცნობებიდან გამომდინარე, იგი მოგვითხრობს, როგორ აიძულა როსტომ მეფემ მისი შვილობილის მკვლელობაში (განზრახ თუ შემთხვევით) ეჭვმიტანილნი - სიაოშ ბარათაშვილი და ბაინდურ თუმანიშვილი, ცხენდაცხენ დასძგერებოდნენ ერთმანეთს იარაღით ხელში, რათა სისხლით ჩამოერეცხათ ცილისწამება.
ქართული დუელის ფენომენის წვდომას დიდად აადვილებს მწერალ როსტომ ჩხეიძის საინტერესო წიგნი "ქართული დუელიანა", რომელიც საშუალებას გვაძლევს, საუკუნენახევრიან ისტორიულ მონაკვეთში ამჯერად პიროვნული კონფლიქტების პანორამას შევავლოთ თვალი.
ავტორი გვაცნობს, ვინ არიან ქართველი საზოგადოების ეს "დუელანტი" წევრები: ილია ორბელიანი - ნიკოლოზ ბარათაშვილი; ნიკო დადიანი - ინკოგნიტო; ილია ჭავჭავაძე - ნიკო ნიკოლაძე; ილია ჭავჭავაძე - გენერალი სუმბათაშვილი; ნიკო ნიკოლაძე - დავით ფურცელაძე; დავით ერისთავი - ზაქარია ატამანის შვილი; დავით ერისთავი - ნაპოლეონ ამატუნი; მამია გურიელი - ოფიცერი ს-კი; დავით მიქელაძე - ალექსანდრე წულუკიძე; ილია ხონელი - ნაპოლეონ ამატუნი; ექვთიმე თაყაიშვილი - თედო ჟორდანია; ნიკო ნიკოლაძე - ბებურ ბებურიშვილი; დავით კლდიაშვილი - პალმი; ანდრია დადიანი - დუზ-ხოტიმირსკი; ნიკო ლორთქიფანიძე - აკიმოვი; რაულ გოგოხია - სერგეი ესენინი; გიორგი ლეონიძე - სერგეი ესენინი; სანდრო შანშიაშვილი - სერგეი ესენინი; ტიციან ტაბიძე - აბულაძე; ევგენი გეგეჭკორი - გიორგი კვინიტაძე; შალვა მაღლაკელიძე - ლატვიელი ოფიცრები; კონსტანტინე გამსახურდია - იოსებ მჭედლიშვილი.
დუელის ქართული სპეციფიკა, უპირველესყოვლისა, სწორედ "რიტუალური ორთაბრძოლის" სახეობათა შერჩევაში გამჟღავნდა, საგანგებოდ აღსანიშნია, სადუელო ვითარებათა ის პირობითი კლასიფიკაცია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის ჩამოყალიბდა ევროპაში ("ქართული დუელიანის" ქრონოლოგიაც ძირითადად ხომ სწორედ ამ პერიოდით იფარგლება): კლასიკური დუელის პარალელურად, დაინერგა სტუდენტური დუელი (ძირითადად გერმანიაში) და "ჟურნალისტური დუელი" (ეს უკვე წმინდა ფრანგული ჟანრი გახლდათ). ამ ორივე სახეობას შეგვიძლია ვუწოდოთ ღირსების დუელი, რადგან, როგორც წესი, ამგვარი დუელი ჩანაფიქრშივე არ გულისხმობდა მოწინააღმდეგის მოკვდინებას და უკვე თავად ფაქტი მასში მონაწილეობისა (შედეგის მიუხედავად) აღადგენდა შეურაცხყოფილი მხარის რეპუტაციას.
XIX საუკუნის საქართველოში სტუდენტური დუელი უბრალოდ ვერ შედგებოდა ქვეყანაში სტუდენტთა არარსებობის გამო; რაც შეეხება ჟურნალისტურ დუელს, როსტომ ჩხეიძის სადუელო ნუსხიდან - ილიასა და ნიკო ნიკოლაძის, ნიკო ნიკოლაძისა და დავით ფურცელაძის, დავით ერისთავისა და ნაპოლეონ ამატუნის, ექვთიმე თაყაიშვილისა და თედო ჟორდანიას, დავით კლდიაშვილისა და პალმის კონფლიქტი ნამდვილად შეიძლება ჟურნალისტური დუელის კატეგორიას მივაკუთვნოთ.
