ავტორი:

"თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი... ამიტომ გაიარეთ და გადით" - ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელი ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან გააძევა

"თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი... ამიტომ გაიარეთ და გადით" - ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელი ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "ტვ პირველის“ დირექტორი ვატო წერეთელი გააძევა ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხს განიხილავენ.

ოხანაშვილის გადაწყვეტილება ვატო წერეთლის განცხადებას მოჰყვა, რა დროსაც წერეთელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "მავნე“ უწოდა.

ანრი ოხანაშვილმა წერეთელს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ "უზრდელი ადამიანია“.

"თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი, ამიტომ გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან. როდესაც ზრდილობას ისწავლით, შეგიძლიათ შემოხვიდეთ. თქვენ ხართ მავნე და უზრდელი, ამიტომ გაიარეთ და გადით“, - მიმართა ოხანაშვილმა ვატო წერეთელს.

რაც შეეხება წერეთლის განცხადებას, სიტყვით გამოსვლისას მან აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების შედეგად ქართული სპორტის მოსალოდნელ ზარალზე ისაუბრა.

"ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართულ სპორტს მოაკლდება ძალიან დიდი დაფინანსება. გამოდის, რომ ჩვენ ჩვენს სპორტსმენებს ვტოვებთ ბირჟის, ლოთობის და ნარკომანიის ამარა. თუ მავნებლობა არ არის ეს, რა დააშავა ქართულმა სპორტმა და სპორტსმენებმა. ათიათასობით სპორტსმენი გვყავს, ასობით მილიონი ლარი უნდა გამოაკლდეს ქართულ სპორტს. ამხელა ფული უნდა მოაკლოთ სპორტსმენებს და დატოვოთ ნარკომანიის და ლოთობის ამარა.

დაჩქარებული წესით განხილვა რა არის, თუ არა მედიის ჩაწიხვლა. მოდის ახალი წელი, მედიებმა წლის განრიგი და ბიუჯეტი უნდა შეადგინონ. ჰოპ-ჰოპ, უცებ შევიკრიბოთ და განვიხილოთ, რა არის, თუ არა მედიის ჩაწიხვლა“,- განაცხადა ვატო წერეთელმა.

სხდომიდან გაძევებამდე ოხანაშვილმა ვატო წერეთელს ზრდილობისკენ მოუწოდა და გაფრთხილება მისცა იმის თაობაზე, რომ წესები დაეცვა. ოხანაშვილის მხრიდან გაფრთხილება წერეთლის შემდეგ განცხადებას მოჰყვა: "თქვენ თუ გითამაშიათ, ბატონო ანრი? არასდროს? ან "კრისტალზე“, ან "აჭარაზე“. რომელი გირჩევნიათ?“.

"ბატონო ვატო თქვენ ხართ კომიტეტების სხდომაზე და მგონია, რომ წესები თქვენთვის ცნობილია. მოგიწოდებთ ზრდილობისკენ. დამშვიდდით. შეკითხვა დაუსვით მომხსენებელს. მოგიწოდებთ, მშვიდად განაგრძოთ შეკითხვების დასვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთლისადმი მიმართვისას.

ცნობისთვის, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში.

ამ მიმართულებით ცვლილებები ორ კანონში - “რეკლამის შესახებ“ და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ხორციელდება.

კერძოდ, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის რეკლამის გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ - აღნიშნული რეკლამა იმ ვებ-გვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის მოწყობა;

აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობაა.