ავტორი:

"მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი" - თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის  მინისტრობის კანდიდატებზე

"მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი" - თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის  მინისტრობის კანდიდატებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის რომ აკეთებდეს არჩევანს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებზე, მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, არჩილ თალაკვაძეს დაუჭერდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, არჩილ თალაკვაძე ძალიან გამოცდილი კადრია, კარგად ფლობს მედიცინაში თანამედროვე მიმართულებებს და ახასიათებს ინოვაციური მიდგომებისადმი ნიჭი.

„მე ზუსტად არ ვიცი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ვინ განიხილება. მე არ ვმონაწილეობ ამ კონსულტაციებში. თქვენ ბრძანეთ ლევან რატიანი და არჩილ თალაკვაძე. ორივე შესანიშნავი კანდიდატურაა. ლევან რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როდესაც ვთქვი, რომ მინისტრობისთვის მზად არ არის, ვიგულისხმე ის, რომ წარმატებული ექიმია და ქვეყანას დღეს უფრო სჭირდება იქ, სადაც არის. კორონავირუსთან მუშაობის ძალიან სერიოზული სეგმენტი უჭირავს, ძალიან ახალგაზრდაა, მინისტრობაც და ყველაფერიც წინ აქვს. ის ძალიან კარგი კანდიდატურაა, ჩემი მეგობარია.

ამ ეტაპზე, მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი. არჩილს ბევრი ღირსება აქვს. ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში ხელმძღვანელ სამუშაოებზე. ის კარგად ფლობს მედიცინაში თანამედროვე მიმართულებებს. მისთვის დამახასიათებელია ინოვაციური მიდგომებისადმი ნიჭი, თავის დროზე C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებულ პროგრამას სტიმული მისცა მისმა ინოვაციამ, როდესაც საპატიმროებში დაამუშავა პროგრამა და დანერგა C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამა. ეს კი შემდგომში გადაიზარდა გრანდიოზულ პროგრამაში, რომელმაც 75 ათასი კაცი განკურნა. არჩილს ძალიან ბევრი თვისება აქვს, რომელიც ვფიქრობ, დღევანდელ რთულ პერიოდში ძალიან გამოადგება. თუ ძალოვან სტრუქტურებს არ ჩავთვლით, ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა, განსაკუთრებით პანდემიის დროს.

თქვენი კითხვის საპასუხოდ აღვნიშნავ, რომ მას გულწრფელად ვუჭერ მხარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვფიქრობ, ის იქნება მინისტრი. მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია“, - აღნიშნავს ცერცვაძე.