როსტომ ჩხეიძის წიგნიდან ნათლად ჩანს, რომ საუკუნე-ნახევრის წინ ჩვენმა წინაპრებმა არჩევანი სწორედ ღირსების დუელზე შეაჩერეს და თავიანთ თავმოყვარეობას არ გადააყოლეს არც სხვათა და არც საკუთარი სიცოცხლე.ერთი გარემოებაც არ უნდა გამოგვრჩეს: "დუელიანის" ნუსხაში ჩამოთვლილი გამოწვევათა მიზეზები ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში არ ჩაითვლებოდა ისეთ შეურაცხყოფად, მაინცდამაინც სისხლით საზღაურს რომ მოითხოვს.
აქვე გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი დუელის ისტორიას
ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჩვენი გენიოსი ტატო, მოგეხსენებათ, მეტად ენაკვიმატი გახლდათ, მისი გამასხარავების "მსხვერპლი“ ბევრი გახდა თურმე, განსაკუთრებით კი შავ დღეში თავისივე კბილა ბიძას - ილიას აგდებდა. ერთხელაც ილია ტატოს საქციელმა ისე გადარია, რომ ადგა და ბიძა დუელში გამოიწვია. ტატომ კი, სეკუნდანტებთან ერთად, გადაწყვიტა კვლავაც ეხუმრა და დამბაჩები ტყვიის გარეშე მოამზადებინა.
როდესაც ილიამ გაისროლა, ტატო მოწყევტით დაეცა მიწაზე, რამაც ილია ლამის შეშლა გაცნობიერა რა, რომ შეიძლებოდა დისწული მოეკლა. მივარდა ოინბაზ ტატოს და სინჯვა დაუწყო, იმან კი კისკისით დაიძახა თურმე: - ჯიბიდან ქიშმიში არ ამომაცალოო.
დღემდე მოღწეული ცნობებით, ილია ჭავჭავაძე კარგად ისროდა თურმე და სულ ცოტა 7-8 დუელი ჰქონია, ხან მწერლობის მიზეზით გამოწვეული და ხანაც საბანკო მოღვაწეობის გამო. მათგან ყველაზე ცნობილია დუელი მასა და ნიკო ნიკოლაძეს შორის, რომელის ინიციატორი ნიკოზე გაბრაზებული ილია ყოფილა. როსტომ ჩხეიძეს თავის წიგნში ნახსენები აქვს ივანე მაჩაბლის თავის ძმისთვის - ვასილ მაჩაბელისთვის პეტერბურგში გაგზავნილი ბარათი, რომელშიც წერს: - "ნიკოლაძემ ჭავჭავაძეს ცოტაოდენი გადაჰკრა "ობზორში“, რატომ ხმას არ იღებს ჩემს ლაპარაკზედაო. ჭავჭავაძე გაცხარებულიყო და ეს დიდი შეცდომა მოსვლოდა: ნიკოლაძე დუელში გამოეთხოვა“.
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც ნიკო ნიკოლაძე რუსულ გაზეთ "ობზორს“ გამოსცემდა და სეკუნდანტად ამ გაზეთის თანამშრომელი, პოეტი სიმბორსკი აირჩია თურმე, რომელსაც მემუარისტებზე დაყრდნობით, როსტომ ჩხეიძე ნიჭიერ და პატიოსან კაცად მოიხსენიებს და, ამასთანავე, თავგამოდებულ მცდელად, რათა ეს საქმე შერიგებით გათავებულიყო. მაგრამ ვერას გახდა თურმე და ეს ორი დიდი პიროვნება მაინც დადგა ბარიერთან, მაგრამ ვიდრე გასროლის ნიშანს მისცემდნენ, სიმბორსკის გული ამოუჯდა და აქვითინდა კიდეც. "აშკარაა, დასაღუპად არცერთი არ ემეტებოდა - არც ის, ვისაც სეკუნდანტობდა, და არც ის, ვინც ამჯერად იქით მხარეს იდგა, არადა, საქვეყნო ჭაპანს ამდენი ხანია ერთად ეზიდებოდნენ და სწორედ ნიკო ნიკოლაძის თავგამოდების გამო მოხდებოდა, ილია სამუდამოდ რომ არ განუდგებოდა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის და მომრიგებელ მოსამართლედ არ ჩაიკარგებოდა დუშეთში“, - წერს როსტომ ჩხეიძე. როგორც ჩანს, სეკნუდანტის ქცევამ იმოქმედა დუელიანტებზე, თანაც ალბათ მიხვდნენ საკუთარი ქცევის აბსურდულობას და ჩახმახის გამოკვარმდე აღარ მივიდა საქმე.
ექვთიმე თაყაიშვილს და თედო ჟორდანიას (ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი) ისეთი ხშირი კონფლიქტები ჰქონიათ, გარშემო მყოფები ხვდებოდნენ, რომ საქმე დუელამდე მიდიოდა. ასეც მოხდა - თაყაიშვილმა გამოიწვია ჟორდანია მას მერე, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა თურმე, - "მატიანე ქართლისა“ მე გადმოვწერე და ილიას დავუტოვე, როგორც ჩანს, მერე ილიამ ექვთიმე თაყაიშვილს აჩვენა, რომელმაც თავისი სახელით გამოაქვეყნაო...
ვინ იცის როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი, საქმეში თავად ილია რომ არ ჩარეულიყო, რომელმაც ექვთიმეს შეუთვალა, მინახულეო და სთხოვა: მშვიდობით გაათავეთ საქმე, სულ ორი კაცი მუშაობს ჩვენს ისტორიაზე და ახლა თქვენი დუელი როგორ შეიძლებაო?! საბოლოოდ ჟორდანიამ ილიას დაჟინებული თხოვნით, მოიბოდიშა და დუელიც ჩაიშალა.
მწერალი დავით კლდიაშვილი მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი გახლდათ და ერთხანს ბათუმში მსახურობდა. ეს ამბავი, რაზეც მწერალი მოგონებებში მოგვითხრობს, 1896 წელს მოხდა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ამ მოგონებიდან: "გარდაიცვალა ყველასგან დიდად პატივცემული და შეყვარებული მოღვაწე გაბრიელ ეპისკოპოზი. ზამთარი იყო სასტიკი, გარდამეტებული თოვლიანი ისე, რომ ყოველივე მისვლა-მოსვლა შეიკრა და მოისპო. თვეზედ მეტი ესვენა ქუთაისის სობოროში, რადგან გელათში მისი წასვენება ყოვლად შეუძლებელი იყო და სოფლებიდანაც ხალხი ითხოვდა, რომ გასვენება გადაედოთ იმ დრომდე, სანამ გზები არ გაიხსნებოდა და ხალხს მიეცემოდა საშუალება დასწრებოდა საყვარელ მოძღვრის გასვენებას. თვენახევრის შემდეგ შესაძლებელი გახდა მიცვალებულის გასვენება გელათის მონასტერში. გასვენებაზედ დასასწრებად ყოველი მხრიდან აუარებელი ხალხი მოემართებოდა ქუთაისისკენ რკინიგზითაც და სასოფლო გზებითაც. გელათის სადგურთან სოფლებიდან ჩამოსული ზღვა ხალხი სოფელ-სოფელ ჯარებივით იდგა მინდორში, სადგურზედ საგანგებო მატარებლები ერთი მეორეზედ მოდიოდა ხალხით გავსილი. პირველმა მატარებელმა მოასვენა მიცვალებული. თბილისიდან წინა დილით ჩამოვიდნენ ილია ჭავჭავაძე, ვანო მაჩაბელი, აკაკი წერეთელი და მრავალი წარჩინებული მოღვაწე. მწირველი იყო თბილისიდან ჩამოსული ეგზარქოსი ვლადიმერი...
გათახსირებულმა, ჭუჭყიანმა გაზეთმა "ჩერნომორსკი ვესტნიკმა" ვერც ახლა შესძლო დაემალა თავისი გათახსირებულობა და ყოვლად უგვანო, ყოვლად შეუწყნარებელი წერილი მოათავსა თავის ფურცელზედ ამ გასვენების შესახებ...
ბატალიონის კანცელარიაში ვიყავი, ეს რომ წავიკითხე. ძლივს გავათავე წაკითხვა, მივვარდი გადამწერთა ოთახში ტელეფონს". მოკლედ, დავითმა რედაქტორი პალმი დუელში გამოიწვია.
როგორც გაირკვა პლამი ისე შეშინდა დააბეზღა კიდეც კლდიაშვილი. ვინაიდან, დუელები კანონით აკრძალული იყო, მწერლისთვის შეიძლებოდა პასუხი მოეთხოვათ. თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გენერალმა დაიბარა კლდიაშვილი, ყველაფერი წვრილად გამოკითხა და აღუთქვა, რომ პლამი მოიბოდიშებდა ოღონდ კი მწერალს დუელზე უარი ერთქვა. "მეორე დღეს საკრებულოს ზალაში თავშეყრილი აფიცრების წინაშე პალმმა ჩემთან ბოდიში მოიხადა და აღმითქვა, რომ გაზეთში დანიშულ ადგილას მოათავსებდა საბოდიშო წერილს“, - წერს კლდიაშვილი.
საქართველოში ყოფნის დროს ესენინმა პოეტი რაულ გოგოხია გაიცნო, რომლითაც ძალიან მოიხიბლადა ლექსების თარგმნას შეჰპირდა. მოგვიანებით ტიციანს ჰკითხა მის შესახებ. "ტიციანმა უთხრა, რაულ გოგოხია პოეტი საერთოდ არ არის, სპეკულიანტიაო“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.
საბოლოოდ, ესენინმა გოგოხია დუელში გამოიწვია. მაგრამ გოგოხიას სეკუნდანტმა რომ უთხრა, ეგ ისე ისვრის, გაფრენილ ჩიტს კლავსო, შეშფოთდა (არადა, გოგოხიამ სროლა თურმე სულ არც იცოდა) და მეზობელ ჩეკისტთან გამოსამშვიდობებლად შევიდა.
საქმე იმით დასრულდა, რომ ჩეკისტი გოგოხიას სეკუნდანტების დასაპატიმრებლად გავარდა, შესაბამისად, დუელიც არ შედგა.
1908 წელს იდგა, თბილისის რომელიღაც კლუბში, ოფიცერ აკიმოვს სასაცილოდ აუგდია ქართველები და მასთან მოსაუბრე ნიკო ლორთქიფანიძე, რომელსაც ეს ვერ მოუთმენია და სილა გაუწნავს. ოფიცერთა დაუწერელი კანონის მიხედვით, თუ აკიმოვი სამაგიეროს არ გადაუხდიდა, ან თავი უნდა მოეკლა, ან სამუდამოდ უნდა გადაკარგულიყო. ცხადია, მან ქართველი პროზაიკოსი დუელში გამოიწვია. როდესაც უნდა ესროლათ, სეკუნდანტებმა ნიკო გააფრთხილეს, გვერდულად დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ოფიცერი იარაღს კარგად ხმარობდა, ნიკომ მეტოქეს მაინც მკერდი მიუშვირა. ამ ჟესტმა აკიმოვზე ისე იმოქმედა, რომ განზრახ ააცილა. ამის შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძემ საერთოდ ჰაერში ისროლა.
"ბოდიშს ვიხდი, თქვენ სხვა ხალხი ყოფილხართო, თქვა აკიმოვმა და საპასუხოდ თავადაც ჰაერში დაცალა იარაღი “, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.
მწერალ ნიკო ლორთქიფანიძისთვის ეს მეორე დუელი იყო, პირველი კი დუელი ავსტრიაში შედგა. მეგობრებმა ნიკო მთელი ღამე ამეცადინეს და რამდენიმე ილეთი ასწავლეს. მოხდა სასწაული - მსუბუქად დაჭრა მეტოქე, რომელაც დუელის შემდეგ დაუმეგობრდა თურმე.
მწერალი კონსტანტინე გამსახურდია 1926 წ. დაიჭირეს “შპიონაჟის” ბრალდებით, ჯერ მოსკოვის ლუბიანკის და ბუტირკის, მერე კემშისა და ლენინგრადის ციხეებში იჯდა, ბოლოს - სოლოვკის არქიპელაგის "კონცლაგერში" გადაიყავნეს, საიდანაც 1927 წელს, ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს. როგორც ამბობენ, სწორედ აქ შედგა მისი დუელი, როდესაც ქართველების შეურაცხყოფისთვის პოლკოვნიკ სეროვს თურმე ხმლით შეებრძოლა.
ასევე ცნობილია მისი დუელი იოსებ მჭედლიშვილთან მას მერე, რაც მან მწერლის ენა დაიწუნა და დაუსაბუთებლად გაკენწლა. მომხდარიდან მეორე დღეს ორივე შეიარაღებული მივიდა მწერალთა სახლში თურმე, თუმცა საქმე სროლამდე არ მისულა...